თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი მკაცრდება!

 

  2017 წელს მიღებული კანონი მკაცრდება და 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და სხვა დაწესებულებებში. კანონის დამრღვევი დაწესებულება პირველ ეტაპზე 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1000 კარით დაჯარიმდება. 

  თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები ) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ -ს 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოს კონტროლის ოთხი ( თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3,6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუინვესტიციის სახით ქვეყანა იღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში .  

 

   2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ( კანონები: თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით.

   ძირითადი ცვლილებები ეხება თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესების გამორიცხვას და თამბაქოს მწარმოებელთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების/პირების ურთიერთობის გამჭირვალობას ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადების, მიღების და დამკვიდრების პროცესში; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას 2018 წლის 1 მაისიდან; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე 2018 წლის სექტემბრიდან.

   გასულ წელთან შედარებით საზოგადოების შეხედულება ამ კანონთან  დაკავშირებით შეცვლილია და ახლა უფრო მეტი მწეველი თუ არამწეველი ეთანხმება ამ კანონს. 

    ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, როდესაც კანონი მიიღეს, წინასწარ  იქნა ჩატარებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით და 80% უჭერდა მხარს შენობებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას, აქედან 60% მწეველების. რაც შეეხება ისეთ ადგილებს, სადაც მოსაწევი ზონებია გამოყოფილი იქაც აიკრძალება მოწევა, რადგან როგორც ბატონმა აკაკიმ განმარტა ასეთი ზონების გამოყოფა არის ილუზია, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია წლების განმავლობაში პრომოუშენს უკეთებდა მსოფლიოს მასშტაბით, რომ თითქოს შეიძლება ერთი და იგივე შენობაში იყოს მოსაწევი ზონა მწეველებისთვის და არამწევლებისთვის, სინამდვილეში ასეთი რამ არ არსებობს, რადგან არცერთ გამფილტრავ საშუალებას შეუძლია შეაკავოს 7000-მდე ნივთიერება, რომელიც თამბაქოს კვამლშია. აქედან 270 ტოქსინია და 69 კანცეროგენი.  არამწეველთა ზონაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაშვებულ ნორმას  20-30-ჯერ აჭარბებს  იქ არსებული ნივთიერებების შემცველობა ჰაერში. ასე, რომ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს აუცილებელია დახურულ შენობაში თამბაქოს მოწევის  სრულად აკრძალვა. 

   საზოგადოებრივი აზრის, ასე ვთქვათ შესამზადებლად ტარდება კამპანიები, ასევე სამასპინძლო ბიზნესი ანუ კაფე-ბარები და რესტორნები მზად არიან ამ კანონისთვის. არამწეველი მოქალაქე უნდა გამოვიდეს შენობიდან და გარეთ მოწიოს. ამისათვის მათ აქვთ მთელი საქართველოს სივრცე დატოვებული.  დღეისათვის სასტუმროების 20% ში არის დაშვებული თამბაქოს მოწევა, ხოლო 2020 წლიდან სრულად აიკრძალება როგორც სასტუმროებში ისე ღია სტადიონებზეც.  

   ბატონი  აკაკი  მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმასაც, რომ 2020 წლიდან შემოვა სადა შეფუთვა, რაც გულისხმობს, რომ ყველა ბრენდის სიგარეტი იქნება ერთნაირ  შეფუთვაში, რომელზეც მხოლოდ ბრენდის სახელი ექნება დატანილი. ცნობილია, რომ ეს ხელს უწყობს თამბაქოსადმი მიზიდულობის შემცირებას ახალგაზრდებში.

   2021 წლიდან აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობასაც და თამბაქოს  ნაწარმი არა გამჭირვალე ბოქსებში, არამედ შენიღბულ სივრცეში განთავსდება.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ