რა მექანიზმებით ებრძვის საზელმწიფო ბრაკონიერობას
უკანონო ნადირობის ფაქტები
ბრაკონიეობა საქართველოში

როგორ  ებრძვის  სახელმწიფო ბრაკონიერობას  და რამდენადხშირია უკანონო ნადირობის ფაქტები

 „იარაღი სულ მზად მაქვს!  მსხვერპლი შეიძლება უცაბედად დაგესხას თავს, ამიტომ სულ მზად უნდა იყვე.  შემდეგ ვხედავ მას, მიზანში ვიღებ და სასხლეტს თითს ვადებ. სასიამოვნო გრძნობაა, როცა ხვდები, რომ მისი ბედი შენს ხელშია. მიზანს ვაკონტროლებ და სროლისთვის შესაფერის მომენტს ველოდები.  ამ დროს ვერაფერს ხვდება, ვერც საფრთხეს ვერ გრძნობს. ვინ იცის სად მიდის ან რის გაკეთებას ცდილობს. ნელ–ნელა ვაკვირდები მას და არაფერზე ვფიქრობ, გარდა ერთისა _არ უნდა ავაცილო. სასხლეტს ნელ–ნელა თითს ვაჭერ და ადრენალინის საოცარ მოზღვავებას ვგრძნობ. „ბრახ“ და აქ მთავრდება ყველაფერი ან ვინ იცის, შეიძლება იწყება კიდეც...“ – ამბობს ლევანი და ალბათ ყველა მონადირე ამას გრძნობს მის მსგავსად.

        საინტერესოა რამდენი ცხოველი იღუპება ყოველი ნადირობის შედეგად, ან შესაძლოა სამუდამოდ ნადგურდება კიდეც, თუმცა ლევანი ამის შესახებ არ ფიქრობს ან ვინ იცის იქნებ არ უნდა რომ იფიქროს. ლევანი ჩემი მეგობრის ნიკას მამაა. ერთი შეხედვით მკაცრი გარეგნობა აქვს, წარბები მუდამ შეკრული აქვს. თუმცა კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა. დაახლოებით 45 წლისაა, მაღალი, ოდნავ შეთხელებული თმით და გრძელი წვერით. ყოველი ნახვისას მის თვალებში საოცარ გაურკვევლობას და რაღაც უცნაურ გამოხედვას ვგრძნობ. სახეზე ნაიარევი აქვს, თუმცა მისთვის არასდროს მიკითხავს თუ საიდან აქვს ეს ნაიარევი. იარაღებში კარგად ერკვევა, რადგან 10 წელზე მეტია ჯარში მსახურობს. ნადირობა ყველაფერზე მეტად უყვარს, განსაკუთრებით აკრძალულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში. შეიძლება ითქვას, რომ ბრაკონიერობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

          გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად,  2013 წლიდან დღემდე უკანონო ნადირობის დაახლოებით 2000– მდე ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 20 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით არის აღძრული.

         მიუხედავად უკანონო ნადირობის წინააღმდეგ არსებული სანქციებისა, ბრაკონიერობის ფაქტები ჩვენს ქვეყანაში მაინც ფიქსირდება.

         გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ბრაკონიერების სამიზნე სახეობებს განეკუთვნებიან დათვები (2013-დან დღემდე მოკლულია 4 ინდივიდი), ჯიხვები  (მოკლულია 3 ინდივიდი), შვლები (მოკლულია 6 ინდივიდი). ბრაკონიერების სანადირო სახეობებს ასევე განეკუთვნებიან გარეული ღორები, კურდღლები და არჩვები. რაც შეეხება ფრინველების, სტატისტიკას, ყველაზე სავალალო მდგომარეობა მწყრებს აქვთ. (2013 წლიდან დღემდე, მწყრების დაახლოებით 170 ინდივიდია მოკლული).

        საინტერესოა თუ რა მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ბრაკონიერობას? რამდენად ხშირია უკანონოდ ნადირობის ფაქტები და როგორ ისჯებიან ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ნადირობენ?

        გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი _ მაიაჩხობაძეაღნიშნავს, რომარსებობსორმაგისაჯარიმოსანქცია.“

        „ბუნებრივ რესურსებთან მიმართებაში გვაქვს ორმაგი საჯარიმო სანქცია. პირველი: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია, კერძოდ 86-ე მუხლი ითვალისწინებს უკანონო ნადირობასთან დაკავშირებულ სანქციებს, იმის მიხედვით, თუ სად, როგორ და რომელი იარაღით მოხდა ნადირობა. ეს საჯარიმო სანქცია 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებულია მოკლული ცხოველი, საჯარიმო სანქციას ასევე ემატება გარემოსთვის მიყენებული ზარალი. ეს არის თანხა, რომელიც გამოთვლილია იმის მიხედვით, თითოეული სახეობა ცოცხალი, რომ ყოფილიყო, რა სარგებელს მოუტანდა გარემოს.

          რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომას, ეს ხდება მაშინ, როდესაც, სახეზე მნიშვნელოვანი ზიანი გვაქვს. მნიშვნელოვანი ზიანი არის იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 2000 ლარს აღემატება, რომელიც გამოსწორებად სამუშაოებს, ან პატიმრობას ითვალისწინებს _ აცხადებს მაიაჩხობაძე.

       გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ცხელი ხაზის, 153-ის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„153 - არის ცხელი ხაზი, რომელზეც უკანონო ნადირობის ფაქტის დაფიქსირებისთანავე ყველა მოქალაქემ უნდა დარეკოს. ზარის განხორციელება ყველა ოპერატორიდან უფასოა. ნებისმიერ ფაქტის დარღვევის აღმოჩენისთანავე, უნდა თქვან - თუ სად ხდება უკანონო ნადირობის ფაქტი. მობილური ჯგუფი, რომელიც 24 საათის განმავლობაში პატრულირებს, შეტყობინების მიღებისთანავე, დაიწყებს რეაგირებას."

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში  ნადირობის  სეზონი  მიმდინარე  წლის  20  აგვისტოს გაიხსნა.

         შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს კანონიერად ნადირობის ყველანაირი გზა არსებობს. გადამფრენ ფრინველებზეც შეგვიძლია კანონიერად ვინადიროთ, მათზე სანადიროდ უნდა ავიღოთ 10 ლარიანი ქვითარი და მთელი 6 თვე ამ 10 ლარის ფარგლებში შესაძლებელია ნადირობა. მონადირე პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული იარაღის ფლობისა და ტარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ე.წ. „ლიცენზია.“

          ნადირობა  აკრძალულია – სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი _ კახა  თხელიძე.

          როგორც ვხედავთ კანონიერად ნადირობის მრავალი არჩევანის მიუხედავად საზოგადოების ნაწილს მაინც ურჩევნია უკანონოდ ნადირობა. რა არის ამის მიზეზი?

         ამის გასარკვევად გადავწყვიტე ჩამეტარებინა პატარა „საგამოძიებო სამუშაო“ და მეგობრის ოჯახის წევრებისგან გამეგო თუ, რატომ არ ნადირობენ კანონიერი გზებით, რატომ ურჩევნიათ „ბრაკონიერობა“ და რას გრძნობენ ნადირობის დროს?

         მეგობარს ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ მამაჩემს ნადირობა ჩემს თავზე მეტად უყვარს და მის გამო შეუძლია ყველაფერზე უარი თქვასო. რადგან ვიცოდი, რომ მეგობრის მამას, ლევანს ნადირობა ყველაზე მეტად უყვარდა გადავწყვიტე გამეგო თუ, რას გრძნობს ნადირობისას და რა იზიდავს ბრაკონიერობაში?

ერთ დღესაც, როცა ჩემს მეგობარ ნიკასთან მივედი მამამისი(ლევანი) და მისი მეგობარი ნაგუ დივანზე ისხდნენ და იარაღებს ფრთხილად წმენდდნენ. მივესალმე და ოთახში შევედი.

–        ვაა ამექს? გაუმარჯოს! ნიკა მაღაზიაშია სიგარეტზე, მალე მოვა, დაელოდე. თქვა ლევანმა და იარაღის წმენდა განაგრძო. მეც იქვე გვერდით სკამზე ჩამოვჯექი.

–        სანადიროდ მიდიხართ? ვიკითხე მე.

–        ხო, საღამოსკენ გავდივართ ბორჯომში თქვა ლევანმა და გაიღიმა. იარაღი ახლოს მიიტანა, ცალი თვალი დახუჭა და ლულაში გაიხედა.

–        აუ ნაგუ ერთი სული მაქვს როდის ვინადირებთ ამ თოფით, აღტაცებით თქვა ლევანმა.

–        ხოო ბიჭო. გიორგას დაურეკე?

–        ხო!

–        ეგ და ჯანოც მოდიან, ახალი ვინჩესტერი დაუთრევია ჯანოს და უნდა გასინჯოს.

–        ახალი რა მარტო სიახლეზე ხო არ არის, სროლა ისწავლა? თქვა ლევანმა და სამივემ გავიცინეთ.

–        რაზე ნადირობთ? ვიკითხე მე.

–        დღეს ირმები უნდა დავყაროთ ამო! აღტაცებით თქვა ნაგუმ.

–        რა გევასებათ ნეტა მაგ ნადირობაში? პოლიციის მაინც არ გეშინიათ? ვთქვი მე.

–        ეე, აზრზე არ ხარ რა! საშიში როა მაგას აქვს მუღამი და ეგაა საკაიფო ზუსტად, თორე ხორცის ჭამა რომ მინდოდეს ჩავალთ აგერ მაჭახელაში და მწვადს იქაც შევჭამთ, თქვა ნაგუმ და ლევანს გაუცინა.

–        აუ ბიჭო, მაგრად ასწორებს რა მიზანში რომ გყავს ამოღებული, ბრახ და ძირს, რომ გდია ტო, თქვა ლევანმა.

–        მე რა პროცესი მევასება იცი? დანას, რომ ვურტყამ და თავს რომ აძრობ აი ეგ მევასება რა, დაამატა ნაგუმ და კბილების კრაჭუნი დაიწყო.

–        აუ შენც რა მაგარი გიჟი ხარ სიცილით უთხრა ლევანმა.

–        რა მაინტერესებს იცი? ნაკრძალში რატო ნადირობთ? ტყეში რატომ არ ნადირობთ? იქ უფრო უსაფრთხო არ არის? ისევ ვიკითხე მე.

–        ბიჭო ნაკრძალს სხვა მუღამი აქვს რა. წარმოიდგინე აკეთებ რაღაც უკანონო საქმეს, რომელიც გსიამოვნებს რა და იმხელა ადრენალინს ღებულობ, რომ თავი ომში გგონია რა. დამაჯერებლად და ამაყი ტონით მიპასუხა ნაგუმ, თან თვალიც ჩამიკრა.

ამ დროს ნიკაც შემოვიდა. მომესალმა მე და სიგარეტი ლევანს მიუტანა. მა, ჩვენ გავალთ თქვა ნიკამ და გარეთ გავედით.

                                                       **********

        მეორე დღეს, დილით ნიკასთან მივედი, რომ უნივერსიტეტში ერთად წავსულიყავით. ცოტა წვიმდა, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე. ეზოში რომ შევედი, დავინახე, ნიკას მამა ლევანი, ნაგუ და კიდევ მათი რამდენიმე ძმაკაცი შეკრებილიყვნენ და გარაჟში მანქანას აყენებდნენ. რომ დამინახეს გაუკვირდათ. მერე ნაგუმ თქვა _ ეს ჩვენიანიაო და მხარზე ხელი გადამხვია.

–        რა ქენით ინადირეთ? ვიკითხე მე.

–        აბა რა ვქენით ტო! შემო ნახე.

მეც გარაჟში შევედი. ბიჭებმა ძირს დიდი ცელოფანი გაფინეს და კარები დაკეტეს. ნიკას მამამ მანქანის საბარგული ახადა, საიდანაც ირემი და ორი გარეული ტახი გადმოიყვანეს და ძირს გაფენილ ცელოფანზე დაყარეს. მალე ცელოფანი სისხლისფრად დაიფარა. ჩემზე ყველაზე მეტად სისხლიანმა ირმის ნახვამ იმოქმედა, რომელსაც თვალები ჯერ კიდევ გახელილი ჰქონდა, საიდანაც რაღაც უცნაური სიბნელე მოჩანდა და უსულოდ ეგდო ცელოფანზე. უცბად კანკალმა ამიტანა, თითქოს რაღაც ჩამწყდა სხეულში ისეთი გრძნობა დამეუფლა და უკან გავიწიე...

–        ეს დედალი ირემია, აფსუს ის მამალი, როგორ გაგვექცა თან ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, სინანულით თქვა ჯანომ. არა რაა! უნდა გავყოლოდით! შორს მაინც ვერ წავიდოდა და დავიჭერდით სადმე.

–        ხო, მაგრამ უკვე თენდებოდა ბიჭო და საშიში იყო. დააწყნარა ლევანმა.

მე ისევ ირემს ვუყურებდი, რომელსაც გამომეტყველება არ ეცვლებოდა. ცელოფანზე  უსულოდ ეგდო და მისი თვალებიდან კვლავ, რაღაც უცნაური სიბნელე მოსჩანდა. აღელვებას ვგრძნობდი და გარეთ გამოვედი. გზაში მოვდიოდი და ისეთი გრძნობა მქონდა რომლის მსგავსიც ცხოვრებაში არ მქონია. არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მსგავსი გრძნობა არასდროს განმიცდია. ნიკა იმ წუთას აღარ გამხსენებია, უნივერსიტეტში რომ მივედი მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ ერთად უნდა წამოვსულიყავით. იმ დღეს მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, ალბათ ასეთია სიკვდილი!..

        ამ შემთხვევამ ნათლად დაგვანახა, რომ ბრაკონიერობა ბევრი ადამიანისთვის უბრალოდ ჰობია, გასართობი საქმე და ამით თავს კარგად გრძნობენ. ადამიანთა გარკვეული ნაწილი აკრძალულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობს არა იმიტომ, რომ ოჯახი არჩინოს, არამედ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ. ამის ნათელი მაგალითია ზემოთ ხსენებული ლევანი, ჩემი მეგობრის მამა, რომლისთვისაც ნადირობა და ბრაკონიერობა, უკვე ცხოვრების წესია.

        ამ პატარა „საგამოძიებო სამუშაოდან“ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბრაკონიერობა ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯერჯერობით, მაინც ბოლომდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. უამრავი რეგულაციებისა და ჯარიმების მიუხედავად ადამიანთა ნაწილი მაინც ნადირობს აკრძალულ ტერიტორიებზე, ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებში. მოტივი კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მარტივია _ ბრაკონიერობა მათ სიამოვნებას ანიჭებს. ამ საქმით ადამიანები სიამოვნებას ღებულობენ, ხოლო ათასობით ცხოველის, ფრინველისა თუ თევზის ნაირსახეობა სამუდამოდ ნადგურდება.

 

ამირან  კოპაძე

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ