19 წლის სტუდენტის, ბე-ემ-ვეს ცენტრით ,,შთაგონებული“, ბიზნესი

 

      საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა  19 წლის  სტუდენტს, ანუკი მაღრაძეს, მიუნხენში, ბე-ემ-ვეს ცენტრში მუშაობის დროს დაებადა.  გერმანიაში რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და გადაწყვიტა,  გამომუშავებული  თანხით, მანქანის აქსესუარების მაღაზია გაეხსნა.

მიუნხენი, ბე-ემ-ვეს ცენტრი
ბე-ემ-ვეს ცენტრი
რატომ მანქანის აქსესუარები? ,,როდესაც ბე-ემ-ვეს ცენტრში მუშაობ, თავში გიტრიალებს მხოლოდ მანქანის თემა. ჯერ ვფიქრობდი, რომ ამ თანხით მანქანას ვიყიდდი. იქ ვნახულობდი როგორ მუშაობდნენ, როგორ აწყობდნენ და ეს თემა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მეც გაკვირვებული ვიყავი. შემდეგ რომ ჩამოვედი, მანქანის ყიდვა ვიფიქრე, მაგრამ მივხვდი, რომ მისი შენახვა ადვილი არ იქნებოდა. ამიტომ ეს გადავიფიქრე, ჩემი გამომუშავებული ფული ისევ მანქანასთან დაკავშირებულ თემაში დავაბანდე და გავაკეთე აქსესუარების მაღაზია",-ამბობს ანუკი მაღრაძე.

    ბიზნესის დაწყებამდე, ანუკიმ შეისწავლა, რამდენად იყო მოთხოვნა მანქანის აქსესუარებზე და კონსულტაცია გაიარა მამასთან, რომელსაც ის თავის მთავარ დამხმარე ძალად მიიჩნევს.

,,მამაჩემმა ამიხსნა, რომ არ მექნებოდა არაფრის დრო, არც გართობის, არც თუნდაც ექსკურსიებზე სიარულის და მითხრა, რომ თუ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი, უნდა გამერისკა. მე კარგად დავფიქრდი, მიღირდა თუ არა ეს ამად, მაგრამ თუ გადავავლებ თვალს ჩემს ცხოვრებას, თავისუფალი დრო თითქმის არასდროს მქონია, სწავლის გარდა ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი და ამიტომ გავრისკე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე ოჯახის წევრებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ვფიქრობ, მატერიალურ დახმარებაზე მნიშვნელოვანი, ხშირად სიტყვიერი თანადგომაა, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ ამას შეძლებ და აუცილებლად გამოგივა."

19 წლის სტუდენტს, გერმანიიდან ჩამოტანილი 3000 ევრო, საშუალებას არ აძლევდა ის საკუთარი ბიზნესის რეკლამისთვისაც გამოეყენებინა. თავისი პროდუქციის პიარს იგი, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ სოციალური ქსელით ახერხებს და მიაჩნია, რომ მრავალფეროვნებასა და ხარისხს გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს.

ანუკი აქსესუარებს ძირითადად იაპონიიდან და ჩინეთიდან იწერს.

    ამჟამად, საკუთარ ბიზნესში, ოფიციალურად 4 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს,  ხშირად უკავშირდება ახალგაზრდა ხელოვანებს და მათგან ისმენს, როგორ შეიძლება გაფორმდეს ესა თუ ის ნივთი. სწორედ ამიტომ, მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი ხან იზრდება, ხან მცირდება.

 

ანუკის თქმით, რაც დრო გადის, მისი აქსესუარები უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანუკი თავისი საქმის ბუღალტრულ აღრიცხვასაც თვითონ აკეთებს. მას სურს, რომ უნივერსიტეტში ნასწავლი თეორია, პრაქტიკაშიც გამოიყენოს და გამოცდილება ამ მხრივ შეიძინოს. რაც შეეხება უნივერსიტეტს, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ რამდენიმე ლექტორი დაინტერესდა მისი საქმიანობით. 

,,მე არ მინდა, რომ  ქულების მხრივ ხელი შემიწყონ. იმიტომ ვსწავლობ, რომ კარგად ვისწავლო და არა ქულების გამო. მხოლოდ ორი ლექტორი შემიძლია გამოვყო, რომლებიც იმ შეღავათს მიწევენ, რომ თუ კონკრეტულ დღეს ვერ ვახერხებ უნივერსიტეტში მისვლას, მასალას სხვა დღეს იბარებენ",- ამბობს ანუკი მაღრაძე.

მანქანის აქსესუარები
მანქანის აქსესუარები
მანქანის აქსესუარები
19 წლის სტუდენტს გაფართოების სურვილიც აქვს, მას სურს სხვა ფილიალებიც გახსნას და უკვე საჭირო თანხასაც აგროვებს. ,,იმ შემთხვევაში თუ მივხვდები, რომ ამოვწურე ბაზარი და მეტი არაფერი შემიძლია, აუცილებლად გადავალ სხვა ბიზნეს სეგმენტში, თუმცა ვფიქრობ,რომ ეს ჯერ ადრეა, რადგან კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი ამ სფეროში",-ამბობს ის.
დაბოლოს, ანუკი მაღრაძის პასუხი კითხვაზე - რას ნიშნავს, გქონდეს საკუთარი საქმე?
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ