ადამიანები ქალაქის ბიუჯეტს მიღმა


2017 წლის მარტსა და აპრილში, ახალციხეში ორი ხანძარი მოხდა, – მესხეთისა და კოსტავას ქუჩებზე. შედეგად, მესხეთის ქუჩაზე სამი, კოსტავას ქუჩაზე კი ხუთი სახლის სახურავი დაიწვა.

ოჯახებმა ათასობით ლარის ზარალი მიიღეს. რვა ოჯახიდან ნაწილმა სახლის სახურავი შეაკეთა, ნაწილი კი დღემდე თავს ახლობლებთან აფარებს და ელოდება, როდის შეძლებენ საჭირო ფინანსების მოძიებას, სახურავის შესაკეთებლად. 

კოსტავას ქუჩაზე, მამუკაშვილების სახლი ერთ–ერთია, რომელიც ხანძარმა ძალიან დააზარალა, – ჩაინგრა ჭერი, საოჯახო ნივთები და ავეჯი კი წყალმა გააფუჭა.
დაზარალებულებმა სახურავს ცელოფანი გადააფარეს.
იმისათვის, რომ სახლს ძველი სახე დაუბრუნონ, 10 000 ლარზე მეტი სჭირდებათ.
თამარ მამუკაშვილი ამბობს, რომ ცელოფანი სახლს წვიმისგან ვერ იცავს

ხანძრის მასშტაბები კოსტავას ქუჩაზე

კოსტავას ქუჩაზე ხანძარი 2 აპრილს, გამთენიისას გაჩნდა.
ცეცხლი ჯერ ერთ სახლს მოედო, შემდეგ კი გვერდით მდგომ ოთხ სახლზე გადავიდა.
ხანძარს ყველა ოჯახმა უვნებლად გამოასწრო
ყველა სახლს დაეწვა სახურავი
ადგილობრივებმა ნივთების ნაწილის გამოატანა მოასწრეს, ნაწილი კი წყლი ჭავლმა გააფუჭა
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა
„სახლი ახალი გარემონტებული იყო, ყველაფერი შევცვალეთ. ახლა სულ ცოტა 20.000 ლარი მაინც მინდა, რომ სახლს დავამსგავსო“, – ამბობს ჯიმშერ მამუკაშვილი.
ხანძრის შედეგად მამუკაშვილები, ნატრიაშვილები, მერაბიშვილები და ბაღდოშვილები დააზარალდნენ. მეხუთე ოჯახმა, კი რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ხანძღის შესახებ არც კი იცის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187–ე მუხლით დაიწყო (სხვისი ნივთის დაზიანება).
სამი დამწვარი სახლი მესხეთის ქუჩაზე


ბოლო ორი თვის განმავლობაში, კოსტავას ქუჩა ერთადერთი არ ყოფილა, სადაც ხანძარმა საცხოვრებელი სახლების სახურავი, ჭერი და საყოფაცხოვრებო ნივთები  შეიწირა.

ორი კვირით ადრე,  21 მარტს,   ხანძარმა მესხეთის ქუჩაზე სამი სახლი დააზიანა.  N27, N25 და N23–ში, სეთურიძეების, ასპანიძეებისა და ბერიძეების, გვერდიგვერდ მდებარე სახლებს, ცეცხლი გვიან ღამით მოედო. ხანძარი ჯერ N27 სახლის სახურავს გაუჩნდა და ქარის გამო, მალევე, მეზობელ სახლებზე გადავიდა. სამი,  სახლიდან, განსაკუთრებით ორი,  დაზარალდა. სამივე სახლი ჩარეცხა წყალმა და სამივე სახლში დაზიანდა ავეჯი. სამივე სახლიდან ოჯახის წევრებმა გარეთ გამოსვლა მოასწრეს.

 

მაშინ, როცა ხანძარი გაჩნდა, თამარი სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ღამის მორიგე იყო: „გამოძახება რომ შემოვიდა მესხეთის 27–ში ხანძარიაო, ჩემი მეზობელია–მეთქი და გამოვვარდი. რას ვიფიქრებდი, რომ საკუთარ სახლს დავადგებოდი, ცეცხლმოკიდებულს“.
„ბავშვები გვყავს სახლში, გვეძინა, გამვლელმა კარზე მოგვიკაკუნა, ხანძარიაო. ის რომ არ ყოფილიყო, ისე დავიწვებოდით, ვერც გავიგებდით“, – გვეუბნებიან სეთურიძეები. ხანძარი თავდაპირველად, სწორედ ამ სახლს გაუჩნდა: 'ალბათ სახურავში ელექტროსადენებმა გააჩინა, იმიტომ, რომ მთელი დღე, ქარის გამო, შუქი ციმციმებდა და ქრებოდა'.


მესხეთის ქუჩაზე შვიდი სახანძრო ჯგუფი ცეცხლს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აქრობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ელზა მაისურაძე დაზარალებული


მომხდარიდან ორი თვის შემდეგ,  ყველა დაზარალებულმა ოჯახმა სახურავი  შეაკეთა, თუმცა  სახლი ვერ გაარემონტა იმიტომ, რომ ამის ფინანსები არ აქვთ. თითოეული ოჯახის ზარალი 5000 ლარიდან – 15000 ლარამდეა

ხანძრით დაზარალებული სეთურიძეებისა და ასპანიძეების ოჯახები ახლაც ნათესავებთან ცხოვრობენ
მერიის მიზერული დახმარება დაზარალებულებს

 

ორივე შემთხვევაში, ახალციხის მერიაში, შედგა სპეციალური კომისია და ზარალის შესწავლა ხანძრიდან მეორე დღესვე დაიწყო. 

მას შემდეგ, რაც მერიამ ზარალი დაითვალა, უწყებაში განაცხადეს, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, დაზარალებულებს 1500–დან 2000 ლარამდე თანხითა და 25 კბ.მ. საშენი მასალით დაეხმარებოდნენ. თუმცა, დახმარებას მერია რვიდან მხოლოდ ექვს ოჯახს დაჰპირდა.

ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ განმარტა, რომ  კოსტავას ქუჩაზე მერაბიშვილისა და მესხეთის ქუჩაზე სეთურიძეების ოჯახებს, სახლები რეგისტრირებული არ ჰქონდათ, ამიტომ თვითმმართველობა მათ დახმარებას ვერ გაუწევდა.

 დახმარების ლოდინში არაერთი კვირა გავიდა და ზოგმა სახურავის შეკეთება სესხით, ზოგმა კი დანაზოგით დაიწყო. 

 

 

ელზა მაისურაძე დაზარალებული
როგორ ნაწილდება ახალციხის ბიუჯეტი

 

ქალაქ ახალციხის ბიუჯეტი, 2017 წელს, 7.774.000  ლარით დამტკიცდა. ქვეპროგრამაში – მოსახლეობის სოციალური დახმარება კატეგორიების მიხედვით –  ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად  6.300 ლარი გაითვალისწინეს. გარდა ამისა, მსგავსი და ასევე სხვა გადაუდებელი და გაუთვალისწინებელი გადასახადებისთვის, 90.000 ლარი გადადეს სარეზერვო ფონდში.

ახალციხის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 8 დაზარალებული ოჯახიდან, საბოლოოდ მერია 7–ს დაეხმარა 

  • ხუთმა ოჯახმა მიიღო – 1500 ლარი;
  • ერთმა ოჯახმა მიიღო – 2000 ლარი;
  • ერთმა კი – 2500 ლარი. 

 დაზარალებულებს თანხები სოციალური დახმარების პროგრამიდან და სარეზერვო ფონდიდან გადაერიცხათ, სამ ნაწილად – 13 აპრილს, 28 აპრილსა და 24 მაისს.  


მოქალაეთა დასახმარებლად გაცემული თანხები

 
ცხრილიდან ირკვევა, რომ ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად გათვალისწინებული 6.300 ლარი, უკვე გახარჯულია და სხვა მსგავს შემთხვევაში, მერიას ნახანძრალი ოჯახების დახმარება, ისიც მიზერული თანხით, სარეზერვო ფონდიდან მოუწევს. 

ზოგადად კი, მერიას, ნახანძრალი ოჯახებისთვის, ბიუჯეტიდან მხოლოდ თანხის  0,081% აქვს გათვალისწინებული

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ