გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მე-16 საუკუნის მარანი-მუზეუმი ,,ნუმისი “ სოფელში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი კულტურის კერაა. ,,ნუმისი” მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან იზიდავს ტურისტებს.
კახეთში და კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში ტურიზმი ძირითადად ღვინის კუთხით ვითარდება. ყველაზე პოპულარული საოჯახო ტიპის მარნებია, მე-16 საუკუნის გვიან ფეოდალური ხანის ველისციხის მარანი-მუზეუმი ,,ნუმისი “ კი არამხოლოდ კახეთში, არამედ საქართველოშიც ერთადერთია რომელსაც ანალოგი არ აქვს. მისი დიასახლისი 61 წლის ნუნუ კარდენახლიშვილია. მან 15 წლის წინ დაიწყო მარნის მშენებლობა და თუ როგორ შექმნა უნიკალური და ყველსგან გამორჩული მუზეუმი - მარანში , ამის შესახებ თავად მოგვიყვება.
უძველესი მარანი , სადაც ძველი ტექნოლოგიებით, მუხის კასრში და თიხის ჭურჭელში დამზადებული ღვინო ინახება, დაახლოებით 15 ათასამდე ნივთი და ისტორიულ-არქეულოგიური ინვენტარი- ეს ყველაფერი რომელიც უძველეს ხანაში გვაბრუნებს და ძველ ქართულ ტრადიციებს გვახსენებს ,,ნუმისის” სამსართულიან შენობაშია განთავსებული. აქ ნახავთ ძველ საწნახელს, საწურს, ქვევრებს, ჩვ.წ.დათარიღებული თიხისა და ბრინჯაოს ხანის ჭურჭელს. ასევე არქეოლოგიური და მონოლითური ხანის ნივთებს, ძველ ხალიჩებს, ფარდაგებს. მუზეუმის მეორე სართულზე თანამედროვეობისა და ძველი ნივთების სინთეზია. საინტერესო და სხვადასხვა ნივთებს შორის ,,ნუმისის” დიასახლისის ნუნუ კარდენახლიშვილის ნაქარგებია, როგორიცაა ძველი ბუხრის შირმა და აღდგომის ხატი. გერმანული როიალი ,,ბეკერი”, ფრანგული მაგიდა ,,მარკეტერი”, გერმანული 150 წლის ,,გრამაფონი”, რუსული ხელსაბანების ფართო სპექტრი და სხვა მრავალი უძველესი და უნიკალური ნივთები. ყველაზე ძველი ნივთი კი ლურსმული დამწერლობის დიდი ქვაა,, ტოტემური ნიშან სვეტი-მფლობელობის აღმნიშვნელი”.
წლების წინ, როდესაც ნუნუ კარდენახლიშვილი მარან-მუზეუმს აშენებდა,როგორც თავად ამბობს ვერც კი წარმოიდგენდა,რომ ,,ნუმისი” ტურიზმის ცენტრი გახდებოდა. აქ ყოველდღიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელიწადში დაახლოებით 15 ათასამდე ტურისტს მასპინძლობს მარანი. ნუნუ კარდენახლიშვილის თქმით ტურისტები რომ მოეზიდა წლების წინ სახელმწიფოსგან დახმარების სახით აბრა და საერთაშორისო რუკაზე განთავსება მიიღო. ახლა კი მათი მხრიდან დახმარება აღარ სჭირდება, რადგან ტურისტები მარანში უკვე საკუთარი კონტაქტების საშუალებით ჩამოდიან.
მარანი -მუზეუმი ,,ნუმისის,, ხელმძღვანელი საკუთარი ბიზნესით კმაყოფილია. ამბობს, რომ ამჟამად 15-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული და მალე თანამშრომლების დამატებასაც გეგმავს. ნუნუ კარდენახლიშვილის სამომავლო გეგმებში ერთსართულიანი ქვევრის მარნის გაკეთება და ,,ნუმისის” გვერდით სასტუმროს მშენებლობა შედის.