რადიაციული ნარჩენები საქართველოში

   სოფელ სააკაძისა და მუხათგვერდის ბირთვული ნარჩენების სამარხებს არა ერთი ტექნიკური ხარვეზი აქვს. ამაზე ადგილობრივ მოსახლეობას ჯეროვანი ინფორმაცია არ აქვს, სახელმწიფოს კი ჯერ სიტუაციის გასაუმჯობესებლად და სამართავად მკაფიო ჩარჩო-კანონი და ხედვა არ გააჩნია.

   ნანა კახიშვილი მუხათგვერდის მკვიდრია. მისი სახლი რადიაციული ნარჩენების საცავიდან დაახლოებით 200 მეტრში დგას. მანამ, სანამ ამ ტერიტორიაზე ნაკვეთს იყიდიდა, მცხეთის გამგეობაში გაარკვია აღნიშნული პრობლემის არსებობა, სადაც უთხრეს, რომ ნარჩენებს ვადა 25 წელი ჰქონდა და ეს დრო უკვე გასული იყო. ამასთან ერთად, აქტიურად აღნიშნავს, რომ სოფელში ბევრი 80წელს გადაცილებული მოხუციც ცხოვრობს და ეს ტერიტორია სრულიად უსაფრთხოა. 

   

   სოფლის სხვა მკვიდრნიც ღრმად დარწმუნებულნი არიან საცავის უსაფრთხოებაში და არანაირ ჯანმრთელობისთვის საშიშ მოვლენას არ ელიან:

პავლე - სოფლის ერთ-ერთი უხუცესი - „არაფერი საფრთხისშემცველი არ არის, სუფთაა. რაც ჯანდაბა იყო წაიღეს, მე ეგრე გავიგე. მანდ დავბერდი, აშენებიდან დღემდე. არაფერი საშიში არ არის, რაც გინდა დათესე, ჭამე. ეხლა თუ რაიმეს შემოიტანენ ნაპოვნს, იმას ზომავენ, იმასაც ძალა არ აქვს, მაგ.რენტგენის ხაზები.“

თენგიზი - საცავის ყოფილი მუშა - „ურანი მზადდებოდა აქ, შემდეგ გაიტანეს ჩელიაბინსკში, იქიდან კი ლონდონში. აქ დარჩა მხოლოდ მისი ნარჩენები, რაშიც იყო ურანი, უწყლოდ ვერ ძლებს. რადიაცია როგორ არ ექნება, ღმერთმა ნუ ქნას, რომ გასკდეს. დოზიმესტერისტები ჰყავთ, ამოწმებენ და ყველაფერი. შემოღობილია, დაცვა იცავს, ვერ შეხვალ, ვერაფერი. ჩვენი სოფელი ნახევარი წითელ ზონად ითვლებოდა, არ შეიძლებოდა იქ სახლის აშენება. ეხლა ნაკვეთები დარიგდა, სახლები შენდება, სადრთხემ გაიარა, რომ გაიტანეს ის ურანი, მაგრამ წყალი დარჩა.“

ავთო - ყოფილი საცავის ტერიტორიის მცველი - „მე ჯარშიც ვიყავი მანდ დაცვის პოლიციაში ვიყავი 1წელი. აქედან 6თვე მანდ გავატარე და მუშაობდნენ 60-70 წლის ხალხი, რომლებიც 30-40 წელი იქ მუშაობდნენ და არავის არაფერი სჭირს.“

გიორგი - სოფლის მკვიდრი - „აქ ვარ დაბადებულ-გაზრდილი, ასე იყო ჩვენი მამა-პაპა, მაგისგან არავის არაფერი მოსვლია. თვითონ მანდ მოდიან, ჩვენთან არა. უცხოელებიც, ქართველებიც. შიგნით ხალხი მოძრაობს, მუშაობს. უბრალოდ, ის რაც შენახულია, შენახულია მიწის საცავში, დაკონსერვებულია. ჩემი მამა-პაპაც იქ მუშაობდა ადრე. სასაფლაო ამ გორის იქითაა. ხეხილიც მოდის და ყველაფერი, შუშები სიძველისგანაა ჩამტვრეული, დაცვა დგას, იქ ვერავინ შევა ისე.“

  მსოფლიოში რადიაციის პრობლემა უფრო აქტუალური ხდება მას შემდგომ, რაც გლობალიზაციამ თითქმის ყველგან მიაღწია. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი რადიაციასთან დაკავშირებული ფაქტი ყველასათვის ცნობილი ჩერნობილის ტრაგედიაა, რომელიც დღემდე მკვდარ ქალაქად ითვლება და იქ თითქმის აღარავინ ცხოვრობს, რადგან რადიოაქტიური ნივთიერებები ისევ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია.

   საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რომ დედაქალაქთან ახლოს არსებობს ორი რადიოაქტიური ნივთიერებების საცავი. პირველი - სოფ. სააკაძეში, ხოლო მეორე - მუხათგვერდში. თავდაპირველად დავინტერესდი, რა ინფორმაციას ფლობდა ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან აღნიშნული ადგილები ახლოსაა დასახლებებთან და ეს პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან.  

ნატალია ზაზაძე - მუხათგვერდის ეკლესიის მრევლი -„ წლების მანძილზე მუხათგვერდის ეკლესიის მრევლი ვარ, მაგრამ არაფერი გამიგია რადიაციულ საცავზე.“

მამა დავითი - მუხათგვერდის ეკლესიის წინამძღვარი - „იმ ადგილის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ არავის უშვებენ და ტერიტორია ვიდეოკამერებით კონტროლდება.“

   შევეცადე გამერკვია, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია და ჩატარებულა თუ არა რაიმე სახის კვლევა აღნიშნულ ლოკაციებზე. დავუკავშირდი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ნაბახტიანს. მან დამიდასტურა კვლევების არსებობა, თუმცა მათი მოწოდებისგან თავი შეიკავა და მოკლედ ამიხნსა, რომ 16 ჭაბურღილი გაითხარა და დადგინდა, რომ მიწაში გაჟონვა არ არის, მუხათგვერდის სამარხებს კი მინიმუმ 300 წლის მანძილზე არ ემუქრება საფრთხე. მან შეხვედრა შემომთავაზა, რომ თავად მაჩვენებდა ამ ადგილს, თუმცა როცა შეხვედრა ვთხოვე, მითხრა, რომ ახლა შეუძლებელი იყო და სხვა დროისთვის გადაგვედო, თუ როდის იქნებოდა ეს სხვა დრო, ამაზე მიპასუხა, რომ ჯერ ვერ მეტყოდა. გადავწყვიტე მიმემართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, რათა გამომეთხოვა ინფორმაცია კვლევების შესახებ. სამინისტროდან მივიღე პასუხები ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე. წერილს მიბმული ჰქონდა ორივე კვლევის ფაილი. 

„რადიოაქტიური ნარჩენების საცავის (სოფ. მუხათგვერდი) და ე.წ. „სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის“ მასშტაბური კვლევები 2012-2013 წლებში განახორციელა ევროპულმა კონცერნმა ENCONET, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ავსტრიული ENCO, შვედური STUDSVIK და ბელგიური IRE.

 

პროექტი სრულად იქნა დაფინანსებული ევროკომისიის მიერ. კვლევები განხორციელდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გეოლოგიურ კვლევებში გამოყენებული იქნა მიწის ელექტროწინაღობის მეთოდი და გეორადარი. რადიოლოგიური კვლევები განხორციელდა თანამდეროვე სპექტრომეტრული და დოზიმეტრული აპარატურის გამოყენებით.

ჩატარებული კვლევების შედეგად დადასტურდა სააკაძის სამარხის პირველ ავზში რადიოაქტიურად დაბინძურებული წყლის არსებობა (ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია). ასევე ნაჩვენები იქნა, რომ რადიონუკლიდების გაჟონვას ადგილი არა აქვს. დაფიქსირებული იქნა რიგი ხარვეზებისა, რომელთა აღმოფხვრაზეც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.“

 

 

 

 

ფოტოები აღებულია კვლევის ფაილებიდან

   სოფ. სააკაძეში ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა Ra-226(რადიუმი)-ის ლაქები. მასთან ერთად აღმოჩენილია Cs-137(ცეზიუმი) და Co-60(კობალტი). ისინი დაზიანებულია და არ შეიცავს საფრთხეს.

 

ასევე სინჯები გაკეთდა წყალზეც, თუმცა კვლევის მიხედვით არც მასში აღმოჩნდა რადიაციული და საფრთხის შემცველი ნივთიერებები.

 

სოფ.სააკაძის სამარხი

   რადიაციული ნარჩენების საცავიდან მოსახლეობა 2.5-3კმ-ით მოშორებით ცხოვრობს.

არსებულ ჭებში ჩაყენდა კამერები და სანათები, რათა დაფიქსირებულიყო ინტერიერი და შიდა მდგომარეობის ვიზუალური დაკვირვება მომხდარიყო.  შიდა დათვარიელებამ აჩვენა მეტალის სახის რადიაციული ობიექტი. ასევე სავარაუდო რადიაციული ნარჩენის ნიშნები, რომლებიც ცისფერი ხაზებითაა შემოსაზღვრული.

 

სოფ. სააკაძის სამარხის კვლევის დასკვნა 

  „სააკაძის სამარხის კვლევის დასკვნამ აჩვენა, რომ ორივე სადრენაჟო ნაგებობა, მყარი და თხევადი ნარჩენებისთვის დაზიანებულია. არსებობს ხვრელი, თავისუფალი სივრცე კედელსა და ზედა საფარს შორის. ეს სივრცე შეიძლება იყოს Ra-226(რადიუმი)-ის გაჩენის მიზეზი. ასევე ეს ხვრელი შეიძლება გახდეს დიდი რაოდენობით წყლის სამარხში ჩაღწევის გზაც. თავად სამარხი დაზიანებული არ არის. მისი ერთი ნაწილის ზედა საფარი შეიცავს მეტალის ნარჩენს(ებს), რაც ასფალტითაა გადაფარული. იგი არ შეესაბამება RADON-ის ტიპის სამარხს, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ბეტონის ფილებს, რაც ასფალტითაა დაფარული, ხოლო სამარხის მართკუთხა ნაწილები და ზომები კი შეესაბამება აღნიშნულ დიზაინს. თხევადი ნარჩენების ჭები, ისევე როგორც მყარისა, დაზიანებულია. ეს სურათში ვიზუალური დაკვირვებითაც ჩანს. მათში რადიაციული აქტივაციის დონე მაღალია. ჭების ზოგადი დიზაინი შესაბამისია RADON-ის დიზაინისა თხევადი ნარჩენებისთვის.

რადიოლოგიურმა სკანირებამ გამოავლინა მსგავსი წყაროები(Cs-137)-ის არსებობა. ისინი აღმოჩნდა სუსტი Ag108m(ვერცხლი) და Eu-152(ევროპიუმი)-თან შედარებით. მაქსიმალური სიხშირე გაიზომა აღმოსავლეთ ნაწილში და შეადგინა 1.3 μSv / სთ. Ra-226-ის აქტივობა საცავის ზედა საფარზე პირველი ჭის ზემოთ გამოვლინდა. გარდა ამისა, გამზომები მიუთითებს მათ კარგ დაცულობაზე, თუმცა სპექტრომეტრიული რუკების მიხედვით დადასტურებულია Cs-137-ის მაღალი აქტივობა ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

მარცხნივ Eu-152-ის წყარო/მარჯვნივ Ag108m

  ანალიზმა აჩვენა, რომ საცავში გამოვლენილია არანეიტრონული წყაროები. მყარი ნარჩენები აღნიშნავს 0.1 GBq-ზე ნაკლებ Co-60-ს და Cs-137-ს GBq-ს  ზოგიერთ დიაპაზონზე. შედეგები არ ადასტურებს ინტენსიურ გამა ნუკლეიდების გამოყოფას საცავში. თუმცა, საცავის ზედა ფენის ტენიანობა და კედლების სველი ზედაპირი აჩენს მასში არსებული ნუკლეიდების გარემოში მოხვედრის რისკს.

 

  ამჟამად დაზიანებულია მყარი ნარჩენების სამარხის ზედა ფენა, რაც საჭიროებს აუცილებელ მოქმედებებს, მისაღებია ზომები, რათა უზრუნველეყოს ადგილზე რადიოლოგიური უსაფრთხოება.“

 

   მუხათგვერდის საცავი შედგება ორი ნაწილისგან: ერთ ნაწილში განთავსებულია ლაბორატორია, ხოლო მეორეში - საწყობი. იგი 10 წელზე მეტია მიტოვებულია. შენობა 2002 წელს დაზიანდა მიწისძვრის შედეგად.

   ჩამტვრეულია ფანჯრის მინები, საიდანაც ზამთარში თოვლი შეაქვს ქარს. მისი მიდამოები კი რადიოაქტიურად  დაბინძურებულია.

   შენობის გვერდით ქოთნებია გამწვანებისთვის, რომლის ნიადაგიც დაბინძურებულია შემდეგი ელემენტებით: P-32(ფოსფორი), Cs-137(ცეზიუმი), Sr-90(სტრონციუმი) და C-14(კარბონი).

      საცავის მარცხენა მხარესაა დასხივების მქონე ობიექტები, გამოუყენებელი დალუქული რადიოაქტიური წყარო და Ra-226-ით(რადიუმი) დაბინძურებული ობიექტი.

   გამა დასხივების განუყოფელი ნაწილია ტექნოლოგიური აუზი, რომელიც ბიოლოგიური კვლევებისა თუ ექსპერიმენტებისთვისაა განკუთვნილი. იგი შეიცავს 38 მ3 წყალს. მისი ფსკერი დაბინძურებულია. ასევე, მოჩანს უცხო საგნები, თუმცა უცნობია, არის თუ არა რადიაციული. 

     2012 წლიდან შენობა თავისუფალია იონის რადიაციისგან, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას არ ჩატარებია რადიოლოგიური კვლევა და მისი სპეციალური დამუშავება არ მომხდარა. ისევ ღია კითხვად რჩება, შეიძლება თუ არა შენობა განთავისუფლდეს შეუზღუდავი მოხმარებისგან ან დაინგრეს და ნარჩენები დაიმარხოს როგორც ჩვეულებრივ ხდება?!

საქართველოს ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური გეგმა, რომ გამოიძიოს ყოფილი სამხედრო ადგილები, სადაც რადიოაქტიური ნივთიერებები ჯერ კიდევ იპოვნეს ღამის იარაღის დათვალიერებისა და რადიაქტიური წყაროების გარდა უკვე ყოფილი სამხედრო ბაზების ადგილმდებარეობის დროს. მაგალითად, აჭარის რეგიონი არ იყო დაფარული წყაროების ძიებისა და აღდგენის კამპანიების დროს, თუმცა, აგრეთვე პატარა სამხედრო ბაზები იქ მდებარეობს.

   საავადმყოფოებში ზოგიერთი ობიექტი შეიძლება დაბინძურებული იქნეს გასაგები საქმიანობის გამო. მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, საავადმყოფოებში შეიძლება მოიძებნოს Ra-226 ნემსები. თუ ეს არ იყო სათანადოდ გადასატანი ან შენახული, ობიექტები შეიძლება დაბინძურებული იყოს და შესაბამისად, მოითხოვოს გაწმენდა. თუმცა, მარეგულირებელ ორგანოს არ გააჩნია საიმედო ინფორმაცია ამ სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით.

  საქართველოში დღესდღეობით სულ ინახება 309 მ3 თხევადი რადიოაქტიური ნარჩენები, რაც 10,5 GBq-ს შეადგენს.  თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების მთლიანი აქტივობა ძირითადად განისაზღვრება H-3 და Ra-226 რადიონუკლეიდებით.

მუხადგვერდის საცავის კვლევის დასკვნა

   „დიდი ძალისხმევა ჩაიდო, რათა განგვესაზღვრა და შეგვემოწმებინა მონაცემები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საიმედო ინფორმაციის ნაკლებობის გამო კონსერვატიული ვარაუდები გაკეთდა, როგორც ანგარიშის შესაბამის ნაწილშია განხილული, რათა განისაზღვროს შეფასების მკაფიო საზღვრები, ნარჩენების მახასიათებლების ნაკადები, რომლებიც გამოირჩევა არასაკმარისი სანდო მონაცემებით ან მონაცემების გაურკვევლობის მაღალი დონით. ამ სამუშაოების შედეგად ჩატარდა მიმდინარე და სამომავლო ნარჩენების ინვენტარიზაციის სრულყოფილი შეფასება და შესაბამისი შედეგები შეჯამებულია ქვემოთ.

ამჟამად საქართველოში მყარი რადიოაქტიური ნარჩენების დაახლოებით 565 მ3-ია დაგროვილი, საიდანაც 295 მ3 ინახება 270 მ3 განლაგებულია სამ სხვა და სხვა ადგილას (სააკაძე, გამოყენებითი კვლევითი ცენტრი და ანასეული), საერთო ჯამში 4538.85 TBQ, მათ შორის 4498.33 TBQ გამოუყენებელი რადიოაქტიური წყაროები (4498,329045 TBQ დალუქული და 1792.67 მბ უცვლელი). შენახული ნარჩენების ძირითადი ნაწილი არ არის განპირობებული. საქართველოში ინახება 309  მ3 თხევადი რადიოაქტიური ნარჩენები, რომელიც ამჟამად ორ ადგილზეა (სააკაძე და გამოყენებითი კვლევითი ცენტრი), რაც სულ 10,5გბ-ს შეადგენს, სადაც 3H და 226Ra წარმოადგენენ შენახული თხევადი ნარჩენის 99.84% -ს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოუყენებელი დალუქული რადიოაქტიური წყაროების მენეჯმენტის საკითხების მოგვარების მიზნით, 1600-დან 1800-მდე უტილიზებული რადიოაქტიური ნივთიერება უნდა განთავსდეს ჭაბურღილის ტიპის მოწყობილობაში, როგორც პოტენციურად საუკეთესო ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ამჟამად შენახული ზემოაღნიშნულის რაოდენობასა და მახასიათებლებს. ინვენტარი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ცენტრალური საწყობის მოწყობილობისა და "სააკაძის" საცავის, ასევე მომავალი რადიაციული ნარჩენის მართვის პრაქტიკის (მაგალითად, , წარმოების შემცირება, გასუფთავება და ა.შ.) უსაფრთხოების შეფასების შედეგებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რადიაციული ნარჩენის მენეჯმენტის გაუმჯობესება მკაცრად საჭიროებს დამკვიდრებას მკაფიო მარეგულირებელ და სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ამჟამად განვითარებადია.

 

 

   კიდევ ერთი კვლევა არსებობს, რომელიც მომზადებულია „აგრარული მეცნიერების მატიანეს(Annals of Agrarian Science)“ მიერ. კვლევა მიმოიხილავს რადიოაქტიურ დაბინძურებას საქართველოში, კერძოდ კი ცეზიუმისა(Cs-137) და სტრონციუმის(Sr-90) გავლენებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ 2005-2009 წლებში ჩატარდა კვლევა საქართველოში. ცეზიუმის აქტიურობა ამ პერიოდის განმავლობაში 0-დან 1279 Bq/Kg-მდე შეიცვალა. ასევე დაკვირვებები ხდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც გამოვლინდა ცეზიუმის არსებობა შემდეგი სახით: წითელი ნიადაგები - 640; ყვითელი ნიადაგები - 965 და ყვითელი წიწვოვანი ნიადაგები - 1279Bq/Kg. 2015-16 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცეზიუმის არსებობა ნიადაგში საგრძნობლად დაბალია: წითელი ნიადაგები - 66; ყვითელი - 25; ყვითელი წიწვოვანი - 144 და ყვითელი ყავისფერი ნიადაგი - 63 Bq/Kg. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წითელი ნიადაგებისა და ყვითელი ყავისფერი ნიადაგების დაბინძურების რიცხვი თითქმის ნულამდეა დაცემული.

ცეზიუმის(Cs-137) შემცველობა საქართველოში

სტრონციუმის(Sr-90) შემცველობა დასავლეთ საქართველოში

 

საქართველოს რუკა დაბინძურების მაჩვენებლის მიხედვით

 რუკაზე ერთადერთი წითელი რგოლია, რაც ნიშნავს, რომ ის ტერიტორია დაბინძურებულია, რადგან ზღვრულ ნორმას, 37Kbq/m2-ზე არის გადაჭარბება. ეს წერტილი სამეგრელოს დაგეგმარებით ეროვნულ პარკთან მდებარეობს. შედარებით ნაკლებად დაბინძურებულ ტერიტორიებში 4 წერტილი გამოიკვეთა. ესენია: ფოთთან, გალთან, ქობულეთთან და ბათუმსა და ხულოს შორის. დანარჩენ ტერიტორიებზე დაბინძურება უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის.

 

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ივლისს-დეკემბერში გაწეული სამუშაოს ანგარიში.

კონვენცია ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ.

გაერთიანებული კონვენცია გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ.

 ინტერვიუ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროს ვასილ გედევანიშვილთან:

1)      რამდენად ინფორმირებულია სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობა  რადიაციული საცავების არსებობის შესახებ და ვის მიერ?

მოსახლეობას ინფორმირების ხდება პერიოდულად. კერძოდ, მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა რადიაციული გაზომვები, აღებული და გაანალიზებული იქნა სამარხის მიმდებარე მიწის ნიმუშები. მოსახლეობასთან ერთად მოხდა შედეგების განხილვა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სამარხთან არსებული გარემო უსაფრთხოა მოსახლეობისთვის.

 

2)      კანონმდებლობით, რა კუთხით შეიძლება განვიხილოთ სოფ.სააკაძისა და მუხათვვერდის რადიაციული ნარჩენების საცავებში არსებული პრობლემის შესაძლო საშიშროება და საფრთხეები?

საკანომდებლო აქტებით არ განისაზღვრება საფრთხეები და საშიშროების დონეები, ეს მონაცემები მოყვანილია ჩატარებულ უსაფრთოხების შეფასების ანგარიშებში

3)      საინტერესიოა თქვენი კომენტარი და დამოკიდებულება არსებული ორი კვლევის ანგარიშის შესახებ.

აღნიშნული კვლევები ჩატარებულია ევროკავშირის პროექტების ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შერჩეული უცხოური კომპანიის მიერ რომელსაც აქვს აღნიშნულ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, მათი სპეციალისტები  სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით. ამასთან აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ანგარიშები დეტალურად იქნა განხილული ქართველ სპეციალისტებთან ერთად და მოწონებულ იქნა მათი ხარისხი.

4)      რა ეტაპზეა საცავების პრობლემის გადაჭრის სამუშაოები და რა გაკეთდა კვლევაში დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად?

წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე უკვე განხორციელებულია შემდეგი ღონისძიებებისა:

  • რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ხელისას და ფეხის რადიაციული მონიტორინგის სისტემა;
  • საცავის გარე პერიმეტრზე დამონატაჟებული რადიაციული მონიტორინგის ახალი სისტემა;
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან მიღებულია გადასატანი გერმანიუმის ნახევარგამტარული სპექტრომეტრი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ადგილზე მაღალი სიზუსტით მოვახდინო რადიონუკლიდური იდენტიფიცირება;
  • აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტის მხარდაჭერით საცავში განთავსდა ე.წ RFID სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საავარიო სიგნალის წარმოშობას ყოველი კონტეინერის არა ავტორიზებული გადაადგილების შემთხვევაში;
  • საცავსა და სააკაძის სამარხზე განთავსდნენ მეხამრიდების სისტემები;
  • სამარხის ზედაპირი დაიფარა წყალგაუმტარი სპეციალური ფენით;
  • დამონტაჟდა და ამუშავდა  სამარხის ღამის განათები სისტემა;
  • დამონტაჟდა და ამუშავდა  სამარხის ვიდეო მონიტორინგის სისტემა;
  • დამონტაჟდა და ამუშავდა   სამარხის რადიაციული მონიტორინგის სისტემა;
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროექტის ფარგლებში გაიწმინდა სამარხის ტერიტორიაზე განთავსებული თხევადი რადიოაქტიური ნარჩენი.

 

ამაჟამად მიმდინარეობს ევროკავშირისა და შვედეთის მარეგულირებელი ორგანოს ერთობლივი პროექტი რადიოაქტიური ნარჩენების ახალი საცავის ასაშენებლად შესაბამისი კვლების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

_______________________________________________________________________________________________________________

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ივლისს-დეკემბერში გაწეული სამუშაოს ანგარიში;

კონვენცია ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ;

გაერთიანებული კონვენცია გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ;

მუხათგვერდის მოსახლეობის კომენტარი.

ვიდეო
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ