ცხოვრება თავშესაფრის მოლოდინში

ეს არის ამბავი ორ ოჯახზე, თუ როგორ ცდილობენ და იბრძვიან თვითგადარჩენისთვის, იმისთვის, რომ ჰქონდეთ სახლი, სადაც ვერც ქარი შეაღწევს და ვერც წვიმა. 

 

შორიდან ერთი შეხედვითაც ადვილად შეიმჩნევა ჩამოშლილი სახურავი და კედლები. ყოველი ქარიანი და წვიმიანი ამიდნი თამარ მეფის 117-ნომერში მცხოვრებლებს საკუთარი პრობლემის სიმწვავეს უფრო მტკივნეულად ახსნებს. 

 

მზევინარ გაგოშიძე. 42 წლის. მარტოხელა დედა. 3 წლის შვილთან, ეკასთან ერთად თამარ მეფის 117-ში ცხოვრობს.

სახლი, სადაც მატროხელა დედა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს სხვისია. პატრონი რუსეთში გაემგზავრა და ფართი დროებით ათხოვა.

სიძველის გამო სახლის კედლები ჩამოიშალა და ისე დაიბზარა, რომ მასში ქარიც და წვიმაც ერთნაირად აღწევს.

მზევინარი თავშესაფარს ადგილობრივი თვითმმართველობისგან ელოდება. იმედი აქვს, რომ მას და მის შვილს სოციალურ საცხოვრებელში, რომელიც ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე აშენდა ფართს გამოუყოფენ. 

მზევინარ გაგოშიძე

მზევინარ გაგოშიძეს ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმებაში დაეხმარა, თუმცა ამით სახლის პრობლემა ვერ მოგვარდა. თუ სოციალურ საცხოვრებელში ან სხვა ალტერნატიულ აგილზე არ გადაიყვანენ, მარტოხელა დედა ამბობს, რომ ღამის გასათევად ბავშვთან ერთად იძულებული იქნება მერიაში მივიდეს. 

 

მზევინარი ერთადერთი არაა, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. თამარ მეფის ქუჩის 117-ნომერში კიდევ ერთი ადამიანი ცხოვრობს. შარშან, მის საცხოვრებელ რამდენიმე კვადრატულ ფართს ფიცრის კედლები ჰქონდა. ახლა, ისიც აღარ შერჩა.

 

67 წლის ქიშვარდი კალანდაძე თამარ მეფის 117-ნომერში 12 წელია ცხოვრობს და წლებია უსაფრთხო საცხოვრებელს ელოდება.

ქიშვარდის საცხოვრებლის კედელი მაშინ ჩამოინგრა, როცა ეძინა. მაშინ გადარჩა, თუმცა დარჩენილი კედლები ისევ საფრთხეს უქმნის. ამბობს, რომ დაახლოებით 12 წელია, რაც ხელისუფლებისგან დაპირება ესმის, რომ სხვა, უსაფრთხო თავშესაფარი ექნება, თუმცა შედეგი არ ჩანს. ცივ ამინდებში გასათბობად მეზობელი ეპატიჟება. შეშას ქიშვარდი ამზადებს, რომ ამით მაინც დაეხმაროს პატარა ბავშვიან ოჯახს. საკვებს სხვა მეზობლები აწვდიან, ან უახლოეს მაღაზიაში ნისიად ყიდულობს სანამ პენსიას აიღებს. 

 

ქიშვარდი კალანდაძე

ადგილობრივმა თვითმმართველობამ უსახლკაროთა პრობლემის მოსაგვარებლად  ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრებლი ააშენა. სოციალური საცხოვრებელში 48 ოჯახს დააკმაყოფილებს. ბენეფიციარებს კი, შესაბამისი კომისია შეარჩევს. 

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ბინის მისაღებად პრიორიტეტები იმ მოქალაქეებს მიენიჭებათ, რომელთაც რეალურად არ აქვთ საცხოვრებელი, არიან სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მრავალშვილიანი ოჯახები.

შენობა არჩეულ 48 ოჯახს საკუთრებაში არ გადაეცემა და მერიის მფლობელობაში დარჩება. ბინები ოჯახებს დროებით სარგებლობაში ექნებათ, და როცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ფართი სხვა უსახლკარო ადამიანებს უნდა დაუთმონ.

ქუთაისში, სოციალური საცხოვრებლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. ქუთაისი პირველი თვითმმართველობაა, რომელმაც მსგავსი მუნიციპალური საცხოვრისი მოაწყო.

სოციალური საცხოვრისის მშენებლობა

წყარო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური
წყარო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური
წყარო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური
წყარო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური
წყარო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური
წყარო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური
წყარო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური

სოციალურ საცხოვრებელში ბინის მისაღებად ადგილობრივ თვითმმართველობაში 400-მდე განაცხადია შესული. ამბობენ, რომ ახლა შესული განაცხადების განხილვა და გადამოწმება მიმდინარეობს. საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, ბენეფიციარების მონაცემებს სოციალურ სამსახურთან ერთად ქონების მართვის სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოწმებს. ჯერჯერობით უცნობია როდის დასრულდება 400 ბენეფიციარს განაცხადების გადამოწმება და რომელი 48 ოჯახი იქნება ის იღბლიანი, რომლებიც სოციალურ საცხოვრისში ფართს დროებით სარგებლობაში მიიღებენ.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ