პარაოლიმპიელები

საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების მხრიდან ყოველდღიურად აწყდებიან სტიგმატიზაციებს. ამის მიუხედავად, ინფორმაციულობა  ქვეყანაში მიმდინარე პარასპორტული წარმატების შესახებ ჯერ კიდევ დაბალია თუმცა ნელ-ნელა ამ სპორტის პოპულარიზება ხდება. 2017 წლის აპრილში, იტალიაში გამართულ ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატიდან ირმა ხეცურიანმა და ნინო თიბილაშვილმა ჩამოიტანეს ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლები.

პარასპორტის განვითარებას საქართველოში დრო დასჭირდა. 2003 წელს დაარსდა საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი და პირველად სპორტსმენების გაშვება 2008 წელს მოხერხდა, პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე. 2013 წელს თბილისში გაიხსნა პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელსაც ორ წელიწადში დაემატა სპორტულ-სარეაბილიტაციო კომპლექსი. დღეს ეს ადგილი 16 სხვადასხვა სპორტის სახეობაში ატარებს ვარჯიშებს და ემსახურება 194 სპორტსმენს მთელი საქართველოდან, მათ შორის 18 ქალს.

ამ სპორტში დაგროვდა გარკვეული სახის გამოცდილება. გვყავს გამოცდილი პარაოლიმპიელები, რომელთაც რამდენიმე მედალიც აქვთ აღებული, ასევე დამწყები სპორტსმენები -  ჯერჯერობით არც ისე მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევებით. მათ აქვთ ისეთი განსხვავებული ინტერესები, როგორებიცაა კრიმინოლოგია და ხალხური მუსიკა. თითოეულ მათგანს ერთი ოცნება აერთიანებს, მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში.

 

ირმა ხეცურიანი ეტლით მოფარიკავე პარაოლიმპიელია, რომელმაც არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

 

"დავიწყებ იმით რომ გამარჯვება, პირველობა როგორც ასეთი არ იყო ჩვენი გუნდისთვის მთავარი მოწოდება. დაემთხვა ასე, რადგან ხარისხი დავდეთ ფარიკაობაში. ჩემთვის, ჩემი მწვრთნელისთვის და ზოგადად გუნდისთვის, ძირითადი მნიშვნელობა სწორედ  ხარისხს ექცევა. დავუშვათ, მე მოვიგე და ცუდად ვიფარიკავე, როცა გამოვალ საფარიკაო ველიდან, ჩემი მწვრთნელი ასე რომ ვთქვათ "გამლანძღავს". ეს არის ყველაზე ცუდი შეფასება რაც კი არსებობს". - აცხადებს ირმა ხეცურიანი.

 

ინტერვიუ ირმასთან
ვანო წიკლაური
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ