ქალი მეღვინე გურჯაანიდან

ერთადერთი მეღვინე ქალი კახეთში - თამარ დიღმელიშვილია, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში  ცხოვრობს. იგი 53 წლის არის, ჰყავს მეუღლე , ორი შვილი და ორი შვილიშვილი.

 

თამარ დიღმელიშვილი

როგორ  აქცია თამარ დიღმელიშვილმა  მამის დანატოვარი ვენახი ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ ?

 

თამარ დიღმელიშვილი მერვე  წელია მეღვინეობით დაინტერესდა, საკუთარი ღვინის ბრენდი,,თამარი” შექმნა და  ნატურალურ ღვინოს შაშიანში, საკუთარ მარანში აყენებს. ამბობს, რომ მამის დანატოვარი ვენახი გააფართოვა და ახლა  მეუღლესთან, გოჩა ფანჩვიძესთან ერთად 4 ჰექტარზე გაშენებულ ,,საფერავის“ ,,ქისის”, ,,რქაწითელის”,,მწვანეს” ,,ჰამბურგის მუსკატის”, ,,ხიხვისა “ და  ფრანგული ,,შარდონეს” ჯიშის ყურძენი მოყავს.

 

თამარ დიღმელიშვილი და გოჩა ფანჩვიძე
თამარ დიღმელიშვილი

                        გ ზ ა  ვენახიდან- მეღვინეობამდე

 

  თამარ დიღმელიშვილი -   ,,ნატურალური ღვინის დაყენების ტექნოლოგია  ჯერ ოჯახში შევისწავლე. თანამედროვე ევროპული მეთოდებით ღვინის დაყენება და ზოგადად მეღვინეობის მთავარ პრინციპებს  კი  სომელიეთა ასოციაციის ღვინის სკოლაში  ორი წლის წინ  გავეცანი. ასევე გავიარე აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული ანა გოდაბრელაძის ღვინის სკოლაც. ვფიქრობ, რომ ღვინის მარანი,რომელიც მეუღლის ხელშეწყობით საკუთარი სახლის ეზოში ავაშენე, ჩემი ბიზნესის განვითარებაში ძალიან დამეხმარა,  რადგან სწორედ აქ, ქვევრებში  ვაყენებ უნიკალური ჯიშის ღვინოებს, ვასხამ ბოთლებში და თბილისში რამდენიმე ღვინის მაღაზიაში  თითოს 25-30 ლარის ფარგლებში ვყიდი. წელს ,,თამარის” ბრენდის ღვინოები გერმანიაში, ქალაქ ბერლინშიც გავაგზავნე გასაყიდად.”

 

თამარ დიღმელიშვილი - მეღვინე

თამარის მარანში  განსაკუთრებული ღვინო ,, ფრანგული ჯიშის შარდონეა”, რომელსაც მამა-პაპური წესით ქვევრებში აყენებს. ამ ღვინის  დაგემოვნება  გურჯაანში მხოლოდ ,,თამარის” მარანშია შესაძლებელი.

 

,,თამარის “ ბრენდის ღვინოებს არაერთ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 

 

 

                                   მეღვინეობა და ტურიზმი

 

თამარ დიღმელიშვილის მარნით  წელს უკვე ტურისტებიც დაინტერესდნენ. ამიტომ თამარი   სამომავლოდ ბიზნესის გაფართოვებას გეგმავს. მარნის გვერდით ცალკე შენობას , მინი სასტუმროს აშენებს, სადაც  შესაძლებლობა ექნება ტურსიტების უკვე დიდი რაოდენობა მიიღოს  და  საუკეთესო ჯიშის ღვინოები და კახური ტრადიციული კერძებიც  დააგემოვნებინოს. თამარი და მისი მეუღლე ამბობენ, რომ მათი საოჯახო ბიზნესი მომგებიანია. განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მარანში  ტურისტების მიღება დაიწყეს.  

 

თამარ დიღმელიშვილი-მეღვინე
გოჩა ფანჩვიძე-თამარ დიღმელიშვილის მეუღლე
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ