კაკლის ბიზნესიდან მძივებამდე

  ბავშვობიდან ოცნებობდა მოგზაურობაზე, არც კონკრეტული ქვეყანა ან  კონკრეტული ქალაქი, უბრალოდ უნდოდა საზღვრებს გარეთ გასულიყო და ენახა რაიმე ახალი და განსხვავებული.

პირველად 16 წლის ასაკში გადაკვეთა სოსომ საზღვარი, მამიდამისმა და ბიძამისმა წაიყვანეს ბიძაშვილთან ერთად მანქანით ტრაბზონში, ბათუმიდან სადღაც 200კმ-ია. სამი დღით იყვნენ. სასტუმროშიც პირველად იყო, რაც ძალიან ახარებდა. “საოცრება იყო, არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნებები რასაც მაშინ განვიცდიდი. როგორც კი მანქანა სარფის საბაჟოს გასცდა გიჟივით ვიყურებოდი ფანჯარაში, ვათვალიერებდი ირგვლივ ყველაფერს, განსხვავებული შენობები, ტროტუარები, მაღაზიები, ყველა დეტალს ვაკვირდებოდი და მსიამოვნებდა ის, რომ ეს გარემო ჩემთვის ახალი და უცხო იყო.“ „იშოპინგა“, ქალაქიც დაათვალიერა. „თავი სიზმარში მეგონა, არადა ტრაბზონში ვიყავი და ახლანდელი გადასახედიდან დიდი არაფერი, თუმცა, როდესაც 16 წლის ბიჭი პირველად კვეთს საზღვარს მისთვის ყველაფერი სხვაგვარადაა.“ სამი დღის შემდეგ ემოციებით დატვირთული დაბრუნდა და მიხვდა, რომ მომავალში ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ემოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

  უნივერსიტეტში ბერძნული ფილოლოგიის პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, ბორჯომში იყო დასასვენებლად. ერთ დღეს ლექტორმა დაურეკა და შესთავაზა, რომ სექტემბერში საბერძნეთში ენის კურსებზე წასულიყო, თანაც დაფინანსებით. ნამდვილად არ ელოდა ასეთ შემოთავაზებას, ისიც აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი ძალიან მოსწონდა. „ის ერთი თვე სანამ წავიდოდი,  ყოველ დღე ბედნიერი ვიყავი.“ ერთი თვე ცხოვრობდა საბერძნეთში  და ენის კურსებზე დადიოდა.  

  მას შემდეგ 9 წელი გავიდა. სოსო ყოველთვის ოცნებობდა საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა. 17 წლის ასაკში, 500 ლარით თიანეთში კაკალი იყიდა, დაამტვრია და გაყიდა. ნაწილი რესტორანში ჩააბარა, ჯამში კი 2500 ლარი გამოიმუშავა. შემდეგ კიდევ დაამატა თანხა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად და გახსნა ძაფების მაღაზია სახელწოდებით -ფერადი, რაშიც ნათესავები დაეხმარნენ. საწყის ეტაპზე ბიზნესის წარუმატებლობას არ შეუშინებია. თითქმის წაგებაზე მუშაობდა მაღაზია, თუმცა ორი წლის განმავლობაში მან კარგად შეისწავლა ეს საქმიანობა. თითქმის ყოველდღე იყო მაღაზიაში, გაიგო რაზე იყო მეტი მოთხოვნა ამ სფეროში, რა არ იშოვებოდა და ასე შემდეგ. ყოველივე ამის საფუძველზე დაიწყო განვითარება. დღეს რა თქმა უნდა არსებობს ეს მაღაზია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. „გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი და საუკეთესო ფასები საქართველოში“. 

 

 ძაფების სფეროში კონკურენცია დიდი იყო, მსგავსი მაღაზიები მომრავლდა, ამიტომ მან გადაწყვიტა გაეკეთებინა სხვა ტიპის მაღაზიაც, რომელიც ფინანსურად უფრო გააძლიერებდა. ეს ასეც მოხდა. ბაზარზე გამოჩნდა "პენდანტი", რომლის იდეაც სპონტანურად წარმოიშვა. ის მდებარეობს ქავთარაძის ქ. №1 ს/ც „სითი მოლი“; ა.თვალჭრელის ქ. №2 კახეთის გზატკეცილი ს/ც „ისთ ფოინთი“; ხიზანიშვილის ქუჩა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ ამოსასვლელთან ს/ც „გლდანი მოლი“.

აქსესუარების ეს მაღაზია, ზრუნავს და სრულად აკმაყოფილებს თინეიჯერთა მოთხოვნებს, ასევე იყიდება სხვადასხვა დატვირთვის მქონე აქსესუარები, მუსიკალური ჯგუფების ყელსაბამები, სამკაულები ფილმებიდან, სერიალებიდან, ვიდეო თამაშებიდან, პირსინგები და სხვა მრავალფეროვანი პროდუქცია. „ზოგადად ყოველთვის უნდა ეცადო შექმნა რაღაც ახალი, სიახლე ყოველთვის საჭიროა ბიზნესში,“ “პემდანტმა“ პირველივე დღიდან დაიპყრო მომხმარებელთა გულები. „ამ ყველაფერმა კი მომცა ძალა წავსულიყავი ჩინეთში ასორტიმენტის გასაფართოვებლად “.                                                                          

      

  მისი მოგზაურობა ჰონკონგში საშინლად დაიწყო. ჩინეთში საქმიანი ვიზიტის დროს, გადაწყვიტეს ჰონკონგის მონახულება, რომელიც ბავშვობაში  შორეული და მიუღწეველი ეგონა. აეროპორტში ჩასულებს, პასპორტების კონტროლიდან მესაზღვრეებმა დაკითხვის ოთახში გადაიყვანეს სრულიად უმიზეზოდ, სადაც მათ გარდა აფრიკის ქვეყნებიდან იყო რამდენიმე ადამიანი, დეტალურად გამოკითხეს, მიუხედავას იმისა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ. საბოლოოდ მაინც გამოუშვეს. ღამის ჰონგკონგს ათვალიერებდნენ და როგორც იქნა მიაღწიეს ორი კვირის წინ დაჯავშნილ საგულდაგულოდ არჩეულ სასტუმროში და აი მეორე იმედგაცრუება... მიხატული ღიმილით ეუბნებიან სასტუმროში, რომ მათი ჯავშანი გუშინ გაუქმდა, რადგან თანხა არ ჩამოეჭრა ბარათიდან  - “არადა მითითებული მქონდა რომ ქეშად გადავიხდიდი ადგილზე. სასტუმრო სავსეაო და "I am sorry" რაღაც საზიზღრული ტონით და ხელოვნური ღიმილით გვიბოდიშებენ.“ რა უნდა ექნათ, იქვე „Booking.com“ - ზე ძლივს რაღაც თავისუფალი სასტუმრო ნახეს, რა თქმა უნდა ძვირად, მაგრამ „ლიჟბი“ სადმე დაეძინათ ფასს ვინღა დაეძებდა. ასეთი არასტუმართმოყვარე გამოდგა მათთვის ეს ქალაქი. „უსიცოცხლო, უემოციო, ცივი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ჩინელების მეტი ვერაფერი ვნახე, მცირედი გამონაკლისებით.“

 მიუხედავად ამ უსიამოვნო შემთხვევისა, უნდა აღინიშნოს, რომ სოსოს ნამდვილად საოცარი იღბალი აქვს, რასაც მისი არაერთი მაგალითი მოწმობს: ზაფხულში შეიძინა ანტალიის ტური, ყველაზე დაბალ ფასიან სასტუმროში. 2 დღის შემდეგ ურეკავს ტუროპერატორი და უბნება, „ძალიან დიდი ბოდიში კომპანიას რაღაც შეეშალა და თქვენს სასტუმროში აღარ არის ადგილები, ამიტომ კომპენსაციის სახით გთავაზობთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს იგივე ფასად. გერმანიაში ვიზიტის დროს კი მისი პირველივე დღე გამართლებით დაიწყო. „Car Rental“-ზე დაიქირავა მანქანა ფორდ მონდეო, თუმცა ჩასვლისას განუცხადეს, რომ მის მიერ დაქირავებული მოდელი არ იყო ადგილზე, ამიტომ არც მეტი არც ნაკლები პეჟოს ჯიპი გაატანეს.

 

  მოგზაურობისადმი დიდი სიყვარულისა და ასეთი ისტორიების შემდეგ სოსომ გადაწყვიტა შეექმნა გვერდი „მსოფლიოს გარშემო“, სადაც შეძლებს გაუზიაროს ადამიანებს ნანახი და მიაწოდოს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია. ის ხშირად სპორტულ სტილს ატარებს. უყვარს როდესაც შეხამებულად აცვია. აქვს დიდი მწვანე თვალები და თითქმის სულ ახურავს კეპი. ის ახლა 27 წლისაა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მან ნამდვილად აიხდინა ბავშვობის ოცნება. თურქეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, გაერთიანებული საამიროები, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, პორტუგალია, უნგრეთი, ჰოლანდია, ლიხტენშტეინი, ჩეხეთი, იტალია, ჩინეთი, ჰონგკონგი, ავსტრია - ეს ის 17 ქვეყანაა, რომლებზე გაჩერებასაც არ გეგმავს. მას მიზნად აქვს დასახული სამოგზაურო  ქვეყნების რიცხვის გაზრდა და მათი ნახვა უფრო ნაკლებ დროში.

„წარმატებისთვის მნიშვნელოვანია თავდაუზოგავი შრომა, ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. აარასდროს არ უნდა დანებდე, წარმატებას აუცილებლად თან ახლავს წარუმატებლობაც და რაღაც მომენტებში, თუ სუსტია ადამიანი, შეიძლება ხელიც ჩაიქნიოს და დანებდეს. ეს დაუშვებელია! არც ერთი ბიზნესი არ არსებობს შეცდომებისა და ჩავარდნების გარეშე, მთავარია შენ შეინარჩუნო სიმტკიცე და გაუძლო რთულ პერიოდებს, რომელიც აუცილებლად ჩაივლის.“

 

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ