დაცლილი სოფელი

ეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისჯვარია, სადაც ძირითადად ეთნიკური ბერძნები ცხოვრობენ, სოფელი მაღალმთიან ზონაშია და ბორჯომიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, ახლა დასახლება თითქმის დაცლილია, დაკეტილია საცხოვრებელი სახლები

სოფელში, სადაც წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა აქტიურად ვითარდებოდა,  მუდმივად მცხოვრები ოჯახების რაოდენობა 5-ჯერ არის შემცირებული. 

 

 

 

რატომ დატოვეს ბერძნებმა ციხისჯვარი?

ციხისჯვარში მცხოვრებმა ჯემალ იორდანოვმა სოფელი 30 წლის წინ დატოვა, მაშინ აიყარა თითქმის მთელი სოფელი და დასაქმების ძიებაში უმეტესობა საბერძნეთში გაეშურა. ოჯახთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა  ჯემალ იორდანოვიც, მშობლიურ დასახლებას ახლა მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობს.

7 შვილი ჰყავს და 15 შვილიშვილი, შვილებმა ქართული იციან, შვილიშვილებმა არა. ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნება უნდა, მაგრამ აქ არსებული სოციალური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.

ფიქრობს, რომ მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის დასაქმება რთული იქნება. საბერძნეთში გამგზავრების მთავარი მიზეზიც უმუშევრობა გახდა.

 

 

 

 

 

მთავარი პრობლემები

გიორგი ქეშიშოვი ციხისჯვარში ერთადერთი ტაქსის მძღოლია, სოფელი არ დაუტოვებია,  თუმცა თვიდან თვემდე ოჯახის რჩენა უჭირს,  საკუთარი ავტომანქანით ადგილობრივებს და საბერძნეთიდან  დროებით ჩამოსულ ციხისჯვრელებს ემსახურება, ამბობს,  რომ ხანდახან დღეები ისე გადის მისი მომსახურება არავის ჭირდება.

 

გიორგი ქეშიშოვი

სოფლის დაცლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და უმუშევრობას ასახელებენ. გიორგი ქეშიშოვი ამბობს, რომ მეზობელ სოფლამდე მოყვანილმა ბუნებრივმა აირმა ციხისჯვრამდე ვერ მოაღწია.  დასახლებამდე მისასვლელი გზაც მოსაწესრიგებელია. მანქანა ხშირად უფუჭდება და აღებული თანხა ნაწილების შეძენას ხმარდება. 

 

 

სოფელში დარჩენილები

სოფელში ახლა ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ, თუ 90-იან წლებში აქ 650-მდე ოჯახი იყო, ახლა 120-მდეა დარჩენილი.

ციხისჯვარში  დარჩენილები  მთელი წლის განმავლობაში მეზობლების სახლებს და ეზოებს პატრონობენ,  ზაფხულის მოსვლას და დასახლების ახმაურებას ელოდებიან, თუმცა იციან რომ ეს დროებითია და  მხოლოდ ერთ თვეს გრძელდება. მერე ახმაურებული სოფელი ისევ დაიცლება და მომდევნო ზაფხულამდე სიჩუმე დაისადგურებს.

ციხისჯვარში წარმოებული რძე და რძის ნაწარმი რეგიონში ცნობილი იყო, აქ ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ, აქვე ხდებოდა რძის გადამუშავება და ყველის წარმოება, სოფელი ასე ცხოვრობდა და 90-იან წლებამდე ბედსაც არ უჩიოდა.

 

სოფელში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ჯერ კიდევ  ტრადიციას აგრძელებს და საქონელს ინახავს, სპირიდონ სევასტიდი ერთ-ერთი მათგანია, წლების წინ საბერძნეთში ისიც გაემგზავრა, უკან 8 წლის წინ დაბრუნდა, ახლა 20-მდე ძროხა ჰყავს,  ოჯახს რძის ნაწარმის რეალიზაციით ინახავს

 

სპირიდონის ოჯახი

 

 

 

სოფლის მომავალი

 

 

ბავშვები სოფლის მხოლოდ რამდენიმე ეზოში ხმაურობენ, მათი თანატოლები ძირითადად საბერძნეთში იზრდებიან, სოფლის სკოლაში, რომელიც 200 ბავშვზეა გათვლილი ამჟამად 33 ბავშვი ირიცხება, ახალი სასწავლო წლიდან კი ციხისჯვრის სკოლას მხოლოდ 4 პირველკლასელი შეემატება.

 

ვასილ პაშჩენკო საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ, სოფლის შესასვლელში ისევ საბერძნეთიდან დაბრუნებულ თანასოფლელებს და ოჯახის წევრებს დაელოდება, შემდეგ ერთი თვე გამოცოცხლებული და ახმაურებული სოფლით გაიხარებს, ზაფხულის ბოლოს მომავალ ზაფხულამდე დაემშვიდობება და საბერძნეთში გააცილებს. ზუსტად იცის, რომ მათი უმეტესობა საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას აღარ აპირებს.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ