პროფაილი
პროფაილი

  ის ყოველ დღე შიშის გრძნობით აღებს სამსახურის კარებს, რომელიც პირდაპირ გრძელ დერეფანში შედის. ეშინია იმ ამბების – ჭორების გამო, რომელიც იაშვილის ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაზე დადის. ამბობენ, სწორედ აქ ამ დერეფანში ღამღამობით გარდაცვლილი ბავშვების სულები დაწრწიან, სულები რომლებმაც მეორე სამყაროში ვერ იპოვნეს ადგილი და ორ სამყაროს შორის გაიჭედნენო. ვერ იტანს იმ ფაქტს რომ მსგავსი ჭორების სჯერა და ეშინია, მაგრამ ეს ფობია აგერ უკვე 28 წელია, ანუ ბავშვობის ასაკიდან  ვერა და ვერ მოუშორებია. მიუხედავად იმისა რომ მუდმივ ბრძოლაშია საკუთარ თავთან. „მახსოვს ბავშვობაში ღამით შეშინებულს როგორ მამშვიდებდა  დედა. მეუბნებოდა რომ რამდენიმე წელიც  გავიზრდებოდი და ეს შიშებიც დამტოვებდა. თუმცა გაზრდამ არ მიშველა, ახლა დიდი გოგო ვარ მაგრამ მოჩვენებების, ზებუნებრივი არსებების მაინც მეშინია“.

  ამიტომ, ყოველთვის აჩქარებული გულისცემითა და ამ რითმს აყოლილი ნაბიჯით ჩაირბენს ხოლმე „მოჩვენებების დერეფანს“ და შედის გასახდელში, სადაც იხდის საგულდაგულოდ შერჩეულ ტანისამოსს, ის ხომ სპეციალურად 2 საათით ადრე ადგა დილით რომ კოპლები ხაკისფერ მაისურზე ზუსტად შეფერებოდა  მომწვანო წინდების ნახატებს და ვინიცის იდიალური კომბინაციისთვის რამდენჯერ მოირგო სხვადასხვა ტანისამოსი. შემდეგ ამ კომბინაციას აგრეთვე საგულდაგულოდ დაკეცავს, (აუცილებელია რომ მაისურს 4 ნაკეცი ჰქონდეს) და გამოეწყობა სამუშაო ფორმაში, მუქი მწვანე შარვალი და ასეთივე ფერის ზედა. მიუხედავად იმისა რომ უფროსი ექთნის ეს ფორმა მიმზიდველი სულაც არაა თაკო მაინც თვლის რომ ამ  ფორმაშიც კი ის ძალიან ლამაზია. ალბად ეს მისი გრძელი, სწორი მოხდენილი ფეხების და ასევე მუქი მწვანე, დიდი თვალების დამსახურებაა, ძნელია ეს ვერ შეამჩნიო. სწორედ ამის გამო მას თაყვანისმცემლები არასდროს აკლდა, თუმცა დიდი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ თაკომ თავისი არჩევანი მის მეუღლეზე გიორგი კვანტრიშვილზე შეაჩერა. დაქორწინდა 19 წლის ასაკში, თუმცა ახლაც 8წლის შემდეგ ის თვლის რომ მაშინ გათხოვებისთვის პატარა სულაც არ იყო. „მე ზუსტად მქონდა გათვიცნობიერებული რა ნაბიჯს ვდგამდი რა სირთულეები მოჰყვებოდა ამას და ასე შემდეგ. მე ის მიყვარდა“. ახლა მათ ჰყავთ 7 წლის გოგონა  მია. თაკო ყველანაირად ცდილობს რომ თავის შვილს ჰქონდეს ის ყველაფერი რაც მას ყველაზე მეტად აკლდა ბავშვობაში. მისმა ოჯახმა დიდი ტრაგედია გამოიარა. აფხაზეთის ომი.თვითონ ეს პერიოდი კარგად აღარ ახსოვს მაშინ პატარა იყო თუმცა დედისგან ეს ისტორია ძალიან, ძალიან ბევრჯერ აქვს მოსმენილი. მამა აფხაზეთის ომში დაკარგა, აფხაზეთშივე დატოვა დედის ღიმილი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ მძიმე დღეები გამოიარა. განსაკუთრებით ცუდად ახსენდება სკოლის პერიოდი. თანაკლასელები, რომლებთანაც მას ისედაც არ ქონდა სახარბიელო ურთიერთობა, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ უფრო სძულდებოდა.რადგან მათ მშობლები აკითხავდნენ წასაყვანად, თაკოს კი ხშირად მარტო უწევდა სახლში დაბრუნება, როცა ბებოსაც არ ეცალა მის წამოსაყვანად. ეს სიძულვილი და შური უფრო ძლიერდებოდა თუკი თანაკლასელებს მამა მოაკითხავდა. „ მე ვიცოდი რომ მამა ჩემთან აღარასდროს მოვიდოდა“.

  ასეთი სევდიანი განწყობით ბრუნდებოდა სახლში. სახლში, რომელიც მის ოჯახს არ ეკუთვნოდა.ის ხომ ტოლვილი იყო. და  პირველ რიგში იწყებდა სახლის ლაგებას.მას არ შეეძლო დამჯდარიყო  სკამზე რომელიც 2–3 საათზე მეტია არ გაწმენდილა. მისი განწყობა კიდევ უდფრო სევდიანი ხდებოდა ზამთრის პერიოდში, როცა გათოშილ ხელებს ვერსად ითბობდა, ღამე  მალე მოდიოდა, მასთან ერთად კი მოჩვენებები.იჯდა ახლად გადმოწმენდილ ფანჯრის რაფაზე და გაჰყურებდა ქუჩას სადაც მალე დედა უნდა გამოჩენილიყო. აი ასე გადიოდა ნაცრისფერი დღეები ნაცრისფერ ქალაქში.

  თუმცა იყო ფერადი დღეებიც მაგალითად ახალი წელი. „ჩემი საყვარელი დღესასწაულია ახალი წელი და შობა“, ამ დღეს ყველა ერთად ვიკრიბებოდით , მართალია ცოტა გვიჭირდა პაწაწუნა მაგიდასთან მოთავსება, რომელიც ბებოს დიდი ძალისხმევის მიუხედავად მაინც ვერ შეევსო, მაგრამ მე მიყვარდა როგორ ხუმრობდნენ ამაზე ჩემი დეიდა ჩემი ბიძა და დედაჩემი. მომწონდა მათი ურთიერთობა.ვიცოდი დაძმა არ მეყოლებოდა, მაგრამ ხომ მყავს ლანა და სოფო ჩემი საყვარელი დეიდის შვილები. მათთან ყოფნა ნამდვილი დღესასწაულია. მახსოვს ყოველ ახალწელს როგორ ვცდილობდით არ დაგვეძინა და გვენახა ის იდუმალი თოვლის ბაბუა, რომელიც ტკბილეულს ჭრაჭუნა ქაღალდში შეფუთულს ბალიშის ქვეშ გვიდებდა ხოლმე ჩუმად. დილით კი ჩვენ მიუხედავად იმისა ღომ თოვლის ბაბუა ვერ ვნახეთ ველაზე ბედნიერი ბავშვები ვიყავით მთელს დედამიწაზე. „ჰმმ საოცარია რა მცირედმა შეიძლებაა გააბედნიეროს  ბავშვი“.

  ახალი წლის დღეები გადიოდა და იწყებოდა ისევ ნაცრისფერი დღეები, ისევ მარტოობა, ისევ სევდა, ისევ მოჩვენებები. თაკომ ამას მე–9 კლასამდე გაუძლო შემდეგ კი  სიხარულით დაემშვიდობა საძულველ თანაკლასელებს და კოლეჯში ჩააბარა სამედიცინო განხრით. აქ ის თავს ისე მარტოდ აღარ გრძნობდა  აქ ხომ მშობელი არავის აკითხავდა. ახალი ურთიერთობები, ახალი ნაცნობები, ახალი გარემო და მეგობრებიც კი. ამან თაკოს ჩაკეტილი კარი გააღებინა და გულღია ადამიანად გადააქცია. კოლეჯის შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტი, ოჯახი, შვილი, შემდეგ მცირე პროფესიული პაუზა ბავშვის გამო, გასულ წელს კი ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილი აუხდა და იაშვილის ბავშვთა რეამინაციულ განყოფილებაში დაიწყო მუშაობა, მისი უნარების გამო მალევე დააწინაურეს და ახლა ის განყოფილების უფროსი ექთანია. მან არაერთი გამოწვევა დაძლია, თუმცა მოჩვენებები რომლებიც სოხუმიდან თბილისში გამოჰყვნენ ვერა და ვერ განდევნა.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ