არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების საფრთხე და მოსალოდნელი შედეგები საქართველოში

ქართულ მედიაში არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევები იშვიათი არაა. ამის მიზეზად უმეტესწილად ასახელებენ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმსა და მედია გარემოს, რომელიც საქართველოში მკვეთრად პოლარიზებულად ხასიათდება. 

ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, სწორედ ეს აყალიბებს საზოგადოებასა და მედიას შორის ნდობის ფაქტორს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2019-2020 წლებში საჩივრით მიმართა 156-მა პირმა, აქედან 97 შემთხვევაში სხვა პუნქტებთან ერთად გასაჩივრებულია ქარტიის პირველი პრინციპი.

რა არის არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების მიზეზები და რატომ არაა დაცული სათანადოდ ქართულ მედიაში ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

სიზუსტის პრინციპის დარღვევების კონკრეტული მაგალითები ქართული მედიიდან

საქართველოს მედიასივრცეში ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევის არაერთი ფაქტი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი 2020 წლის თებერვალში,  ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტია, რომლის მიხედვით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

სიუჟეტში ჟურნალისტები დადასტურებული ფაქტის სახით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია ააიპ „მოძრაობა სირცხვილია“ მათი წევრებისა და მოძრაობის სურვილია ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა.

მოძრაობის წევრები არ არიან ნაციონალური მოძრაობის პარტიული წევრები და არც სხვა სახის რაიმე იერარქიული თუ ორგანიზაციული კავშირი დგინდება მათ შორის. ჟურნალისტთა მიერ შემოთავაზებული ნარატივი არ ეფუძნება რაიმე სარწმუნო და დადასტურებულ წყაროს/ინფორმაციას, სიუჟეტი არ შეიცავს არც „მოძრაობა სირცხვილიას“ წარმომადგენლების კომენტარს, ჟურნალისტების მიერ ნაციონალურ მოძრაობასთან მათ აფილირებაზე.

ჟურნალისტური ქარტიის პირველი პრინციპი ასევე დაირღვა 2020 წლის ივლისში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში საინფორმაციო გადაცემა „მთავარის“ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში, სადაც ტელეკომპანიამ ექსკლუზიური მასალის სახით გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალები გაასაჯაროვა, კადრებში სავარაუდოდ „კაწრო“ ფუგურირებდა.

განმცხადებელი აპელირებდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა განზრახ არასწორად და მოტივი იყო პოლიტიკური. კერძოდ, მისი აზრით, ნიკა გვარამიას მიზანი იყო, “კაწროს” დისკრედიტაციით ზიანი მიეყენებინა ბერა ივანიშვილისათვის და, შესაბამისად, პარტია “ქართული ოცნებისათვის”, ვინაიდან დადასტურებულია ავთანდილ ბილანიშვილისა და ბერა ივანიშვილის ახლო ურთიერთობა.

„ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ შაქარაშვილის საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გამოძიების პროცესში გაჩნდა ბევრი კითხვა და ზოგადად უნდობლობა პროცესის მიმართ. კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები ყოველდღიურად ცდილობენ ამ ხარვეზების იდენტიფიცირებას. რა თქმა უნდა, ამ გაშუქებას თან ახლავს ეთიკური გადაცდომები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედიამ არ უნდა შეასრულოს “მეთვალყურე ძაღლის” როლი და არ ამხილოს ხელისუფლება. როდესაც არსებობს გამოძიების მიმართ უნდობლობა და ვარაუდი, რომ დამნაშავეებს მფარველობენ, ლოგიკურია, მედია იწყებს სავარაუდო პოლიტიკური კავშირების დადგენას. შესაბამისად, ლოგიკური იყო, ნიკა გვარამიას მსჯელობა შესაძლო პოლიტიკურ გავლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიამ თავადვე უარყო მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ეთიკური სტანდარტის მიხედვით მსგავსი ვიდეოს გადაუმოწმებლად გამოქვეყნება არღვევს ადამიანის უფლებას, რომ მისი პერსონალური მონაცემები იყოს ხელშეუხებელი. ქარტიის საბჭო არ ამტკიცებს ნამდვილად იყო, თუ არა ვიდეოში ნაჩვენები ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილი, უბრალოდ ეთიკური სტანდარტების მიხედვით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედიასაშუალებას აქვს უტყუარი მტკიცებულება“. - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქარტის ერთ-ერთმა წევრმა, ზვიად ქორიძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს თანახმად, 2019 წელს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საინფორმაციო გამოშვებაში, გასულ სიუჟეტში, რომელშიც საუბარია ბანგლადეშში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარზე დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭო მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით რომ რიგი ინფორმაცია არასწორია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არასრული ინფორმაციის მიწოდება ხდება მაყურებლისთვის, სადავო სიუჟეტი მანიპულაციურია და არ უზრუნველყოფს აუდიტორიისათვის ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას და ამით არღვევს ქარტიის პირველ პრინციპს.

სიუჟეტში ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელობითი წყარო გაუხსნეს „რწმენის“ და ტერორისტულად შერაცხული ორგანიზაციის წინაშე არსებული დამსახურებების გამო და რომ წყაროს გახსნა შემთხვევით არ ხდება. 

რატომ ვერ იცავს მედია სიზუსტეს?
რატომ ვერ იცავს მედია სიზუსტეს, რას ფიქრობენ ჟურნალისტები და მედია ექსეპრტები ამ საკითხზე ?

“სიზუსტის გარეშე არ გამოვა არაფერი, ჩვენ, ჟურნალისტები, სიმართლის ძიებაზე ვართ ორიენტირებული, მაყურებელს უნდა შევთავაზოთ იმ ეტაპზე არსებული სიმართლის საუკეთესო ვერსია. ამ ყველაფრის საფუძველი კი გადამოწმებული ფაქტებია." - აღნიშნა სოფო ზურაბიანმა.

 

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი

"როგორც ჟრნალისტს, მყავს ჩემი სანდო წყაროები, რომელთა არსებობაც ამ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, ინფორმაციის გადასამოწმებლად ვიყენებ ინტერნეტ სივრცესაც.  როცა არაზუსტ ინფორმაციაზე ვსაუბრობთ, ყველა შემთხვევაში ის აზიანებს ჩვენს მთავარ ფუნქციას და მისიას - მაყურებლის ინფორმირებულობას. ჟურნალისტებს ხშირად გვთხოვენ ოლიმპოს მთაზე ყოფნას, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედია ხშირად უშვებს შეცდომებს, ის სხვა ინსტიტუტებთან შედარებით მაინც ვითარდება.”

პირდაპირ ეთერში ყოველთვის უფრო ძნელია სიზუსტის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ პირდაპირ ეთერზე მომუშავია, მე პირადად არასდროს გავმხდარვარ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების წყარო. თუმცა  საფრთხის წინაშე დავმდგარვარ, მაგალითად, სულ ცოტა ხსნის წინ მოხდა ბადრი ესებუას მხრიდან საქართველოს ბანკზე თავდასხმა. ტელეკომპანია ფორმულას ბანკიდან  მძევალი დაუკავშირდა, რომელმაც სთხოვა პირდაპირ ეთერში ჩართვა, თუმცა ჩვენ არ მივეცით ამის უფლება. გადავამოწმეთ ყველა შესაძლო ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ განვუცხადეთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია. ესაა სტანდარტი რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა მედია საშუალება. საზოგადოების ინფორმირებულობა არის მთავარი - ესაა ჩვენი ამოსავალი წერტილი."

"ქრონიკა +" - ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე

"მე მყავს როგორც წესი კარგი წყაროები ერთი, რომელსაც ვენდობი და მეორე ყოველთვის ვცდილობ ინფრომაცია გადავამოწმო მეორე მხარესთან, მივცე საშუალება, რომ საკუთარი დამოკიდებულება და პოზიცია გამოხატოს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. სიზუსტის დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოება ენდოს ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. არაზუსტი ინფორმაციის გაბრცელება დაკავშირებულია სასურველი პიარ გარემოს მისაღებად კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. "

"მეც გავმხდარვარ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების წყარო. არც ვიცი უბრალოდ როგორ უნდა გადამემოწმებინა ეს ინფორმაცია, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექთანმა დაპოსტა, რომ თემურ წიკლაური გარდაიცვალა, შემდეგ დაწერა ეს პეტრე კოლხმა, მამაომ, ათამდე მედია საშუალებამ, მათ შორის მაესტრომ, ალიამ და ა.შ. მეც დაცწერე ეს და რატომღაც ყველაზე მძიმე დარტყმები ჩემი მისამართით წამოვიდა, რომ თითქოს ეს იყო შეგნებულად გავრცელებული ტყუილი და რა თქმა უნდა, ეს ესე არ იყო უბრალოდ მოხდა სამწუხარო გაუგებრობა." - ამბობს ელისო კილაძე.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წევრი, ზვიად ქორიძე

"როდესაც ჟურნალისტი არაზუსტ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს მისი მიზანია, აუდიტორიის მოტყუება და მათი მსოფმხედველობის შეცვლა. მაშინ როცა მედიის წარმომადგენელი არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს ის მანიპულატორად ითვლება. ანუ ინფორმაცია, რომელსაც იღებს მომხმარებელი უნდა იყოს ზუსტი და სწორედ ზუსტი ინფორმაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროფესიული კუთხით. როცა მაყურებელი იღებს ინფორმაცისას ის დარწმუნებულია ამ ინფორმაციის სიზუსტეში და სწორედ მასზე  დაყრდნობით ექმნება შეხედულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, სოციალური გადაწყვეტილება თუ სხვა. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების დროს დამნაშავე შეიძლება იყოს არამხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტი, არამედ თვითონ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა, რომლის მიზანია საზოგადოების მოტყუება და მათი აზრის შეცვლა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით."

"არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებას საფრთხეს უქმნის, რადგან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სწეორედ ამ არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების ზუსტი მიზანი შეიძლება განვსაზღვროთ მას შემდეგ, რაც დამკვეთის ვინაობას გავიგებთ." - ამბობს ზვიად ქორიძე.

ტელეკომპანია "იმედის" ახალი ამბების პროდიუსერი და ჟურნალისტი - ირაკლი ჩიხლაძე

"ყოველთვის, ნებიმიერი ახალი ამბის ეთერში გასვლის წინ, რამდენიმე წყაროსთან ვამოწმებთ ხოლმე ამბავს, რადგან სხვა შემთხვევაში, თუკი ინფორმაცია გადაუმოწმებელი სახით გავა, „ქრონიკის“ მიმართ მაყურებლის ნდობას შეუქმნის პრობლემას. ინფორმაციის გადამოწმების არაერთი გზა არსებობს, როგორიცაა ოფიციალური წყარო, დოკუმენტი, ამბის თვითმხილველი და ა.შ. საჭიროებისამებრ ყველას ვიყენებთ. ჟურანალისტების მთავარი ფუნქცია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მხოლოდ გავრცელება აღარაა, ახლა ჩვენი უმთავრესი მისიაა რომ ყალბი ამბებისგან დავიცვათ მაყურებელი."

"ე.წ. ბრეიქინგ ნიუსის დროს ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ რაიმე ფაქტი დამახინჯდეს. რა თქმა უნდა მასგვსი შეცდომები მოსდის მთელს მსოფლიოში ყველას, მაგრამ აუცილებელია რომ თუკი შეცდომა დაუშვი, ბოდიში მოიხადო. ბოდიში არ არის სირცხვილი, სირცხვილია მაყურებლის მოტყუება და გაჯიუტება, რომ ფაქტი არ შეასწორო."

"ნებისმიერი მედიის ვალდებულებაა სიზუსტე დაიცვას. არაზუსტი ამბის გავრცელება შეიძლება გახდეს ნებისმიერი ცუდი პროცესის ინსპირაცია ან უბრალოდ მოქალაქე დარჩეს მოტყუებული და მან ვერ გააკეთოს ელემენტარული არჩევანი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება. ამიტომ ადამიანების სწორი ინფორმირება ჩვენი ვალია, სწორი ინფორმაცია მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება."

"ე.წ. ფეიქ ნიუსი დღეს ქართული მედიის ნაწილის სერიოზული პრობლემაა. ამას ზოგჯერ კვალიფიკაციის ნაკლებობა, ზოგჯერ კი პოლიტიკური ინტერესი განაპირობებს. ჩვენ არაერთი რეპორტაჟი გვაქვს მიძღვნილი, თუ როგორ ხდება ადამიანების მანიპულირება ცრუ ამბებით სხვადასხვა მედიის მიერ. ზუსტად ამიტომ, იმედის  ფუნქცია ორგვარია, ერთი მხრივ, ადამიანებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს და მეორე მხრივ, უზრუნველყოს ტყუილის გამოაშკარავება." - ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2020 წლის წინაასარჩევნო მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის თანახმად, სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი - ოპოზიციის.

წინა საარჩევნო პერიოდში, ტოქშოუების ნაწილში არ იყო დებატები და ამის ნაცვლად, მაუწყებელთა ნაწილი აუდიტორიას აცნობდა თითოეული პარტიის საარჩევნო პროგრამას. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებენ არასახელისუფლებო ტელევიზიებში ვიზიტზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მედიის პოლარიზებულობას.

მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში გამოიხატებოდა. წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს დაეხმარებოდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.

გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ