მიგრანტები საქართველოში

საქართველოში მიგრანტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც ასე თუ ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს, მიგრანტებს შორის არიან სტუდენტები, რომლებმაც უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველო აირჩიეს. თუმცა მათი თქმით არჩევანში არ გაუმართლათ, იმ მხრივ რომ სწავლის გაგრძელაბას ვეღარ ახერხებენ, ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
ერაყელი სტუდენტი, ჰამოდი ბადერ ალჯიბორი საქართველოში ხუთი წლის წინ სტომატოლოგიის შესასწავლად ჩამოვიდა, ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც გასულ წელს გარკვეული პრობლემა შეექმნა ვიზასთან დაკავშირებით და ის დღემდე სასამართლოში აგრძელებს დავას სტუდენტის სტატუსის შესანარჩუნებლად.
„ როდესაც საქართველოში ჩამოვედი, პირველი ორი წელი სააკაშვილის პერიოდში არანაირი პრობლემა არ გვქონდა, ხოლო როდესაც მთავრობა შეიცვალა მათ პირადობის მოწმობები მოგვთხოვეს, რომლებიც მივიღეთ 2 ან 3 წლის ვადით ( დამოკიდებულია შენს პასპორტზე, უნივერსიტეტზე, ფაკულტეტზე და ასე შემდეგ ), პირადობის ვადის გასვლის შემდეგ თავიდან შევიტანეთ განაცხადი მის გაგრძელებაზე, რაზეც უარი მივიღეთ, ეს იმას ნიშნავდა ,რომ ჩვენ საქართველოში სწავლას ვეღარ გავაგრძელებდით, ამიტომ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, პასუხს დღემდე ველოდებით, ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვართ, ჩემს ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო, კერძოდ ომი ერაყსა და ამერიკას შორის, ჩვენს პასპორტს ამჟამად ცუდი სახელი აქვს.“
საქართველოში ცხოვრება ძალიან მოსწონს, ხუთი წლის განმავლობაში ბევრი მეგობარი შეიძინა, განსაკუთრებული ურთიერთობა ქართველ მეგობრებთან აქვს, რაშიც მას ქართული ენის ცოდნაც ეხმარება. ხუთი წელი საკმარისი აღმოჩნდა ჰამოდისთვის, რომ ქართული კარგად ესწავლა და ახლა ის თავად ეხმარება ახალ ჩამოსულ ერაყელ სტუდენტებს ქართულის სწავლაში.
„ საქართველოში სწავლა ჩემთვის უფრო მოსახერხებელი იყო, რადგან ჩემს ფაკულტეტზე სწავლა ინგლისურადაც ხდება, იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც არჩევანი მქონდა, რომ მესწავლა, მაგალითად რუსეთი. იქ მხოლოდ რუსულად ასწავლიდნენ. გარდა ამისა, საქართველოში სწავლა გაცილებით უფრო იაფია სხვა ქვეყნებთან შედარებით“.
ჰამოდი დროის ნახევარს სწავლას და ვარჯიშს უთმობს, დადის პრაქტიკებზე კლინიკაში და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, უყვარს ვარჯიში და ამიტომ თავისუფალ დროს სავარჯიშო დარბაზში ატარებს. საქართველოში პოლიტიკა და პოლიტიკოსები არ მოსწონს, განსაკუთრებით ბინადრობასთან შექმნილი პრობლემების შემდეგ. მას სურს, რომ საქართველოში იქამდე მაინც გააგრძელოს ცხოვრებას, ვიდრე სწავლას არ მორჩება, თუმცა ამის იმედი აღარ აქვს.

  სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოში უცხოეთიდან მიგრირებული ადამიანების რიცხვი 86 000-მდეა, აქედან 85 604-მა ადამიანმა მიიღო ბინადრობის უფლება. ამათგან ნახევარზე მეტი სტუდენტები არიან. იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებმაც ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თავი დაანებეს სწავლას, სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით მონაცემები არ მოიძებნება.

„საქართველოს უნივერსიტეტი“ ის უნივერსიტეტია, სადაც ყველაზე ბევრი ერაყელი სწავლობს სამედიცინოს განხრით, მათი რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება, საინტერსოა, რა განაპირობებს მათ ასეთ დაინტერესებას საქართველოსადმი. ამ საკითხით ამერიკელი ჟურნალისტებიც დაინტერსდნენ. ამერიკულ გამოცემაში «Al-Monitor» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: " რა იზიდავთ ირანელებს საქართველოში?" სტატიაში აღნიშნულია, რომ ირანელები, რომლებსაც ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაცია "ყელში აქვთ ამოსული", იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ. სტატიაში ამოვიკითხავთ: "საქართველო მათთვის ევროპაში გასასვლელ კარს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ორ სახელმწიფოს შორის 2016 წელს უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, კავკასიურ ქვეყანაში წამსვლელ ირანელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. უკვე ბევრი ირანელი ფიქრობს საქართველოში დამკვიდრებას, სადაც საცხოვრებელი ბინის ქირა, ცხოვრების ღირებულება და ინფლაციის დონე (2,8%) ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ირანში (9,4%).როგორც საქართველოში ირანის ელჩის სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის მიერ 24 აგვისტოს გაცხადებული მონაცემები მოწმობს, უვიზო რეჟიმის შეთანხმებაზე ხელმოწერამ ხელი შეუწყო ირანელთა დაინტერესებას საქართველოს მიმართ და შედეგმაც არ დააყოვნა: ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანას 323 ათასი ირანელი ეწვია და თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება, მომავალ წელს რაოდენობა შეიძლება ერთ მილიონამდე გაიზარდოს. ირანელების ინტერესი საქართველოსადმი ნაწილობრივ ორი ქვეყნის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების სპეციფიკით არის გამოწვეული: დღევანდელი საქართველო მე-19 საუკუნემდე გარკვეულ პერიოდებში სპარსეთის იმპერიის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფებოდა.

  ირანელების დაინტერესება შეიძლება პირიქით შემოატრიალოს საქართველოში შექმნილმა პრობლემებმა. არქივს თუ გადავხედავთ მივხვდებით, რომ ჰამოდის გარდა არის კიდევ ბევრი სტუდენტი, რომლებიც მსგავს პრობლემას წააწყდნენ.
2016 წელს დავუბრუნდეთ, როცა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყანაში ბინადრობის მოწმობის მოქმედება შეუჩერა 8 ირანელ სტუდენტს, რომელიც ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, საქართველოში ბინადრობაზე უარი მათ გასული წლის 25 დეკემბერს მიიღეს, მიზეზად კი სამინისტროში ის გარემოება დაუსახელეს, რომ “ისინი სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ”.
ირანელმა სტუდენტებმა დახმარებისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მიმართეს, რომელიც შუამავლობას და ერთი კვირის განმავლობაში პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა ერთი კვირის თავზე მათ საბოლოო უარი და მასთან ერთად რეკომენდაცია მიიღეს, ევროპის უნივერსიტეტებისთვის მიემართათ.
  როგორც სტუდენტები აცხადებენ, საქართველოში ბინადრობის მოწმობასთან ერთად, ისინი კარგავენ არა მარტო დროს – 3 წელიწადს, რომელიც აქ სწავლაში გაატარეს, არამედ გადახდილ თანხასაც.
როგორც ჰამოდი ალ ჯიბორი ამბობს ,ემიგრანტობა ადვილი არ არის, მითუმეტეს, როცა სწავლის გასაგრძელებლად ხარ წასული შენთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, ყველაზე რთული შეგუების პროცესია, უცხო ხალხთან, უცხო ტრადიციებთან, უცხო ენასთან,... გადის წლები, ეგუები საცხოვრებელს, ხალხსაც, მათ ტრადიციებსაც, ენაც ისწავლე, ახლა უფრო მარტივი ხდება „უცხო ქვეყანაში“ ცხოვრება, მეგობრებიც შეიძინე, რომლებიც ერთ დროს ალმაცერად გიყურებდნენ სხვა ქვეყნიდან ჩასულს. ერთი შეხედვით ყველაფერი დალაგდა, შეიძლებაა ნორმალურადაც იცხოვრო, მაგრამ პირადობას გასდის ვადა და მას უბრალოდ ასე, აღარ გვიგრძელებენ ‘შეგუებული ქვეყნიდან“ წასვლას გვთხოვენ, ამ დროს აცნობიერებ, რომ სწავლას ვეღარ აგრძელებ და ყველაფერი, ფულიც, დროც, ენერგიაც უბრალოდ ტყუილად დახარჯე. ახლა სხვა ეტაპი იწყება, ეგუები ან იბრძვი.

რეპორტაჟი ერაყელ სტუდენტთან:

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ