მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ადამიანების რეალობა

ცხოვრება სახლის დანგრევის შიშის ქვეშ -კარდენახში ე.წ შაკიაანთ უბანში რამდენიმე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათ სახლებს ბზარები დღითიდღე ემატება და შესაძლოა მალე ჩამოინგრეს. 10 მდე ოჯახმა საცხოვრებელი უკვე დატოვა, დანარჩენები კი განსახლების მოლოდინში არიან. დახმარება რაიონის გამგეობასა და შესაბამის სამინისტროს არაერთხელ სთხოვეს, თუმცა გეოლოგების დასკვნის მიუხედავად პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

 

სოფელი კარდენახი, შაკიაანთ უბანი
ნათელა დარჩიაშვილი-სოფ.კარდენახის მკვიდრი

დაბზარული კედლები,   დაზიანებული ჭერი და იატაკი  - ასეთ პირობებში , მეწყერსაშიშ ზონაში  ცხოვრობს  სოფელ კარდენახში დარჩიაშვილების 6 სულიანი ოჯახი. ნათელა დარჩიაშვილი ამბობს, რომ სახლს   ყოველწლიურად ბზარები ემატება  და შესაძლოა მალე ჩამოინგრეს. პრობლემის მოსაგვარებლად  შარშან  გურჯაანის გამგეობას და ლტოლვილთა და განსახლების  სამინისტროს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.  მისი ინფორმაციით გეოლოგებმა სახლის შემოწმების შემდეგ დასკვნაში ჩაწერეს, რომ სახლი დანგრევის საშიშროების წინაშეა , თუმცა რატომღაც მეწყერულ ზონად არ ჩათვალეს და ოჯახს არც განსახლება და არც ფინანსური დახმარება არ აღმოუჩინეს. ნათელა დარჩიაშვილის მსგავს მდგომარეობაშია   მისი რამდენიმე მეზობელიც. მათი საცხოვრებელი სახლებიც  დანგრევის პირასაა.   

 

დარჩიაშვილების ოჯახის საცხოვრებელი

ნათელა დარჩიაშვილი-სოფელ კარდენახში მცხოვრები

მეწყერსაშიშ ზონაში მოყვა კარდენახში მამუკა მღვდლიაშვილის  საცხოვრებელიც. მისი თქმით სახლის ორივე სართული  იმდენად ავარიულია, რომ    შესაძლოა მალე ჩამოინგრეს. მამუკა მღვდლიაშვილი  ამბობს, რომ მისი მეზობლები, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა  სამინისტრომ გაასახლა და ახლა თავადაც განსახლებას ითხოვს.

 

მამუკა მღვდლიაშვილის სახლი
მამუკა მღვდლიაშვილი-სოფელ კარდენახის მკვიდრი

    გურჯაანის გამგეობის პასუხი კარდენახში , მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს.

 

გურჯაანის გამგეობაში ამბობენ, რომ კარდენახში მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების განსახლების საკითხი  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს  პრეროგატივაა. დარჩიაშვილის და მღვდლიაშვილის ოჯახებს კი ურჩევენ, რომ  სახლის შემოწმებაზე განაცხადი ახლიდან გააკეთონ. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ასეთი ოჯახების განსახლების საკითხს  მხოლოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებული დასკვნის საფუძველზე წყვეტენ. გურჯაანის გამგეობის ინფრასტრუქტურის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გია ამისულაშვილი განმარტავს, რომ  მეწყერსაშიშ ზონაში ითვლებიან მხოლოდ ის  ოჯახები, რომელთა სახლებიც ისეა დაზიანებული რომ იქ აღარ იცხოვრება და იმ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებლის აშენებაც დაუშვებელია.

 

გია ამისულაშვილი-გურჯაანის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

რა არის პრობლემიდან გამოსავალი?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში , მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს ამ ეტაპზე  ვერც  ლტოლვილთა  და განსახლების სამინისტრო და ვერც გურჯაანის გამგეობა ვერ პირდება რეალურ დახმარებას. ერთადერთი რაც შეიძლება მათ გააკეთონ  არის ის, რომ განაცხადი ახლიდან შეავსონ და დაელოდონ სახლის ახლიდან შემოწმებას, ან თავად , თავიანთი ფინანსებით მოიგვარონ პრობლემა.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ