ბორჯომის ცხელი პოლიტიკური შემოდგომა


პირველი ტური


2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. სამცხე–ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში, ახალარჩეული მერის ვინაობა უკვე ცნობილია და გამარჯვებული კანდიდატები ზეიმობენ. პარალელურად, ქუჩებიდან ნელ–ნელა ქრება საარჩევნო პლაკატებიც. 

ბორჯომში კი წინასაარჩევნო ციებ–ცხელება ჯერ არ ჩამქრალა. ბორჯომის მერობის შვიდი კანდიდატიდან, გამარჯვებისთვის საჭირო 50%+1 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა და აქ მეორე ტური უნდა გაიმართოს. 

ინფოგრაფიკა: © ცესკო


არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 12 ნოემბერს უნდა გაიმართოს, პირველ ტურში პირველ–მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მონაწილეობენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 21 ოქტომბერს, ამომრჩევლის ხმათა უმეტესობა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ და "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლევან ლიპარტიამ მიიღეს.

შესაბამისად, ეს ორი კანდიდატი მონაწილეობს მეორე ტურში, რომელიც, წინასწარი პროგნოზის მიხედვით, საკმაოდ კონკურენტული იქნება.

როგორც ცესკოს ვებგვერდზე დაცული მონაცემებით ირკვევა, ბორჯომის საარჩევნო უბნიდან, პირველი ტური 15 უბანზე "ოცნების", ამდენივე უბანზე კი "პატრიოტების" კანდიდატმა მოიგო. მათ შორის განსხვავება, მხოლოდ 24 ხმაა – 24 ხმით აჯობა პირველ ტურში, მმართველი გუნდის კანდიდატმა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს.

ფოტო: © wikipedia.org
ბორჯომში ფიქრობენ, რომ ორივე კანდიდატს გამარჯვების ერთნაირი შანსი აქვს


კონკურენტები

ბორჯომის მერობის ორივე კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია აცხადებს, რომ პირველ ტურთან შედარებით, ისიც და მისი გუნდიც გაორმაგებულად მუშაობენ. აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ლიპარტიასგან განსხვავებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებზე ზეწოლებზე საუბრობს მისი კონკურენტი ზაზა ჩაჩანიძე.

ვიდეო: © 'სამხრეთის კარიბჭე'
N8 ზაზა ჩაჩანიძე – "პატრიოტთა ალიანსი"
ვიდეო: © 'სამხრეთის კარიბჭე'
N2 ლევან ლიპარტია – "ქართული ოცნება"


არჩევნების მეორე ტურში მონაწილე მერობის ორივე კანდიდატს, განსხვავებული წარსული აქვს.

ზაზა ჩაჩანიძე პოლიტიკაში სამი წლის წინ, ბიზნესიდან მოვიდა.2014 წლის 15 ივლისიდან იგი ბორჯომის მუიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და საკრებულოში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. 

ამბობს, რომ მისი და „ქართული ოცნების“ გზები ორი წლის წინ გაიყარა.  ახლა იგი ბორჯომის მერობისთვის "პატრიოტთა ალიანსის" სახელით იბრძვის.

საინტერესოა, რომ ამ არჩევნებზე, "პატრიოტთა ალიანსმა", ბორჯომის საკრებულოში 11 დეპუტატი შეიყვანა, – 6 მაჟორიტარული და 5 პროპორციული წესით. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პარტიას ყველაზე მეტი დეპუტატი, ქვეყნის მასშტაბით, სწორედ ბორჯომში ჰყავს.  

განსხვავებით ზაზა ჩაჩანიძისგან, პოლიტიკაში არასდროს ყოფილა და არც თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის გამოცდილება აქვს, მმართველი გუნდის კანდიდატს, ლევან ლიპარტიას.  იგი 2007 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების: „კრედოს“, „ქართული კრედიტისა“ და „კრისტალის“ ბორჯომის ფილიალების მმართველი;

ფოტო: © wikipedia.org
ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ბორჯომში ადგილობრივებს პროგნოზი უჭირთ. ნაწილის აზრით, შანსები თანაბარია
ფოტო: © "სამხრეთის კარიბჭე"
ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი წაგებას არ შეეგუება და იმ ამომრჩევლებზე იმუშავებს, ვინც პირველ ტურში სხვა კანდიდატს მისცა ხმა;
ფოტო: © "სამხრეთის კარიბჭე"
მუშაობაში ადგილობრივები ყველა მეთოდს გულისხმობენ, მათ შორის, ზეწოლასა და დაშინებას.


ვის აქვს გამარჯვების შანსი

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, პროგნოზი უჭირთ ექსპერტებს. თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია, რაც მმართველი გუნდის გამარჯვებას განაპირობებს.

„თუ მეორე ტურში გადის „პატროტთა ალიანსი“, ამ შემთხვევაში დასავლურად ორიენტირებული ამომრჩეველი იძულებულია, თუ მივა არჩევნებზე, მხარი დაუჭიროს „ოცნებას“. ასეთი პარტიები სამწუხაროდ დამატებითი რესურსის მობილიზებას ვერ ახერხებენ და რჩებიან საკუთარი ამომრჩევლის ანაბარად. მმართველ პარტიას უფრო მეტი შანსი აქვს ამ შემთხვევაში დამატებითი რესურსი მოიძიოს მათი მოწინააღმდეგე ამომრჩევლებისგან", – ამბობს კოტე კანდელაკი.

ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტის და საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის დავით ლოსაბერიძის თქმით, საბოლოო შედეგები ადგილობრივების აქტიურობაზეა დამოკიდებული, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას ოპოზიციური პარტიის კანდიდატის გამარჯვება სურს, მაშინ არჩევნებზეც უნდა მივიდნენ: „ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რაც უფრო ნაკლები მივა არჩევნებზე, ჩვენი გარემოდან გამომდინარე, ადმინისტრაციული რესურსი უფრო იმოქმედებს“.

ვიდეო: © 'სამხრეთის კარიბჭე'
ბორჯომი მერს ელოდება


მრავალპარტიული საკრებულო

 
ვინ გახდება ბორჯომის მერი, საინტერესო იმ კუთხითაცაა, რომ ბორჯომი სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტს შორის ერთადერთია, სადაც საკრებულო ყველაზე მრავალპარტიულია და სადაც, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ აქვს. 

ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 13 "ქართულ ოცნებას", 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. და ასევე, საინტერესოა ისიც, რომ 15 ოპოზიციონერი დეპუტატიდან, 11 "პატრიოტთა ალიანსის" წევრია. 

პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება ბორჯომში:

1. „ქართული ოცნება“ – 13 დეპუტატი;
2. „პატრიოტთა ალიანსი“ – 11 დეპუტატი;
3. „ნაციონალური მოძრაობა“ – 2 დეპუტატი;
4. „ევროპული საქართველო“ – 1 დეპუტატი;
5. „ლეიბორისტული პარტია“ – 1 დეპუტატი.

ფოტო: © wikipedia.org
ვის მოუწევს მომდევნო 4 წელიწადი ბორჯომზე ზრუნვა, უკვე სულ მალე, ერთ კვირაში გაირკვევა
ფოტო: © wikipedia.org
პოლიტიკური ტემპერატურა ბორჯომში უკვე პიკს აღწევს


ცესკოს მონაცემებით, N36–ე ბორჯომის ოლქში რეგისტრირებული 26 524 ამომრჩევლიდან, არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 13 046–მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.19%–ს შეადგენს.

ამ 13 ათასი ამომრჩევლის ხმიდან, პირველ–მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა 10 ათასი ხმა მიიღეს [5059 –ლიპარტიამ; 5035 – ჩაჩანიძემ]. თუ დავუშვებთ, რომ მეორე ტურშიც ამდენივე ამომრჩეველი მივა, რასაც გასულ წლებში ჩატარებულ მეორე ტურების გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაკლებად ელიან, გამოვა, რომ კონკურენტებმა, სხვა ოპოზიციური კანდიდატებისთვის მიცემული 3 ათასი ხმისთვის უნდა იბრძოლონ.

 

ვიდეო: © 'სამხრეთის კარიბჭე'
როგორ გადანაწილდება ხმები მეორე ტურში, არჩევნების შემდეგ გვეცოდინება. თუმცა, ეს გარკვეულწილად, იმაზეცაა დამოკიდებული, რას გააკეთებს ან ერთი, ან მეორე კანდიდატი ამომრჩეველთა გულის მოსაგებად.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ