სიბერე ექიმის გარეშე

ელენე ქარქუსაშვილი ცხავერის მკვიდრია. სოფელში მარტო ცხოვრობს. ზღვის დონიდან 1250 მ სიმაღლზე მდებარე დასახლებაში მუდმივად 7 კომლი ცხოვრობს.

 მოხუც ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აქვს, უჩივის თვალისა და ყურის ანთებებს. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს გამოძახებაც არ შეუძლია.

 ,,სოფელში ერთი მე ვარ და მეტი არავინაა, წამლებიც გვჭირდება და ექიმიც. არაფერი აქ არ არის, არც მაღაზია და არც სკოლა, საბავშვო ბაღი, მარტო მოხუცები ვართ" - ამბობს ელენე ქარქუსაშვილი.

 მეზობლები ერთმანეთს ეხმარებიან. ზოგის შვილი დედაქალაქში ცხოვრობს, ზოგის - რუსთავში, კასპში. ამ ზაფხულს ისინიც იყვნენ სოფელში. მედიკამენტების მცირე მარაგი დაუტოვეს. ზამთრამდე წამლის გაგზავნას მოახერხებენ, თოვლის დროს კი, გზები იკეტება.

ციალა თაბუაშვილს, ბოლო რვა თვის განმავლობაში, ჯერ მეუღლე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, შემდეგ მამამთილი გარდაეცვალნენ.

ოჯახის შემადგენლობის კონტინგენტთა შეცვლისა და ინვალიდობის ჯგუფისთვის გათვალისწინებული შემწეობის შეწყვეტის შემდეგ სოციალური დახმარებაც მოეხსნა.

ის ჯერ მხოლოდ 57 წლისაა, პენსიის დანიშვნამდე კი, 3 წელი აკლია.

,,ზაფხულში ცოტა რაღაც თუ მომყავს სახლის წინ და ნაკვეთში, მაგით გამაქვს ზამთარში თავი. ფქვილს ვყიდულობ. ერთ ტომარას შეშაზე რომ ბიჭები დადიან დიდი მანქანებით, იმათ ვაბარებ ხოლმე. პურს ღუმელში ვაცხობ. მაღაზია არ არის აქ. თუ რამე სასწრაფოდ დაგვჭირდება, ფეხით უნდა ჩახვიდე სოფელ ახალციხემდე. გზაში ან მგელი შეგჭამს, ან მგლისფერი." - ამბობს ციალა თაბუაშვილი.

 

70-წლის თამარ გამხიტაშვილი სოფელ ბოჟამში ცხოვრობს.

მეზობლის ჭიდან წყალს ყოველდღიურად ეზიდება. სოფლის წყარო მისი სახლიდან შორსაა. ჭიდან მიტანილ წყალს კი, ეკონომიურად ხარჯავს.


ის სახლში 80-წლის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ცოლ-ქმარმა ნაკვეთში დათესილი ლობიო და პომიდორიც ვერ მოიყვანა. გვალვიანმა წელმა ხეხილსაც შეუქმნა პრობლემა.

ჯერჯერობით, შორი მანძილიდან წყლის მიტანა შეუძლია, მაგრამ, ასაკის გამო, მედიკამენტები და ექიმის დახმარება უკვე ჭირდება.

 ბოჟამი ასევე მთის სოფელია. დასახლებული პუნქტი ფერდობზეა გაშლილი. საღამოს ტურებისა და ძაღლების ხმა მის მშვიდ ძილს აფრთხობს. 30-წლის წინ ამბულატორია ჰქონდათ სოფელში.

 ,,აქ რომ გაუქმდა ამბულატორია, მერე დავდიოდით სოფელ სამთავისში, ახლა იქაც გააუქმეს და უკვე იგოეთში დავდივართ" - ამბობს თამარ გამხიტაშვილი.

 

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ