ჭერემი- მიტოვებული სოფელი

გომბორის ქედის კალთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, მდებარე სოფელი ჭერემი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. ჭერემში 19-მდე ოჯახი ცხოვრობს, 100 მდე სახლი კი დაკეტილია.

 

სოფელ  ჭერემის მუდმივი მაცხოვრებლები

 

უამინდობისა და მდინარე ჭერმისხევის ადიდების გამო, სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ზამთარში და ხშირად გაზაფხულშიც იკეტება და მოსახლეობა გარესამყაროს წყდება. ჭერემი გურჯაანის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და გურჯაანიდან 28 კილომეტრითაა დაშორებული. ხოლო ცენტრალური გზიდან სოფლამდე მანძილი 18 კმ.-ია.

იმის გამო, რომ სოფელს 20 წლის მანძილზე ელექტროენერგია არ ჰქონდა და გზაც არ იყო, მოსახლეობამ იგი ეტაპობრივად დატოვა. სოფელში ჭირს სატელეფონო კავშირის დამყარება. არ არის მაღაზია, აფთიაქი, ამბულატორია. შენარჩულებულია საჯარო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე სწავლობს.

 

ჭერემის მუდმივი მაცხოვრებლები ძირითადად მოხუცები არიან. სულ 24 ადამიანი.  მათ სოფელი უგზოობის, უშუქობის და სხვა პრობლემების მიუხედავად არ მიატოვეს და არც მომავალში აპირებენ სადმე წასვლას.

 

ლამარა ქევხიშვილი
ნაზიბროლა ჩაფიძე
ლალი ჯაჭვაძე

ჭერემი V საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა და ტახტის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია, რომელიც მალევე გახდა კახეთის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი.1984 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭერემში ვახტანგ გორგასლის სასახლის კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინა, რომელიც ისტორიკოსების შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია. სოფელში დღემდეა შემორჩენილი მე-5 საუკუნის სხვა ძეგლებიც. მათ შორის წმ. ბარბარეს ეკლესია, ამავე პერიოდის წვეროდაბლის წმ .გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები.

 

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ჭერემში
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
ვახტანგ გორგასლის ნასახლარები

გორგასლობა - სახალხო დღესასწაული ჭერემში

სოფელ ჭერემში ივნისის დასაწყისში სახალხო დღესასწაული, ,,გორგასლობა” აღინიშნება. ეს წელიწადში ის ერთადერთი დღეა, როდესაც მიტოვებული სოფელი ხალხით ივსება. უკვე ტრადიციად ქცეული ,,გორგასლობის” დღესასწაული გურჯაანის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2015 წლიდან ტარდება.

 

გორგასლობა

უკვე ორი წელია სოფლელში ელექტროენერგიის და გაზის პრობლემა მოგვარდა, გზაც მოხრეშილია, თუმცა ამ ყველაფერმა მაინც ვერ დაუბრუნა მიტოვებულ სახლებს მათი მფლობელები.

 

დღესასწაულის დასრულების შემდეგ ჭერემი ისევ ჩვეულ რეალობას უბრუნდება და სიჩუმისა და გამოკეტილი სახლების ანაბარა რჩება.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ