ქუჩის ორი მეგობრის აჩრდილი

ალექსანდრესა და ბათურას მეგობრობის ისტორია 6 წლის წინ იწყება. პირველად ორი მეგობარი ერთმანეთს მაშინ შეხვდა, როდესაც 3 თვის ლეკვი და ხანშიშესული მამაკაცი ქუჩაში გადარჩენისთვის საჭირო პირველ ნაბიჯებს დგავდნენ.

წითური ბეწვი შავ-თეთრი ლაქებით, გამუდმებულად სველი ცხვირი და მოწყენილი „ძაღლის თვალები, რომელითაც სათვალეებიან, ხანშიშესულ მამაკაცს უყურებს. ახლა მათ ბევრი ცნობს თბილისში. თუმცა, წლების წინ ალექსანდრე, რომელიც უდარდელი სიბერის მოლოდინში ჯერ კიდევ თავის სახლში ცხოვრობდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სულ ცოტა ხანში მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა, და რომ ლუკმა-პურისთვის საშოვნელად ქუჩაში გამვლელებისთვის მოწყალების თხოვნა მოუწევდა. 

 

ჭოვრელიძის ქუჩის შესახვევთან მსხდომი მეგობრები, სიცივის მიუხედავად ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს რუსთაველის მეტროსთან
ერთად გადიან მოკლე ქუჩას
და თავის ჩვეულ ადგილზე კალათდებიან, სადაც მორიგი დღე უნდა გაატარონ ერთად, მოწყალების მოლოდინში.
„მეგონა ტკბილი სიბერე მექნებოდა, მაგრამ მწარედ ვცდებოდი...“

ამ დროის განმავლობაში ბათურასა და ალექსანდრეს კიდევ ერთი მეგობარი შეემატათ, სახელად ჩორნა. ახლა სწორედ მასთან ერთად ატარებენ მეგობრები დღეს, თუმცა, როგორც ალექსანდრე ამბობს, ბათურასგან განსხვავებით ჩორნა უფრო მეტად აქტიური და სხარტი ძაღლია. 

ხშირად ალექსანდრეს კითხვის პროცესშიც შეესწრებით. გვერდით მდგარი ბუკინისტი თავაზიანად აძლევს მას წიგნებს, თუმცა წლების მიუხედავად, ქუჩაში ყოფნის უხერხულობის გრძნობა ალექსანდრეს ჯერ კიდევ არ განელებია.

წარსულ ცხოვრებაში კი დახმარებას დიდად არ საჭიროებდა. „მშრალ ხიდზე“ ვაჭრობდა და ყოველთვიური შემოსავალიც ჰქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც სამუშაო დაკარგა, ახლის მოძებნა დღემდე ვერ მოახერხა. ქუჩაში მყოფი მოხუცებული კი სოციალურ დახმარებას აგერ უკვე სამი წელია აღარ იღებს. 

„გგონიათ აქ მინდა ვიჯდე? სირცხვილისგან არ ვიცი სად წავიდე!“

ყველაფერთან ერთად ალექსანდრეს მხედველობის პრობლემებიც აქვს. უკვე წლებია, რაც თვალის კატარაქტა აწუხებს, თუმცა სახსრების უქონლობის გამო ოპერაციას ვერ იკეთებს. 

როცა დაღამდება ალექსანდრე ისევ გაუყვება რუსთველის ქუჩას მეტრომდე. ბათურა კი მომავალ დღეს მეგობრთან შეხვედრის მოლოდინში იქვე ახლო მახლო ეზოში დაელოდება მას.  

„არის შემთხვევები მეკითხებიან - არ ყიდი ძაღლს? მეც ვეუბნები მილიონი დოლარი!“
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ