შემცირდება თუ არა ფოთის პორტში ტვირთბრუნვა ანაკლიაში პორტის აშენებით?

საქართველოს პირველი ნავსადგური შავ ზღვაზე - ფოთის ნავსადგური ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შენდებოდა. ნავსადგური არსებობას ფოთის საპორტო ქალაქად გამოცხადებიდან იწყებს. იგი წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში იყო, თუმცა  წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა და  ახლა კერძო კომპანიის მფლობელობაშია. ფოთის საზღვაო ნავსადგური ,,მაერსკის“  შვილობილმა დანიურმა კომპანიამ ,,ეიპიემ ტერმინალსმა“ შეიძინა.

ფოთის საზღვაო ნავსადგურს მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს.

 ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია,სადაც ხდება ყველა სახის სატვირთო  მომსახურება:  საკონტეინერო, სარკინიგზო  საბორნე, თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავება.კომპანიის ინფორმაციით, ბოლო  5 წლის  განმავლობაში  2012 წლიდან 2016 წლამდე, ფოთის პორტმა  5,974 გემი მიიღო,შესაბამისად საშუალოდ წლის განმავლობაში ფოთის პორტი ამუშავებს 1194 გემს.

2017 წლის 10 თვის მონაცემებით ფოთის ნავსადგურმა 806 გემი მიიღო. გადამუშავდა 5 მილიონ 502 ათასი ტონა ტვირთი, რაც 9,4%-ით მეტია წინა წლის იგივე მონაცემებთან (5,027K MT)  შედარებით.   კონტეინერის ტვირთბრუნვა გაიზარდა 12,1%-ით, 2017  წელს  260 000, წინა წელს კი - 232 000 TEU  კონტეინერი გადამუშავდა.

ფოთის ნავსადგურში მოიჯარე კომპანიების და კონტრაქტორების ჩათვლით სულ 2000-ზე  მეტი  ადამიანია  დასაქმებული,  მათ შორის უშუალოდ  ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“  თანამშრომელი  883  ადამიანია.  ფოთის საზღვაო  ნავსადგურში  თანამშრომელთა საშუალო   ხელფასი 35%-ით  აღემატება  საქართველოში შრომის საშუალო თვიური ანაზღაურებას

 

ფოთის პორტს ანკლიის პორტის სახით ახალი კონკურენტი უჩნდება, ამიტომ მფლობელი მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებას და შესაბამისი სამოქმედო  გეგმის შემუშავებას აპირებს.მათი თქმით, ანაკლიის  პროექტი  სერიოზულ  საფრთხეს  შეუქმნის  ფოთში  სატრანსპორტო  ბიზნესის  წარმოებას,  რაც  ასევე  რისკის  წინაშე  დააყენებს  სატრანსპორტო  ბიზნესში  მონაწილე  ყველა  დაინტერესებული  მხარის საქმიანობას ფოთში.  (მათ შორის, პორტი, კონტრაქტორები, სატვირთო  მანქანების  მძღოლები და  გარე  ტერმინალები) ფოთის საზღვაო ნავსადგურის მენეჯერი კლაუს ჰოლმ ლაურსენი საქართველოში  ახალი, დიდი პორტის მშენებლობის აუცილებლობას ვერ ხედავს. 

 

ქვეყნის ყველაზე დიდი პორტის გასაძლიერებლად და უკეთესი სერვისის მისაწოდებლად ფოთის საზღვაო ნავსადგურმა უფრო ძლიერი, მანევრირებადი სალოცმანო კატარღა შეიძინა და ხელი მოაწერა შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2018 წლის თებერვალში პორტს ახალი სალოცმანო კატარღა შეემატება.,,ფოთის საზღვაო ნავსადგურს მნიშვნელოვანი და სტრატეგიური ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და კავკასიის დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. ნავსადგურის ახალი წესები, ახალი სალოცმანო კატარღა და განახლებული საბუქსირე მომსახურება - ყველაფერი ეს ერთად, ძალიან მაღალ პროდუქტიულობას და გაუმჯობესებულ მომსახურეობას შესთავაზებს ჩვენს მომხმარებელს“ - აცხადებს   „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური  დირექტორი, კლაუს ჰოლმ ლაურსენი.

 

ფოთში მძიმე  მეტეოროლოგიური  პირობების დროს ფოთის ნავსადგურში ხშირი  იყო  ოპერაციების შეწყვეტა.  ბოლო  3  წლის  მანძილზე, ოპერაციების შეწყვეტის დღეების რაოდენობამ წელიწადში 90 დღეს გადააჭარბა, ხოლო 2016 წელს კი 120 დღეს.კომპანიაში აცხადებენ, რომ  ახალი წესები და ახალი საბუქსირე მომსახურება 70%-ით  შეამცირებს  ნავსადგურში  ცუდი  ამინდის  შედეგად  ოპერაციების შეწყვეტის  შემთხვევებს  და  გააუმჯობესებს მომხმარებელთა   მომსახურებას. „ეიპიემ ტერმინალსი“ დიდ ყურადღებას უთმობს კორპორაციულ სოციალურ  პასუხისმგებლობას. მისი  მიზანია  ხელი  შეუწყოს ა დგილობრივი საზოგადოების  წინსვლასა  და  განვითარებას. საგანმანათლებლო  პროექტები,მოსწავლე-ახალგაზრდების მხრადაჭერა და გარემოსდაცვითი  ცნობიერების  ამაღლება-ეს ის საკითხებია,  რომელთა მხარადჭერა უმნიშვნელოვანესია კომპანიისთვის. ფოთის ნავსადგურის  ფინანსური  მხარდაჭერით  არაერთი  პროექტი  განხორციელდა

 

ანაკლიის  ღრმაწყლოვანი პორტი 340 ჰა. მიწის ფართობზე გაშენდება.მშენებლობას  ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განახორციელებს. ხელშეკრულება 52 წლიან პერიოდს მოიცავს. პროექტის ღირებულება ორნახევარი მილიარდი ამერიკული  დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად დაიგეგმა და საბოლოოდ მისმა წლიურმა გამტარუნარიანობამ 100 მილიონ ტონას უნდა მიღწიოს. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით  საქართველოში ათასობით ახალი  სამუშაო ადგილი შეიქმნება .პროექტი კი ქვეყანას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ ცენტრად და აბრეშუმის გზის მარშუტზე სტრატეგიულ კვანძად აქცევს.2020 წლისათვის პორტს შეეძლება წელიწადში 8 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთი გაატაროს, რაც დაახლობით 900 ათასი კონტეინერის მიღებას გულისხმობს წელიწადში. მეორე ფაზის განმავლობაში დაემატება 6 მილიონი ტონა და ა.შ. საბოლოოდ 100 მილიონ ტონას მიაღწევს. ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2020-21 წლებშია დაგეგმილი. ანაკლია სითის ფინანსური დირექტორის, გიორგი ჩუგოშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის სიღრმე  16 მეტრი იქნება, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია ფოთის პორტზე და ანაკლიის პორტს  ნებისმიერი გემის მომსახურებას შეძლებს, რომელიც შავ ზღვაში იმოძრავებს. მისი თქმით, ეს ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს მისცემს საშუალებას, რომ 30%-ით იაფად გადაზიდონ ერთი კონტეინერი (ერთ კონტეინერზე დანაზოგი 160 USD შეადგენს), რაც ნიშნავს რომ საქართველოს კორიდორით საზღვაო გადაზიდვები უფრო იაფი გახდება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება გადაზიდვის დრო.

 

ფოთის პორტის გენარალური დირექტორის   განცხადებას  იმის  შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არ არის აუცილებელი, ანაკლიის კონსორციუმის პრეზიდენტი  მამუკა ხაზარაძე არასერიოზულს  უწოდებს.მისი თქმით, უხერხულია, როცა  დანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ჩვენ არ გვჭირდება ეს, მაშინ როცა დანიას 5 ღრმაწყლოვანი პორტი აქვს.ძალიან კარგია, რომ ,,ეიპემ ტერმინალსი“  ღიად წარსდგა საზოგადოების წინაშე და ფარულ ლობირებას არ ახდენს ანაკლიის პორტის წინააღმდეგ. კარგია რომ სახე გამოაჩინა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.ჩემი შეფასებით ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ,“-აცხადებს მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის  შესახებ   ფოთის  პორტის დირექტორს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს.. როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, ლაურსენის განცხადებები ემსახურება ანაკლიის დისკრეტიდაცაიას ისინი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ეს პროექტი გააჩერონ. ხაზარაძე ლაურსენს მოუწოდებს, შეეშვას შავ პიარს. მისი თქმით, ,,ეიპიემ ტერმინალსმა“  საქარელოში ტვირთბრუნვის ზრდა გააჩერა. 

წყარო' TV პირველი

 

3 მილიონამდე ლარი ქონებისა და მიწის გადასახადიდან-სულ ესაა, რასაც ფოთის პორტიდან ქალაქის ბიუჯეტი იღებს ყოველწლიურად. ადგილობრივ ხელისუფლებაში,თუ რა შეიცვლება ქალაქში ანკლიის პორტის მშენებლობით და ფოთის პორტის მოსალოდნელი დასუსტებით, კომენტარს არ აკეთებენ. ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის “ ხელმძღვანელობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას გამართლებულად არ მიიჩნევს. მათი თქმით, საქართველოში გამავალი ტვირთის ნაკადის მომსახურება ფოთის,ბათუმისა და ყულევის პორტებს შეუძლიათ.საპირისპიროს ამტკიცებენ ანაკლიის კონსორციუმში. საქართველოში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების თარიღად მიმდინარე წლის 20 დეკემბერი დასახელდა.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ