მამა-ჩემი გმირია !

მისი დღე 6 საათზე იწყება, სამსახურში პირველი მიდის, პაციენტების მოსვლამდე საქმე უნდა მოასწროს. უფროსი ორთოპედია, ფეხზე მყარად დგას, შეიძლება ითქვას ორივეზე, 3 შვილი ჰყავს და ყოველ დილით მარჯვენა ფეხზე დგება, სწორედ ამიტომ თითქმის სულ კარგ ხასიათზეა.

 

ზღვისპირა ქალაქში დაიბადა, ქალაქში სადაც ცა ცისფერი, სანაპირო ფერადკენჭებიანი, ხალხი კი ერთმანეთის მეგობარი იყო. აფხაზეთი მისთვის სითბოსთან და მზესთან ასოცირდება. მოგონებებიც ასეთივეა: თბილი და მზიანი.

ბავშვობა სოხუმში გაატარა, უფრო სწორედ, შეიძლება ითქვას, რომ სოხუმში დატოვა. ფეხი 11 თვისამ აიდგა, მას შემდეგ მუდამ წელში გამართული დადიოდა. უყვარდა თავისუფლება, გრძნობა რომელიც დამოუკიდებელს, ძლიერს და ბედნიერს ხდიდა. აკვანში დაბმული ტირილს იწყებდა, თავისუფლების წყურვილი არ ასვენებდა, არტახებიდან ფეხებს ითავისუფლებდა და წყნარდებოდა.

აქტიური ბავშვი იყო, უსაქმოდ ყოფნა არასოდეს შეეძლო, მუდამ ხეებზე დაძვრებოდა, დასდევდა ბაყაყებს, ეჯიბრებოდა მათ, აინტერესებდა, დამალვამდე დაჭერას თუ დაასწრებდა, თუ მოუგებდა ბედნიერებით სავსე, გამარჯვებული სახით მათაც თავისუფლებას ანიჭებდა, იმ თავისუფლებას რომელიც თვითონ ასე ძალიან უყვარდა.

მთელ დღეს ძმასთან ერთად, მათ მიერ აშენებულ პატარა სახელოსნოში ატარებდა, დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით და შემდეგ ამ ფოტოების გამჟღავნებით, ატარებდა უამრავ ექსპერიმენტს, გოგირდმჟავასგან მარილმჟავას მიღება, ასაფეთქებლების შექმნა და შემდეგ მათი აფეთქება, მისი ინტერესის სფეროს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია.

მე-9 კლასში იყო როდესაც დედას და მამას სახლის შენებაში ეხმარებოდა, მაშინ უკვე დიდი ბიჭი იყო და მასაც შეეძლო საკუთარი კერის შექმნაში მონაწილეობის მიღება, რაც მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. აგურს აგურზე დებდა, ყოველ დღე უფრო მეტად იზრდებოდა, აშენებდა სახლს სადაც ტკბილად უნდა ეცხოვრა დედასთან, მამასთან, ძმასთან ერთად...

თუმცა, 17 წლისას მამა გარდაეცვალა. მას შემდეგ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

„მამის გარეშე შევედი იმ ასაკში, როდესაც კაცი უნდა გავმხდარიყავი. მამის გარეშე მომიწია დიდ პრობლემებთან შეჯახება, მინდოდა რჩევა, ვერავის ვუბედავდი კითხვის დასმას, მინდოდა მამა ყოფილიყო ჩემ გვერდით, კაცი რომელიც იქნებოდა ჩემი ყველაზე დიდი მრჩეველი, კაცი რომელიც დამეხმარებოდა მომეგვარებინა ყველანაირი პრობლემა. დამოუკიდებელი გავხდი, არ მყავდა მრჩეველი, მამა ზუსტად იმ დროს დავკარგე, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ჩემს სტუდენტობას ვერ მოესწრო, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა, ამიტომაც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ვაჟთა სახალხო კაპელაში გავწევრიანდი“

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში, ინჟინერ-ფიზიკოსის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. ამზადებდა თერმო ელექტრო ბატარეას, სარაკეტო ჭურვების კვების ბლოკისათვის.

ცოტახანში მიხვდა, რომ მხოლოდ ფიზიკოსობა მისთვის, ბავშვობიდან აქტიური ადამიანისათვის მოსაწყენი იყო, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი ანსამბლი შეექმნა, მასთან ერთად მომუშავე ბიჭები შემოიკრიბა და ეროვნული გმირის გურამ გაბისკირიას ძმასთან, ნიკოლოზ გაბისკირიასთან ერთად ანსამბლს „საუნჯე“ დაარქვა. თავდაპირველად იყვნენ ოთხნი, შემდეგ მათი რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.

მოიარეს მთელი საბჭოთა კავშირი, საზღვრებს გარეთ არ უშვებდნენ, რადგან მათი ინსტიტუტი საიდუმლო, ე.წ დახურული ზონა იყო. ისინი მუშაობდნენ თავდაცვაზე, იარაღზე, ეკრძალებოდათ სოხუმში ჩამოსულ ტურისტებთან ლაპარაკიც, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა შეექმნებოდათ.

 

 

შემდეგ იყო ომი ... სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

 ქართულ შენაერთებს აფხაზებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ. 

„ომი დაახლოებით 4 თვის დაწყებული იყო, ომში პრინციპულად არ მივდიოდი, ვთვლიდი, რომ ეს ომი არასწორი იყო, ვიცოდი რა ბინძურიც იყო. ჩემზე წინ ჩემი ძმა წავიდა, თბილისიდან, ბატალიონ „ორბის“ წევრი . მეზობელი გარდაგვეცვალა, ხანდაზმული ქალი, მის ოჯახს ვეხმარებოდი, რთული პერიოდი იყო, არაფერი იშოვებოდა, არც პური, არც ღვინო, არც კუბოს ფიცარი.

სუფრასთან ვიჯექით, ვისმენდი ხუმრობებს, ომში ჩემი მეგობარი დაიღუპა, დაიღუპა ერთი მეზობელი, ასევე ახალგაზრდა ბიჭი. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ჩემ გარშემო ხალხი იღუპებოდა, ტყვიებს ეწირებოდა, მე კი მოქეიფე მეზობლებთან ერთად ვიჯექი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ომში მეც უნდა წავსულიყავი, უნდა დავმდგარიყავი ჩემი ძმის გვერდით. ცოლს და დედას გამოვეპარე, დრანდის ცენტრში დავდექი, ჩემკენ სამხედრო მანქანა წამოვიდა, გავაჩერე და ჩავჯექი. გვერდზე მჯდომმა მკითხა სად მიდიხარო, ვუპასუხე, რომ კინდღში მივდიოდი, იქ სადაც ჩემი ძმის ბრიგადა იდგა, ვუთხარი, რომ მეც უნდა ამეღო იარაღი ხელში. სწორედ აქედან დავიწყე ბრძოლა."

ერთ-ერთი სადაზვერვო დავალების შესრულება, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მთებში, ბილიკზე მიდიოდა, როდესაც მიწაში ჩამარხული ნაღმი აფეთქდა, ნაღმზე აფეთქდა მის საშველად გამოქცეული ამირან ადამიაც, რომელიც დღეს მისი პაციენტია.

„ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს ანუარხუს სიმაღლეზე ვიყავით ასულები. მოულოდნელად ნაღმი აფეთქდა და ჩემს თანამებრძოლთან ერთად დავიჭერი. გონზე მოსული ვერ ვხვდებოდი რა მოხდა, ტერფის ნაწილი ადგილზე დავკარგე. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ ქსოვილები დაზიანებული იყო და ამის გამო ფეხი მომკვეთეს. 1 კვირა აგუძერის ჰოსპიტალში გავატარე, მომდევნო 3 თვე თბილისში. 3 თვეში, 3 ოპერაცია გადავიტანე ზედიზედ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ისევ სოხუმში დავბრუნდი.“

16 სექტემბერს, აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან.  სოხუმელი ბადრი კალანდია ბოლო გემით გამოიყვანეს, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

თბილისში ცხოვრება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. მისი მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. საჭირო გახდა პროთეზზე ზრუნვა, რადგან ფეხზე დამდგარიყო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორთოპედიულ ცენტრში ბადრი კალანდია 1994 წელს როგორც პაციენტი, ისე მივიდა. პაციენტად მოსულ უმუშევარ ფიზიკოსს, დევნილს, ორი შვილის მამას, ორთოპედიული ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წარმოშობით ფრანგი ფრანსუა ფრიდელი გამოელაპარაკა. ფრანსუა დაინტერესდა მისი ისტორიით და სამუშაო შესთავაზა.

„მაშინ წარმოება აწყობის პროცესში იყო, მოვედი როგორც პაციენტი და დავრჩი როგორც ორთოპედი.“

დღეს, იგი საპროთეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართულ ფონდში უფროსი ორთოპედია, ეხმარება უამრავ ადამიანს, პრობლემის დაძლევაში, ფეხზე დადგომასა და ხელახლა გავლაში. პროტეზი რომელზეც თავად დგას, მისი დამზადებულია. 

16 წელია მარტო ცხოვრობს დედასთან და 3 შვილთან ერთად. დიდი ოჯახი აქვს, ვაჟიშვილები დაქორწინდნენ, შვილიშვილიც ჰყავს, მესამე შვილს, ქალიშვილს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს, რომელიც ომის და დიდი გაჭირვების შემდეგ გაუჩნდა. ამჟამად მისი საზრუნავი, ქალიშვილია, ვალმოხდილად ოჯახის წინაშე არასოდეს ჩათვლის თავს, იგი დღესაც შვილებისთვის დასაყრდენი და საიმედო მამაა. 

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ