მიგრაცია გურჯაანში

ბოლო ათეული წელია, საქართველოში შექმნილი  მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, სამშობლო ბევრმა ადამიანმა დატოვა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ქართველი ემიგრანტია საზღვარგარეთ, რადგან მათი უმრავლესობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს. თუმცა, მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, ქვეყნიდან გასულთა რაოდენობამ 2 მილიონს უკვე გადააჭარბა. კახეთშიც, საქართველოს დანარჩენი კუთხეების მსგავსად, ემიგრანტთა რიცხვი მზარდია.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მოსახლეობის  2014 წლის აღწერის კახეთიდან წასული ემიგრანტთა მონაცემები

 

 

ემიგრაცია ამერიკაში და სამშობლოში დატოვებული ერთადერთი შვილი

 

29 წლის ცისნამი საყვარლიშვილი უკვე მერვე წელია ემიგრაციაშია. იგი გურჯაანის რაიონის სოფელი ვაჩნაძიანიდანაა და ამჟამად ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში ცხოვრობს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჯერ იტალიაში წავიდა სასწავლებლად და სამუშაოდ, 4 წლის შემდეგ კი იქიდან “ამერიკული ოცნების” ასახდენად შტატებში გაემგზავრა.

 

ცისნამი მარტოხელა დედაა.  ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დედას ერთი წლის შვილი გასაზრდელად დაუტოვა და სამუშაოდ იტალიაში წავიდა. 8 წლის განმავლობაში საქართველოში ორჯერ, მცირე ხნით იყო ჩამოსული და წლებია შვილს მხოლოდ ინტერნეტით და ვიდეოთვალის საშუალებით ეკონტაქტება. ამბობს, რომ მანძილმა დედა-შვილს შორის ურთიერთობა გააუცხოვა და გააუფერულა, რადგან პატარა ირაკლისთვის დედის ფუნქციას ბებია ასრულებს.  ცისნამს საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა ამას როდის მოახერხებს,  ჯერ არ იცის.

 

ცისნამი საყვარლიშვილი ემიგრანტი

მიგრაცია გურჯაანში

 

მიგრაციის პროცესი ბოლო წლების განმავლობაში არამხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ რეგიონიდან დედაქალაქის მიმართულებითაც აქტიურია. გურჯაანის ყველა სოფელში იკლო მოსახლეობამ. ბევრი სახლი მიტოვებული და დაკეტილია.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ბოლო წლებში გურჯაანში მოსახლეობის რაოდენობა 15000-ით შემცირდა. 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, ამჟამად მუნიციპალიტეტში სულ 55 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

 

მარინე ზარდიაშვილი

სოფელ გურჯაანში, ერთ დროს ხალხმრავალ უბანში მცხოვრებ 57 წლის მარინე ზარდიაშვილს მეზობლები თითზე ჩამოსათვლელადღა ჰყავს. ამბობს, რომ მისმა უბნელებმა სოფელი მიატოვეს. ზოგი თბილისში, უმრავლესობა კი საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთში, საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთში წავიდა. მარინეს ორი ბიჭი ჰყავს, მაგრამ მარტო ცხოვრობს, რადგან მისი შვილები თბილისში მუშაობენ.

 

მარინე ზარდიაშვილი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსის, პაატა შავიშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის აღწერის მონაცემები არ ასახავს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა სრულ სურათს, რადგან დათვლილია მხოლოდ საზღვარგარეთ ლეგალურად მცხოვრებთა მონაცემები.  აღწერის შედეგების მიხედვით კახეთის რეგიონიდან 7271 ემიგრანტია წასული. აქედან მათი უმრავლესობა ქალია- 4286  და 2985 მამაკაცი.

 

 

მიგრაციის სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით ძალიან სწრაფად იზრდება. 2015 წელს, საერთაშორისო მიგრანტთა რიცხვმა მსოფლიოში, უმაღლეს ნიშნულს,  244 მილიონს მიაღწია, რაც 41%-ით მეტია 2000 წლის მონაცემებზე.ადამიანები საცხოვრებელ ადგილს იცვლიან, უკეთეს გარემოს, კლიმატს, სამსახურს თუ საარსებო პირობებს ეძებენ. საქართველოდან ძირითადად სამუშაოდ და სასწავლებლად მიდიან.  გაგრძელდება თუ არა  ემიგრაციის პროცესი, ეს ხელისუფლების სამოქმედო გეგმაზეა დამოკიდებული.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ