ვარდების რევოლუცია
ვარდების რევოლუცია

2003 წლისთვის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება მნიშვნელოვანად შესუსტებული იყო. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს, უკვე 2000 წლიდან დაიწყო დაშლა. 2002 თვითმართველობის არჩევნებში"მოქალაქეთა კავშირი" დამარცხდა. თბილისში არჩევნები მოიგეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ", ხოლო საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში - "მემარჯვენეებმა". სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი შექმნა ზურაბ ჟვანიამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია "გაერთიანებული დემოკრატები" დამარცხდა თვითმმართველობის არჩევნებში 2002 წელს, 2003 წლის დასაწყისიდან მან მოახერხა ანგარიშგასაწევი ბლოკის ჩამოყალიბება. ჟვანიასთან გაერთიანდნენ "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი" აკაკი ასათიანის მეთაურობით და იმ დროისთვის პოპულარული პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით "ბურჯანაძე - დემოკრატები".

2003 წლის დასაწყისიდან "მოქალაქეთა კავშირი" შეეცადა საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და ჩამოაყალიბა ალიანსი "ახალი საქართველოსთვის", რომელსაც შეუერთდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს სოციალისტური პარტია. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ტრადიციულად ბევრ ხმებს იღებდა ამ რეგიონში.

არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2005 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ედუარდ შევარდნაძე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი იქმნიდა მნიშვნელოვან პლაცდარმს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. 2003 წლისთვის პრეზიდენტობის სურვილი დაფიქსირებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და შალვა ნათელაშვილს.

არჩევნები გაიმართა 2003 წლის 2 ნოემბერს. იმავე ღამით, გრიბოედოევის თეატრის დარბაზში ნაციონალურმა მოძრაობამ გამარჯვება აღნიშნა. ისინი ეყრდნობოდნენ ეგზიტ პოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც პირველ ადგილზე იყო "ნაციონალური მოძრაობა" ხმათა 20,8%-ით, მეორე და მესამე ადგილებზე "ახალი საქართველოსთვის" (12,9%) და საქართველოს ლეიბორისტული პარტია (12,8%). ამ დროისთვის ცესკოს ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული ჯერ არ იყო. ცესკომ მხოლოდ ღამის სამ საათზე გამოაქვეყნა პირველადი მონაცემები, რომლითაც ლიდერობდნენ სახელისუფლებო ბლოკი და "ნაციონალური მოძრაობა" მაგრამ საერთო სურათი მაინც ბუნდოვანი რჩებოდა. 3 ნოემბერს უკვე გამოქვეყნდა ხმათა პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით 7%-იანი ბარიერი 5-მა სუბიექტმა გადალახა:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 26,26%
  • ახალი საქართველოსთვის - 18,92%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 17,36%
  • ბურჯანაძე-დემოკრატები - 10,15%
  • დემოკრატიული აღორძინების კავშირი - 8,13%
  • ახალი მემარჯვენეები - 7,99%

ამ დროისთვის ცესკოს ხმათა მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და "ნაციონალური მოძრაობა" (23%) ლიდერობდნენ. იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.გამონაკლისი იყო დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც წინასწარი შეფასებით, არჩევნებს სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს. ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვება აღიარა, ამ უკანასკნელმა კი საუბარი დაიწყო შესაძლო სახალხო გამოსვლებზე.

პირველი დემონსტრაცია უკვე 4 ნოემბერს ჩატარდა. "ნაციონალების" სატელევიზიო მოწოდებას მხოლოდ "დემოკრატები" გამოეხმაურნენ. "დემოკრატების" მხარდამჭერები შეიკრიბნენ ფილარმონიასთან და მოგვიანებით შეუერთდნენ "ნაციონალების" მხარდამჭერებს, რომლებიც მერიის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. მიტინგზე კონსტანტინე კემულარიამ მოითხოვა აჭარის საარჩევნო ოლქებში შედეგების გაუქმება. მოგვიანებით ეს მოთხოვნა ოპოზიციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად იქცა.

"ახლებმა", რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს დემონსტრაციაში, განაცხადეს, რომ სატელევიზიო მიწვევას არ სცნობენ, მეორე მხრივ, ბრალი დასდეს "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობაში. ოპოზიციამ დემონსტრაციას "გამაფრთხილებელი გასეირნება" უწოდა. მათ ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი, 5 ნოემბრის 12 საათამდე ეღიარებინა ოპოზიციის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ დღეს კანცელარიასთან მიტინგის გაგრძელების პირობა დადეს.

იმავე დღიდან ქალაქში გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარის ნაწილები, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასან იყვნენ კონცენტრირებულნი.ედუარდ შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. შემდეგ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებდა ძალას საჭიროების შემთხვევაში .

5 ნოემბერს "ნაციონალებმა" და "დემოკრატებმა", რომლებიც საკუთარ თავს "წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს" უწოდებდნენ, დემონსტრაცია გამართეს. ჩამოყალიბდა მთავარი მოთხოვნა: მარნეულის, ბოლნისის, ტყიბულის, ბათუმის, ქობულეთისა და საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმება. გარდა ამისა, ოპოზიციამ მოითხოვა ქობულეთში დაკავებული 21 წლის დამკვირვებლის გათავისუფლება და ყველა გამგებლის, გუბერნატორისა და პოლიციის უფროსის თანამდებობებიდან გადაყენება. მოთხოვნათა შესასრულებლად ოპოზიციამ ხელისუფლებას ვადა 7 ნოემბრამდე მისცა. "ლეიბორისტულმა პარტიამ" და "დემოკრატიული აღორძინების კავშირმა" დაგმეს საპროტესტო მიტინგები.

იმავე საღამოს ცესკოს მონაცემბით ლიდერობდა ბლოკი ახალი საქართველოსთვის 298 ათასი ხმით და მეორე ადგილზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 265 ათასი ხმით.ცესკოს მონაცემები კარდინალურად შეცვალა 6 ნოემბრის საღამოს აჭარის საარჩევნო ოლქებიდან ჩამოსულმა შედეგებმა. ამ მონაცემების მიხედვით აჭარაში "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" ხმათა 95%-ით პირველ ადგილზე გავიდაა. მან 284 ათასი ხმიდან 270 ათასი ხმა მიიღო და საქართველოს მასშტაბითაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. სახელისუფლებო ბლოკი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე და მესამე ადგილებზე აღმოჩნდნენ.ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ხალხს აქციებისაკენ მოუწოდა: 7 ნოემბერს რეგიონებში, ხოლო 8 ნოემბერს - თბილისში.

ამავდროულად ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა ბლოკის გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებზე.სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა მომხდარმა ინციდენტმა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომელებიც ზუგდიდში ატარებდნენ მიტინგს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. სააკაშვილმა პროვოკაციის მოწყობაში პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა. ედუარდ შევარდნაძემ კი ოპოზიციას კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა.

რეპორტაჟი ვარდების რევოლუციის შესახებ
Powered by  Jumpstart Georgia