ბორჯომში, სოფელ დგვარში, 348 ოჯახიდან მხოლოდ 60 შემორჩა. დამეწყრილ სოფელში ათეულობით სახლია მიტოვებული, დარჩენილები კი შიშით ცხოვრობენ.
ბორჯომში, სოფელი დგვარში, მეწყერის გამო, ათობით სახლი დაინგრა, ხეები შუაზე გაიგლიჯა, ნაკვეთები წყლის გუბედ იქცა და საფლავები დაზიანდა.
ნელ–ნელა დგვარელებმა სოფლის დატოვება დაიწყეს. თუმცა, სოციალური მდგომარეობის გამო, სოფლიდან წასვლის საშუალება ბევრს არ აქვს. ამიტომ, სოფელში დარჩენილები, როგორც თავად ამბობენ, სიკვიდილის შიშით იძინებენ.
გეოლოგები ამბობენ, რომ სოფელი ნებისმიერ წუთს შეიძლება მოწყდეს.
დგვარში, სადაც ერთ დროს 348 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 60 ოჯახი შემორჩა.
სოფელში მეწყერი განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში გააქტიურდა, ვისაც სოფლიდან წასვლის საშუალება არ აქვს, კედლებს შიგნიდანაც და გარედანაც ბოძებით ამაგრებს.

დასკვნა იმის შესახებ, რომ სოფელი წყალზე დგას, აქ მცოცავი ქანებია და სოფლის გასახლება აუცილებელია, თანაც დაუყოვნებლივ, სამჯერ დაიწერა. თუმცა ამ დრომდე მთავრობას არცერთი ადგილობრივი არ გაუსახლებია.
ამიტომ ბინის ყიდვა მხოლოდ მან შეძლო, ვისაც სახლში რაიმე ჰქონდა გასაყიდი და მთავრობის ფულს თავისიც მიაშველა. დგვარელების დიდმა ნაწილმა სოფლის დატოვება ვერ შეძლო.
2005 წელს სოფელში გადასახლების მიზნით კომპენსაციები დარიგდა. დგვარში მცხოვრებლებს კომპენსაცია იმ ბინების ფართობის მიხედვით მისცეს, რომლებშიც ცხოვრობდნენ. საშუალოდ, კვადრატულ მეტრში მათ 78 ლარი გადაუხადეს. თუმცა, ამ დროისთვის ბორჯომში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 150 ლარს აღემატებოდა.
დგვარი გამონაკლისი არ არის. მეწყერი რეგიონში მიგრაციის საკმაოდ სერიოზული მიზეზია. გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 68 მეწყერსაშიში ადგილია: 18 – ბორჯომში , 18 – ადიგენში; 22 – ახალციხეში და 10 – ასპინძაში.



ხელისუფლება დგვარიდან მოსახლეობის გამოსახლების თემას არ განიხილავს. არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და არც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ასეთი საკითხი არ მუშავდება. მიზეზად თვითმმართველობაში უკვე გაცემულ კომპენსაციებს ასახელებენ.
„წინა ხელისულფების დროს, დაახლოებით 10 წლის წინ, დგვარში კომპენსაცია ყველამ მიიღო იმ პირობით, რომ სოფელს დატოვებდნენ. ეს ნოტარიულადაც გაფორმდა. ადგილობრივებს ეს პირობა უნდა შეესრულებინათ, მაგრამ არ შეასრულეს, ახლა კი ეს საკითხი საჯილდაო ქვად გახადეს“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.
დამეწყრილ დგვარში, წყალზე მცხოვრებ ოჯახებს, ერთდერთი იმედი აქვთ – მეწყრული პროცესები შეჩერდეს. თუ ასე არ მოხდა, მალე სოფელში დარჩენილი 60 ოჯახიც იძულებული გახდება თანასოფლელების ბედი გაიზიაროს, დგვარი კი მიგრაციის გამო გაუკაცრიელებული სოფლების სიაში ჩაეწერება.