უნივერსალური ენა და მე

მე და მუსიკა იმ დღეს დავმეგობრდით, როცა პირველად დავდგი სცენაზე ფეხი. სწორედ იმ დღეს, როცა ხალხს ვუმღერე დიდი სცენიდან , მე კიდევ ერთი ენა ვისწავლე - უნივერსალური ენა და ახლა მიკვირს, როგორ ვარსებობდი მის გარეშე. წარმოიდგინეთ, ეს იგივეა,  მშობლიურ ენაზე რომ ვერ საუბრობდეთ..

თქვენ, ალბათ , ფიქრობთ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. მე კი დღემდე მახსოვს, როგორ ვიდექი სმენადახშული ფარდებს მიღმა და მხოლოდ საკუთარი გულისძგერა მესმოდა. მაშინ პირველად შემეშინდა ასე ძალიან ნაბიჯის გადადგმა და უკან დახევა გადავწყვიტე, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. არ მქონდა უფლება, ვინაიდან სწორედ იმ დღეს მქონდა შანსი, რომ გამეგო, როგორია უმღერო ხალხს, აკეთო საყვარელი საქმე.

ფაქტია, რომ ნერვიულობა ძალიან მეტყობოდა. მახსოვს, როგორ მოვიდა ნიკო ბერიძე დასამშვიდებლად და მითხრა: "ეს ემოცია არასდროს გაივლის. ეს არის ერთადერთი , რასაც დრო ვერ ერევა, ვინაიდან ყოველ ჯერზე, როცა სცენაზე ფეხს დადგამ , ისევე ინერვიულებ , როგორც დღეს  და ეს ნორმალურია."

უკან დახევა ნიშნავდა საკუთარი თავის ღალატს , მე კი მოღალატე არ გახლავართ, ამიტომ ძალები მოვიკრიბე და  როგორც კი ჩემმა სახელმა გაიჟღერა ,მაშინვე სცენაზე გავედი. დავდექი სცენის შუაგულში და ვიგრძენი როგორ დავკარგე უცებ წონასწორობა და წავბორძიკდი. შუქი ისე ძლიერად მანათებდა თვალებში, რომ ვერაფერს და ვერავის ვხედავდი. სიმღერა დავიწყე , მორიდებულად, შეშინებულმა და ვგრძნობდი მიკროფონი როგორ ძლიერად მეჭირა, რომ არ დამვარდნოდა ხელიდან. თითქოს კანქვეშ მილიონი ჭიანჭველა ერთად ფუსფუსებდა და მოსვენებას არ მაძლევდა , ყველაფერი მეწვოდა- სახე, თითები, მუცელი. მაგრამ! ეს იყო შესანიშნავი გრძნობა, ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი დღე ჩემი ცხოვრებისა. არ ვიცი,  რამდენად შეამჩნია მსმენელმა ჩემი აღელვება, მაგრამ ხალხმა მაგრძნობინა, რომ მე მარტო არ ვიყავი. მათგან წამოსული აპლოდისმენტები იყო დასტური იმისა, რომ მათ მოეწონათ . დასტური იმისა, რომ მე მივაღწიე საწადელს- მე ეს შევძელი.

ამ დღეს მე ვეზიარე სულ სხვა სამყაროს.

ამ დღეს მე გავიზარდე როგორც პიროვნება.

ამ დღეს მე ვიპოვე საკუთარი თავი.

სიმღერა
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ