უპატრონო ძაღლები - საფრთხე საკურორტო ქალაქში

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქუჩებში ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია.  სულ რამდენი უმეთვალყურეოდ დარჩენილი  ცხოველია ქალაქში, ზუსტი ციფრი უცნობია. მათი აღრიცხვა არ მიმდინარეობს. ძაღლების ნაწილი აგრესიულია, საკურორტო  ქალაქში ადგილობრივები და ჩამოსული სტუმრები უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებიან.

 

ბორჯომი - არდაგნის დასახლება

ბორჯომში ე.წ არდაგნის დასახლება ერთ-ერთია, სადაც ყველაზე მეტი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველი იყრის თავს. აქ მცხოვრებლები საუბრობენ საფრთხეებზე და იმ პრობლემებზე, რასაც მათ უპატრონო ძაღლები უქმნით. განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში, როდესაც მშიერი ცხოველები ქუჩაში ჯგუფებად გადაადგილდებიან. 

 

ძაღლები ბორჯომის ქუჩებში

 

ბორჯომი, მესხეთის ქუჩა
ბორჯომი, ჩარხისწყლის დასახლება
სასტუმრო “ბორჯომი პალასის“ მიმდებარე ტერიტორია
უპატრონო ლეკვები მიტოვებულ შენობაში

თავშესაფრები რეგიონში

 

ბორჯომში მცხოვრები დავით როკეტიშვილი, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატია. იგი უპატრონო ძაღლებს უკვე 10 წელზე მეტია პატრონობს, საკუთარ ეზოში მინი თავშესაფარი აქვს მოწყობილი და დაახლოებით 25 ძაღლს უვლის. დავითი ამბობს, რომ უპატრონო ძაღლები ქალაქს, როგორც კურორტს ვიზიტორს აკარგვინებს.

 

წლის განმავლობაში ბორჯომის სამედიცინო ცენტრს ცხოველის მიერ დაკბენილი 600 - მდე  ადამიანი მიმართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 2 ადამიანი ზარალდება, მზარდია უპატრონო ძაღლების მიერ დაკბენილ ადამიანთა სტატისტიკა.

 

 

დავით გუნდიშვილი ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმი რაბიოლოგია, ცხოველის მიერ დაკბენილი ადამიანები მას მიმართავენ, ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში "ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრს, ძაღლების მიერ დაკბენილმა 364-მა ადამიანმა მიმართა და შესაბამისად ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობაც ჩაიტარა.

ცოფის საწინააღმდეგო აცრაზე და შესაბამის მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში ჩნდება ცოფით დაავადების რისკი.

წლების განმავლობაში ბორჯომის ბიუჯეტიდან თანხები უპატრონო ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად არ გამოყოფილა. საჯარო მოხელეებმა არც 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გაითვალისწინეს მოსახლეობის არა ერთი თხოვნა და ქალაქში უპატრონო ცხოველების სიმრავლის პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტში თანხები არც ამჯერად გაითვალისწინეს.

 

მხოლოდ, მაისის თვეში შეიტანეს ცვლილება ბიუჯეტში და ტენდერი გამოაცხადეს ქალაქიდან ძაღლების გასაყვანად. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში შპს "იმერეთი ჯგუფმა" გაიმარჯვა. შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან უპატრონო ძაღლების ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანა.

დავით როკეტიშვილი მიიჩნევს რომ პრობლემის მოსაგვარებლად და სასურველი ეფექტის მისაღწევად მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ