სოფელი სარო - უნიკალური არქიტექტურის კერა
ნარკვევი
კულტურული მემკვიდრეობა

 

ჩვენს ქვეყანაში ბევრი ლამაზი სოფელია. მათი უმრავლესობის ისტორია ათასწლეულის წიაღიდან მოდის. მსოფლიოში ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა მსგავს ადგილებს უდიდეს ისტორიულ და ტურისტულ მნიშვნელობას მიანიჭებდა, მაშინ, როცა ჩვენთან ისინი, ხშირ შემთხვევაში, მოუვლელი და გაპარტახებულია. თუმცა, მსოფლიოში ასეთი ადგილები ძალიან ცოტაა, მაშინ როცა საქართველოში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ისტორია თვლემს. ჩვენთან მრავლად შეხვდებით ნასოფლარებს და ნასახლარებს. ნეტა, ეს გვაძლევს იმის უფლებას, რომ ირგვლივ მიმოხედვის გარეშე ვიაროთ და ყურადღების მიღმა დავტოვოთ მსგავსი ადგილები?

რამდენიმე ხნის წინ ჟურნალში წავაწყდი ინფორმაციას ერთი-ერთი ასეთი უძველესი და ულამაზესი სოფლის შესახებ და გამიჩნდა სურვილი, უფრო უკეთ მენახა ის და შემდგომში მკითხველისთვისაც გამეცნო მისი ისტორია.

ეს სოფელი საროა. ის მესხეთ-ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანზე მდებარეობს და ცოცხალ ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს. ამავდროულად, გარდა არაერთი კულტურული ძეგლისა, სოფელი იმითაც გამოირჩევა, რომ დღემდე ძირძველი მესხებით არის დასახლებული. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში მხოლოდ 162 კაცი ცხოვრობს. თუმცა, დღეს მათი უმრავლესობა ქალაქებშია და სოფელი თითქმის ცარიელია.

 

დილით ადრე გავუდექით ჯავახეთის გზას, გვინდოდა დროულად ჩავსულიყავით და ყველაფრის დათვალიერება მოგვესწრო. ბევრმა ადგილობრივმა მოგვცა რჩევა იმის შესახებ, რომ მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სოფელში ხშირად წვიმს და ნისლია. ამის გამო, მაქსიმალურად ვჩქარობდით.

წინასწარ დავუკავშირდით ადგილობრივ ისტორიკოსს, და ამავდროულად ახალციხის ძეგლთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელს, ბატონ რეზო ანდღულაძეს, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა, გაგვყოლოდა სოფელში და დაგვხმარებოდა. ბატონ რეზოს ახალციხეში უნდა შევხვედროდით. ჯავახეთისკენ გადახვევისთანავე იგრძნობოდა კუთხის განსხვავებულობა და უნიკალურობა. ყველაზე მეტად ჩიტებმა გაგვაკვირვეს, ისინი ხომ ასე დაბლა დაფრინავდნენ. ან, შესაძლოა, ჩვენ ვიყავით ზედმეტად მაღლა.

ახალციხეში ჩასულებს მასპინძელი ისტორიკოსი სიხარულით მოგვეგება და დროის დაკარგვის გარეშე გავუდექით გზას.

იქიდან გამომდინარე, რომ ახალციხეში პირველად ვიყავით, ბატონმა რეზომ ძალღონე არ დაიშურა, რომ ახალციხიდან სარომდე მიმავალი ახალციხე-სარო-ხიზაბავრას გზა ჩვენთვის მაქსიმალურად საინტერესო და ინფორმაციული ყოფილიყო.

ვნახეთ შალვა ახალციხელის ტაძრის მშენებლობა, ძველი ლომსიის დასახლება, ყულების ციხე... თითოეულ მათგანზე ვრცელი ისტორია მოვისმინეთ ადგილობრივი ისტორიკოსისგან.

„ჯერ კიდევ ჩემ ბავშვობაში ყულაბის ციხეს 1-1.5 მეტრის სიმაღლის პატარა კედლები ჰქონდა შერჩენილი და ეგეც მოსახლეობამ გაძარცვა და დაანგრია,“ - გულისტკივილით იხსენებს ისტორიკოსი. 

ბატონი რეზო დეტალურად გვაცნობს კუთხის ახლანდელ მდგომარეობას, ასევე მის ისტორიულ წარსულს. ამასობაში ახალციხიდან გავედით. გზას, რომელსაც მივუყვებოდით, თავზე ბუმბერაზი, დანისლული მთები დაჰყურებდნენ. ვათვალიერებდით იმ ადგილებს, სადაც ოდესღაც ადამიანს უცხოვრია. დღეს კი იქ, რიგ შემთხვევებში, გარემო პირობების გამო, ხოლო, ზოგჯერ, შიდა და გარე მტრის დამსახურებით, მხოლოდ ნასახლარები, ნაეკლესიარები და ნაციხარებიღა შემორჩენილა.

„მტკვრის ხეობაში, 400 წლის წინ, 60 კილომეტრიან ზოლში იყო 64 სოფელი, ახლა მხოლოდ 11 სოფელი გვაქვს დარჩენილი,“- აგრძელებს თხრობას ისტორიკოსი.

 „კლდეები იყო ისეთი, რომ ყველა სოფელს თავისი  სამალავი ქონდა,“ - საუბრის პარალელურად მიგვითითებს იმ მთებზე, რომლის გასწვრივ მდებარე გზასაც ჩვენ მივუყვებით.

გზად ჩავუარეთ სოფელ რუსთავს, რომლის სახელიც შოთა რუსთაველთანაა დაკავშირებული. მასზე უამრავი ლეგენდა და გადმოცემა არსებობს. ჩვენც მოვისმინეთ ერთ-ერთი ვერსია: თურმე, ადგილობრივ მაცხოვრებელ ქალს ძალზედ ჰყვარებია შოთა, თუმცა, თამარ მეფის ბრძანებით, შოთასთვის სხვა ქალი შეურჩევიათ ცოლად, რის შედეგადაც ვაჟის ფორმაში შემოსილმა ქალმა შოთა ბრძოლაში გამოიწვია. რაღა თქმა უნდა, ის ბრძოლაში დამარცხებულა, სიმართლის გაგების შემდეგ კი შოთა ამ კუთხიდან გადახვეწილა.

 „70-იან წლებში იმისთანა უნიკალური ბაღები იყო აქ, გაგაკვირვებდა. ახლა ხე აღარ დარჩა საჩრდილობელი,“ - გულდაწყვეტით გრძელდება თხრობა. რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვა, სად გაქრა ის უნიკალური ხეხილის ბაღები, რომელთა შესახებაც ასე სევდიანად საუბრობდა ჩვენი მასპინძელი. „ადამიანი კვდება, ბაღის განადგურება ვიღას უკვირს... ვერ მოუარეს, არ მოუარეს, შემდეგ პრივატიზაცია წავიდა, მერე ზოგმა ხილს ბოსტნეული ამჯობინა საქმის სიადვილის გამო, აი, ასე ნელ-ნელა მოვედით აქამდე...“

ბუნებრივია, ასეთ კუთხეში ყოფნისას ტურიზმზე და ტურისტებზე საუბარს ვერ ავცდებოდით. 

„დღეს კუთხეს მრავალი ტურისტი სტუმრობს. ადგილობრივები სიხარულით უწყობენ ტურიზმის განვითარებს ხელს. უკვე ამ ტრასაზე ზოგს სასტუმრო აქვს გაკეთებული, ზოგს რესტორანი. მოსახლეობა ოჯახურ პირობებში ამზადებს ტურისტებისთვის საინტერესო ნუგბარს, ტყლაპებს, ჩურჩხელებს, ჩირს, განსაკუთრებით მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა  თუთისაგან დამზადებულ ტკბილეული.“

საუბარი ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიურ მრწამსსაც შეეხო:

„აღმსარებლობის მიხედვით, ძირითადი ნაწილი მუსლიმანია, თუმცა მათი რელიგიური მიმდევრობა არავის ხელს არ უშლის. ლოცულობენ და არიან.“

ადგილობრივი ისტორიკოსის თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა, მისი სიყვარული და ერთგულება საკუთარი კუთხისადმი. რიგ საკითხებში, რომლებშიც, შესაძლოა, არსებული მდგომარეობით კმაყოფილი სულაც არ ყოფილიყო, ნეგატიურ კომენტარს მაინც არ აკეთებდა.

ჩვენი მასპინძლის ყურადღება იშვიათი ჯიშის ვაზის სახეობებს შეეხო, რომელიც მტკვრის ხეობაში ყოფილა გაშენებული. გზად წავაწყდით ტერასებს, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა ვენახის გაშენებას გეგმავს. მასზე ბატონი რეზო დიდი სიამაყით ყვება:

„ტერასები, რა თქმა უდნა, მარტო ჩვენთან არა, სხვა ქვეყნებშიც შენდება, თუმცა ჩვენ ჩვენი გვიხარია, რომ აღდგება. ადრე ისინი ისეთი სიზუსტით ყოფილა გაკეთებული, ერთი წვეთი წყალიც რომ წამოვიდოდა ზევიდან, არხებში ტრიალებდა, ბოლომდე ჩადიოდა და ასე მთელი ვენახი ირწყებოდა“.

სოფლისაკენ მიმავალს, გაგვიჩნდა კითხვა, თუ რა მდგომარეობაა საროში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. საროც, როგორც სხვა ბევრი სოფელი, ნელ-ნელა იცლება. 

„სოფელი ადამიანივითაა, იბადება, იზრდება, მერე ცარიელდება და კვდება. პატარა სოფლიდან დიდ სოფელში მიდიან, დიდი სოფლიდან - პატარა ქალაქში, პატარა ქალაქიდან - დიდ ქალაქში, და აი ასე... გეოგრაფიულად ადამიანები ასე მოძრაობენ.“

ამასობაში სოფლისაკენაც გადავუხვიეთ. მასპინძელმა შეგვაჩერა და ნიჯგორის დარნები, ანუ  მიწისქვეშა ოთახი დაგვანახა, ზემოდან დანახული ეს ულამაზესი ხედები ერთობ ემოციური აღმოჩნდა.

სოფელში ასულებს, ბატონმა რეზომ ადგილობრივ ისტორიკოსთან გასაუბრება შემოგვთავაზა.

„სჯობს, პატივი ვცეთ ადგილობრივს და მას მოვაყოლოთ ისტორია,  რადგან მის სოფელში შემოვდივართ.“

სოფლის განაპირას ისტორიკოსი ოთარიც ლონდარიძე შემოგვიერთა, რომელმაც მოგვითხრო საროში მდებარე მონოლითების შესახებ, რომლებიც მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოში უნიკალურ ნაგებობას წარმოადგენს. სამი ციხე მშრალად დაწყობილი ქვებითაა ნაშენი და არაფრით ჩამოუვარდება ეგვიპტურ უზარმაზარ პირამიდებს. ეს ციხეები ძველი წელთაღრიცხვით III-II ათასწლეულებს ითვლის.

„სამცხეს მესხეთის ერთ-ერთი კუთხეს ეძახიან. სახელწოდება ტოპონიმიკით  სამ ციხეს უკავშირდება. კუთხის სახელიც, შესაძლოა, ზუსტად ამ სამი ციხიდან მომდინარეობდეს“.

სოფელის განაპირა ზოლიდან შუაგულისკენ გავემართეთ. აქ საუბარი ვერ ასცდა  ნაგებობების უნიკალურ არქიტექტურას,  შენების ტექნიკას და მის განსხვავებულობას. მესხურ საცხოვრებლებს, იმის გამო, რომ ზემოდან მიწა ეყარა, დაარქვეს გომური. გასაკვირია, რომ  ამ სახლებს ფანჯარა მაღლა აქვს, ცის გარდა, სხვა არაფერი  ჩანს.

 

ამასობაში მივადექით მესხურ დარბაზებს,  რომელთა კულტურული ძეგლების სიაში შეყვანას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. არადა, მართლაც რომ უნიკალურ ნაგებობებს წარმოადგენენ.

თავდაპირველად  ასპანიძეების საცხოვრებელი დარბაზს ვესტუმრეთ.

„ეს დარბაზი, როგორც საროს უხუცესი ასპანიძეები ამბობენ, ჯერ კიდევ მაშინ აშენებულა, როცა პირველი ასპანიძე მოსულა 1700-იან წლებში აქ საცხოვრებლად,“ -გვიყვება ბატონი რეზო.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესხეთ-ჯავახეთის დარბაზები ქართლის დარბაზებისგან განსხვავდება. მესხურ დარბაზებში ვერ ნახავთ დედაბოძს. აქ დარბაზი ცალკე, კედელზე მიყრდნობილ თორმეტ ბოძზე დგას. მთლიანი ნაგებობა რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომელთა თითოეული ნაწილი ინდივიდუალურობით გამოირჩევა.

ერთ-ერთ მათგანში შესულ ჯგუფს მოულოდნელი სურათი დაგხვდა. მესხური დარბაზი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს 2011 წლიდან ატარებს, თითქმის ჩამონგრეულიყო. გაოცებას ვერც ჩვენი მეგზური, ბატონი რეზო ფარავდა:

„ბოლოს რომ ვიყავი, ეს ცოცხალი იყო,“ - მოულოდნელობისგან წამოსცდა მას.

ნანახით თავზარდაცემულებმა ფრთხილად დავტოვეთ დარბაზები. ბატონმა რეზომ დაგვაიმედა - „აქტიურად მიდის საუბარი საროს დარბაზების აღდგენაზე. გვპირდებიან, რომ წელს დაიწყებენ აუცილებლად გაწმენდით სამუშაოებს“. მოკლედ, ადგილობრივები ხელისუფლებასთან ერთად ამ დარბაზების გაწმენდით სამუშაოებზე საუბრობენ. თუმცა რა დროზეა საუბარი საროში არ იციან.

ეს ადგილი, წესით, ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ცენტრიც უნდა იყოს, თუმცა სოფელში მხოლოდ სამ-ოთხ ადგილობრივს თუ შეხვდებით. საინტერესოა, რატომ არ იჩენს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყურადღებას საროს მსგავსი სოფლების მიმართ? რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ადგილით, სადაც ყველა ქვაში უძველესი ისტორია თვლემს, არავინ დაინტერესებულა.

მსოფლიოში მსგავს სოფლებსა და იქ არსებულ ნაგებობებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და საგულდაგულოდ უფრთხილდებიან, მაშინ, როცა ჩვენთან ეს სოფლები ისეა გაპარტახებული, ადგილობრივებსაც უჭირთ თავის გატანა, შესაბამისად ტურიზმის განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია.

სოფელი, რომელიც იქ დაცული არქეოლოგიური ნიმუშების მიხედვით, ქრისტეშობამდე III-II ათასწლეულშიც არსებობდა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ცენტრი იყო,  დღეს აღარავის ადარდებს, გარდა იმ რამდენიმე ოჯახისა, რომელიც ჯიუტად არ ტოვებს სახლს, რომელშიც გაიზარდა. არადა ჯავახეთის ზეგანზე მდებარე ეს ულამაზესი სოფელი, თითოეული ჩვენგანის ყურადღებას, რომ იმსახურებს, ფაქტია.

ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზე, მაშინ, როცა ასე ახლოს ხარ ცასთან, მხოლოდ ისღა დაგრჩენია, წამით დაივიწყო ნგრევაში მყოფი დარბაზები და დატკბე გარე სამყაროთი.

 

მაისი, 2018

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ