newssafe.ge
ქალაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი

სახლიდან უნივერსიტეტამდე თუ სამსახურიდან ნებისმიერ სხვა პუნქტამდე მგზავრობა რთულია.  მიზეზი მრავალგვარია. ერთ-ერთი მთავარია ის, რომ ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ფუნქციები ქალაქის სულ რამდენიმე უბანშია თავმოყრილი და ხშირი მიმოსვლის საჭიროებაც ამ რამდენიმე უბნის მიმართულებით დგას. ეს ზრდის ერთი მიმართულებით მოსიარულე მგზავრთა ნაკადს. ტრანსპორტი ვერ პასუხობს ქალაქის მოსახლეობის ზრდას, მათ საჭიროებებს, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აისახება გარეუბნების მცხოვრებლებზე – მათ მეტი დროის გატარება უწევთ გზაში, შესაბამისად, ნაკლები დრო რჩებათ: დასვენებისთვის, განვითარებისთვის, გართობისთვის, სწავლისთვის. საბჭოთა სისტემის მორღვევის შემდეგ, თბილისი სწრაფად გაფართოვდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის იმ მასშტაბის ქალაქი, სადაც რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა და ამის გამო, ხანგრძლივი მგზავრობა გჭირდება. უბნიდან უბანში გადასვლის პრობლემა ჩვენთან მოუწესრიგებელი, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და უბნების ფუნქციების არაგონივრული გადანაწილების გამო ხელოვნურად იქმნება.

 მობილობასთან დაკავშირებული პრობლემები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თბილისის მოსახლეობაზე: NDI-ის 2017 წლის დეკემბრის კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის პრობლემათა შორის, 34-33%-მა –საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასახელა. 

ქუჩის გამოკითხვა

აღნიშნული მონაცემებით, თბილისის მოტორიზებულ  გადაადგილებებში პირველადგილს კერძო ავტომობილი, მეორეს – მიკროავტობუსები, მესამე-მეოთხეს კი მუნიციპალურიავტობუსები და მეტროპოლიტენი იყოფენ. 2011-დან 2016 წლამდე პერიოდში, გადაადგილებისდაახლოებით 12%-მა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან კერძო ავტომობილებზე გადაინაცვლა(მძღოლის ან მგზავრის რანგში). იმის გათვალისწინებით, რომ ფეხით და სხვა საშუალებებით გა-დაადგილების წილი თითქმის არ შეცვლილა  

 

ავტომობილებით გადაადგილებების ზრდა განპირობებულია ერთი მხრივ, მოსახლეობისთვის ავტომობილის მზარდი ხელმისაწვდომობით (შემოსავლების ზრდა, საკრედიტო პროგრამები, მეორადი ავტომობილების იმპორტის სიიაფე), მეორე მხრივ, მისი მიმზიდველობით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ შემოთავაზებული მომსახურების დაბალი ხარისხის ფონზე.

თბილისის მერიის სამსახურების უამრავი მცდელობა საცობის პრობლემის მოსაგვარებლად - ცნობილი სამკუთხედები, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა, ავტობუსისთვის ცალკე სამოძრაო ზოლის გამოყოფა - ჯერჯერობით შედეგის მომტანი არ არის. საცობების პრობლემა მოძრაობის ცალმხრივად გადაკეთებითა და სატრანსპორტო ნაკადის ერთი მიმართულებიდან მეორეში გადასროლით ვერ გვარდება, განსაკუთრებით იმ ქალაქში, სადაც კერძო ავტომობილების, მათ შორის ჯიპების, რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე  გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქალაქში.

აღნიშნულს ემატება ისიც, რომ ათი ავტომობილიდან რვაში მხოლოდ ერთი ადამიანი ზის და მათი დიდი ნაწილი ცენტრალურ უბნებში კონცენტრირებული ოფისების, საჯარო დაწესებულებების, სავაჭრო და გართობის დაწესებულებისკენ მიემართებიან.

 თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობაც. როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალები.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალები კიდევ ბევრი გვაქვს ქალაქში. ამ დროს, ცენტრალურ ქუჩებზე ერთმანეთის კონკურენციაში არიან მიკროავტობუსები და ავტობუსები. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მიზანია, მოხდეს ქსელის ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი იყოს აგებული არა კომერციულ ინტერესზე, არამედ მგზავრის კომფორტზე. ასევე, უფრო მეტად უნდა დაიფაროს დედაქალაქის არეალები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უფრო ოპტიმალური მარშრუტები შევთავაზოთ მომხმარებლებს და მეტად იყოს ინტეგრირებული მეტროსთან, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი ხერხემალია“ - ირაკლი ხმალაძე

მნიშვნელოვანია, რომ მერიამ მოახერხოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია საზოგადოებაში. შეძლოს ისეთი პირობების შექმნა, რომ ხალხს გაუჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულის სურვილი და უარი თქვას პირად კომფორტზე ავტომობილის სახით.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციების თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ საცობების მოგვარების ერთ-ერთი მთავარი გზა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ უნდა უკავშირდებოდეს იძულებას. მოსახლეობა მას უნდა იყენებდეს მეტი კომფორტისა და უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უკავშირდება იძულებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის პრესტიჟული” - დავით მესხიშვილი

დავით მესხიშვილი - ექსპერტი

ურბანულიი ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი აღნიშნავს, რომ პიკის საათებში განსაკუთრებით ჭირს გადაადგილება და სავალი გზის ფართობის შემცირებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვაში ხედავს.

თითოეული ადამიანი გადაადგილებისას იყენებს გზის გარკვეულ ფართს. ბუნებრივია, რაც უფრო მეტია გზაზე დაკავებული ფართობი, მით უფრო მცირდება გადაადგილების სიჩქარე და წარმოიქმნება საცობი. იმისათვის, რომ გზის ფართობი გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად, თითეული ადამიანი გადაადგილებისას უნდა იკავებდეს რაც შეიძლება ნაკლებ ფართობს.დაკავებული ფართობი დამოკიდებულია გადაადგილებისას გამოყენებულ საშუალებაზე: ყველაზე მაღალია კერძო ავტომობილით გადაადგილებისას და იკლებს, რაც უფრო ტევადი ტრანსპორტით გადავადგილდებით. მაგალითად, თბილისში ავტობუსით გადაადგილებისას, თითოეული მგზავრი იყენებს საშუალოდ,2-3-ჯერ უფრო ნაკლებ ფართს, ვიდრე მიკროავტობუსით გადაადგილებისას და 7-21-ჯერ ნაკლებს ფართს ავტომობილით გადაადგილებასთან შედარებით. შესაბამისად, რაც მეტი ადამიანი ირჩევს დაბალი ტევადობის მქონე ტრანსპორტით მგზავრობას, მით მეტი სატრანსპორტო საშუალებით იტვირთება გზა და მით ნაკლებ ადამიანს ატარებს ის დროის ერთეულში. აქედან გამომდინარე, ავტომობილების გამოყენება უფრო მეტად იწვევს საცობებს, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება.

ავტომობილების მოხმარების შემცირება შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების წახალისებით. ერთ ავტობუსს შეუძლია ჩაანაცვლოს თითქმის 60 ავტომობილი, ტრამვაის  220-მდე, ხოლო მეტროს ოთხვაგონიან მატარებელს – 400-ზე მეტი ავტომობილი ქუჩებიდან.

წყარო: "სივრცითი მობილობა თბილისში: გამოწვევები და პერსპექტივები", 2018

 

შესაბამისად, ერთი და იმავე რაოდენობის ადამიანის გადასაყვანად, საჭიროა ნაკლები რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც გამოიწვევს გზების განტვირთვას, ვიდრე კერძო ავტომობილით ან მიკროავტობუსით სარგებლობისას. მაგალითად, საათში 1000 ადამიანის გადასაყვანად, საჭიროა 641 ავტომობილი ან 63 მიკროავტობუსი. მაღალი ტევადობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამავე რაოდენობის ადამიანის გადასაყვანად, საკმარისია 11 დიდი ავტობუსი, სამითანამედროვე ჩქაროსნული ტრამვაი ან მეტროს მხოლოდ ორი მატარებელი. რაც მეტია საათშიგადაადგილებული მგზავრების რაოდენობა, მით უფრო დიდი უპირატესობა აქვს საზოგადოებრივტრანსპორტს.

წყარო: "სივრცითი მობილობა თბილისში: გამოწვევები და პერსპექტივები", 2018

 

სივრცითი განაწილება

თბილისის მერია საცობისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ ამოსავალ წერტილად მიიჩნევს მიწისზედა მეტროს აშენებას.  პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო პრველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს. სამშენებელო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. მოხდება მეტროსადგურ „სამგორის“ მოდერნიზაცია და მიწისზედა მეტროს ახალ ხაზთან დაკავშირება.

„არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტი განხორციელდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თუმცა, მიწისზედა მეტროს მშენებლობას არ ეთანხმება არც ექსპერტი დავით მესხიშვილი და არც ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის იძულებითი პროცესი, რომელიც მრავალ გეოლოგიურ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

„საერთოდ მეტრო არის მიწისქვეშა და როცა ის მიწის ზემოთ კეთდება, ეს არის იძულებითი პროცესი“ - დავით მესხიშვილი

ექსპერტები
ექსპერტები

გამოსავალი: მეტი გზა თუ ნაკლები მანქანა?

რა არის გამოსავალი? მეტი გზა? თუ ნაკლები ავტომობილი? ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ გზების მშენებლობა გადაწყვეტს პრობლემებს. ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ძველი გზები ვეღარ ატარებს ავტომობილების მომატებულ რაოდენობას და იქმნება საცობები. ასეთ დროს, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ახალი საავტომობილო მაგისტრალების, ესტაკადების, გვირაბების მშენებლობა გადაწყვეტს პრობლემებს, თუმცა, როგორც მრავალი ქალაქის მაგალითის ანალიზმა აჩვენა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ასე არის. ახალი საავტომობილო ინფრასტრუქტურის შექმნა მოითხოვს არა მარტო ფინანსურ, არამედ ასევე სივრცით რესურსებსაც, რაც ხშირად კიდევ უფრო შეზღუდულია, ვიდრე ფინანსური: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ახალი ობიექტების ასაშენებლად, ხშირად გარდაუვალი ხდება შენობების დემონტაჟი, საზოგადოებრივი სივრცის, მათ შორის გამწვანებული რეკრეაციული სივრცის შემცირება და ა.შ. მობილობის პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა არა საავტომობილო გადაადგილების გამარტივების, არამედ მისი ალტერნატივის შექმნაშია. ექსპერტები ასეთ ალტერნატივად სწორედ ტრამვაის განიხილავენ. მისი უპირატესობებია:

  • მაღალი მგზავრგამტარიანობა
  • ეკოლოგიურია
  • ეკონომიური
  • უსაფრთხო
  • ცალკე ზოლი ეთმობა, რაც ამცირებს საცობს
ტრამვაი
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ