ცხელი ზაფხული პირბადეებით

      ყველა თანხმდება იმაზე, რომ პირბადის გარეშე სიარული და მგზავრობა უფრო სარისკოა, ვიდრე მისით გადაადგილება. თუმცა, როდესაც ქალაქის ტემპერატურა მაქსიმალურს აღწევს, არა მხოლოდ ცხელ ამინდთან გიწევს გამკლავება, არამედ შენს ცხვირთან არსებულ პირბადესთანაც, რომლის ტარებაც სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება საზოგადოებისთვის.

 

    ტრანსპორტისა და დახურული სივრცეების გარდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს აფრთხილებს,რომ პირბადის მოხმარება ქუჩაშიც აუცილებელია დაავადების შესაძლო რისკების ასაცილებლად.

    თუმცა მოსახლეობის მხრიდან გაიზარდა პროტესტის გრძნობა და საჩივრები, რომ სიცხეში, დახურულ სივრცეში, პირბადის ტარება მათ ჯანმრთელობას ვნებს და სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელია.

 

რას ამბობენ ექსპერტები?

 

    ექიმი იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე განმარტავს, რომ ნახშირორჟანგი პირბადის ქვეშ არ გროვდება და, შესაბამისად, პირბადის ტარების დროს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ჩასუნთქვა არ ხდება.

    თუმცა  მაღალი ტემპერატურის დროს ადამიანი ოფლიანდება, ბაქტერიების წყარო ხდება, ამიტომ პირბადის შეცვლა აუცილებელია. ერთჯერადი სამედიცინო პირბადე სიცხეში ყოველ 20-30 წუთში უნდა შეიცვალოს.

   „ნიღბის შიგნით დახუთულობას იწვევს ჰაერი, რომელიც ჯერ კიდევ შიგნითაა მოქცეული. ჩვეულებრივ სუნთქვა ორგანიზმს ეხმარება გაგრილებაში, მაგრამ როდესაც ვატარებთ სქელ პირბადეს ზაფხულის სიცხეში, ეს იწვევს ტემპერატურის მომატებას და ტენიანობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროს გაგიჭირდებათ სუნთქვა, პირბადე ცხელი ამინდში გარედანაც გადახურებულია“– ამბობს ექიმი და ვირჯინიის ინფექციური დაავადების კონტროლის პროფესორი რიჩარდ ვენსელი.

 

   აქვეა მისი რეკომენდაცია ასეთ დროს:

 

„თუ გრძნობთ, რომ ვეღარ სუნთქავთ, უბრალოდ მოიხსენით ნიღაბი, მაგრამ დარწმუნდით, რომ სხვებისგან მინიმუმ ორი მეტრის დისტანცია გაშორებთ. დაჯექით ჩრდილში, მიიღეთ სითხე“.

   მთავარი რეკომენდაცია მაინც აუცილებლობის არქონის შემთხვევაში სახლში დარჩენაა. გარდა დაინფიცირების, უახლოეს დღეებში ქალაქში ტემპერატურის მომატებასაც ვარაუდობენ. აგრეთვე, გარეთ გასვლის შემთხვევაში აუცილებელია განისაზღვროს რომელი ტიპის პირბადე უნდა ვიქონიოთ თან.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ