უცხო მიწაზე ნაპოვნი სამშობლო

ყოველ დღე სხვადასხვა სახის მოთხოვნა შედის ტურისტულ სააგენტოში , ვის სათავგადასავლო ტური უნდა , ვის ზღვაზე დასვენება , ვის მთა და ვის ღამის ცხოვრება. წარმოიდგინეთ ერთ დღეს მოგდით სრულიად განსხვავებული იმეილი.
იწერებიან გერმანელები , უნდათ რომ ნახონ გერმანული კოლონიების დანატოვარი საქართველოში , მოინახულონ ის ადგილები სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა და უკეთ შეისწავლონ მათი ისტორია. როგორ შეადგენთ ტურს მაშინ, როდესაც უმეტესობას არაფერი გვსმენია საქართველოში მცხოვრებ გერმანელებზე. რა თქმა უნდა მეილის მიღებას მოყვება ინტერნეტში ქექვა და თქვენდა გასაოცრად ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს წააწყდებით.
იპოვით გერმანელების აშენებულ სასტუმროებ ძველ თბილისში, აღმოაჩენთ რომ სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი ადრე გერმანელი ტყვეების სამალავი იყო , წარმოიდგინეთ და თბილისში მტკვრის მარცხენა მხარეს გერმანული დასახლების გეგმაც კი არსებობდა, აღარაფერს ვიტყვი ლუთერანულ ეკლესიებსა და მის გერმანელ პასტორებზე , რომლებიც ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ თბილისში.

 

თბილისში მტკვრის მარცხენა მხარეზე გერმანული დასახლების პერსპეკტიული გეგმა (XIX საუკუნე)           

                                                                                                   

ყველაზე საინტერესო გერმანელების აშენებული სოფლებია , წარმოგიდგენიათ ? სოფლები ააშენა ამ ხალხმა და უმეტესობას არაფერი გვსმენია ამის შესახებ. სოფელი მარიენფელდი სართიჭალაში , ელიზაბეტტალი - დრევანდელი ასურეთი, ალექსანდერსდორფი დიდუბეში , ნოი ტიფლისი - დღევანდელი აღმაშენებლის გამზ. და მისი მიმდებარე ქუჩები , პეტერსდორფი - სართიჭალის მახლობლად, კატარინენფელდი - დღევანდელი ბოლნისი და ა.შ , საბოლოო ჯამში 23 დასახლება.

ასურეთი - ასე ქვია დღეს ერთ-ერთ სოფელს რომელიც თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს. დავიწყოთ თავიდან. 1817 წელს რუსეთის მეფემ , ალექსანდრე პირველმა გერმანელი კოლონისტები ჩამოასახლა ამ ადგილზე, სადაც როგორც დღევანდელი მაცხოვრებლები ყვებიან გაუვალი ტყე იყო. მეფის ინიციატივით სოფელს მისი მეუღლის საპატივცემულოდ ელიზაბეტტალი უწოდეს. ჩამოსახლების პირობების თანახმად გერმანელებს სხვადასხვა შეღავათები ექნებოდათ , გადასახადებთან და ჯარში გაწვევებთან დაკავშირებით. 

გადასახლებამდე გერმანელებმა ეს ადგილი ევროპის შუაგულში მდებარე სოფლებს დაამსგავსეს. კოლონისტების საქართველოში ცხოვრების პერიოდში ელიზაბეტტალი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სოფელი გახდა.
როგორც ირკვევა გზები და ინფრასტრუქრურა , მაღალ დონეზე ქონდათ გერმანელებს განვითარებული, ფილებით მოპირკეთებული გზები , წყლის არხები , სახლებს მაღალი სხვენი და ღრმა სარდაფები ჰქონდა. მათ მიერ აშენებული აბანო , არაერთი განყოფილებით და გოგირდის წყლებით 80-იან წლებშიც ფუნქციონირებდა. 1871 წელს , გოთიკურ სტილში აგებული ლუთერანული ეკლესია , რომელსაც კომუნისტებმა გუმბათი მოუნგრიეს , უნიკალური მარანი , ქათმების ფერმა , ვაზის ახალი ჯიში - შალა , ეს ის მცირე ჩამონათვლია რაც გერმანელებმა სოფელს დაუტოვეს. 

ლუთერანული ეკლესიის პირვანდელი სახე                                                                             ლუთერანული ეკლესია გუმბათის მონგრევის შემდეგ                                                                                               

შენობების გარდა გადასახლების შემდეგ ყველა სახლში დარჩა საყოფაცხოვრებო ნივთები , სამუშაო იარაღები, ავეჯი , წიგნები და ალბათ ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახელგანთქმული - საკერავი მანქანა „ზინგერი“.

1930 წელს აშენებული გერმანული არქიტექტურის მარანი.

სოფლის ბოლოში გერმანელთა სასაფლაოა , დღემდე მათი საფლავებისთვის ხელი არავის უხლია. გერმანელებმა ამ ადგილას 125 წელი იცხოვრეს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             2001 წელს სოფელ ასურეთში გერმანელების სასაფლაო განაახლეს. ჰომბურგ- საარლანდის გიმნაზის მოსწავლეებმა გაფანტული და სხვადასხვა ადგილას ნაპოვნი დაზიანებული საფლავის ქვებს თავი ერთ  ადგილას მოუყარეს. დღეს გერმანული ობელისკი იასანნების ხეივანშია განთვსებული

.                                                                    

 კიდევ ერთი კოლონია სოფელ დიდუბესთან (ახლანდელი სამტრედიის, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩები) დაარსდა. 1818 წლის შემოდგომაზე რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით კავკასიაში ვიურტემბერგელი შვაბები ჩამოვიდნენ.ალექსანდერსდორფს სახელი რუსეთის მეფის ალექსანდრე 1ის საპატივსაცემად მიენიჭა. დღეს წყაროებში თავდაპირველი სახელით გვხვდება მოხსენიებული.

კოლონიამ სახელი რამდენჯერმე შეიცვალა:

• პირველი მსოფლიო ომის დროს 1916 წელს ალექსანდროვსკოე გახდა ( არქივში ინახება შესაბამისი დოკუმენტაცია(ფოტო).
• გაზეთ “kaukaslsche post”-ის ცნობით 1918 წელს გერმანული კოლონიების დეპუტატების მოტხოვნით კოლონიას ძველი სახელი ალექსანდერსდორფი დაუბრუნდა.
• 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ კოლონიას კვლავ შეუცვალა სახელი და ლებკნეხტსდორფი უწოდა.
• 1938 წელს კი კოლონია თბილისს შეუერთდა.

                               

როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ საწყის ეტაპზე აქ 23-26 ოჯახი დასახლდა. მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე იზრდებოდა, 1860 წელს 35 ოჯახს მიაღწია , 80იან წლებში კი ეს რიცხვი გაორმაგდა. 

ამ პერიოდში თბილისში მყოფი გერმანელი მოგზაური ედუარდ აიხვალდი ალექსანდერსდორფის შესახებ წერდა: “მათი მეოხებით თბილისში აუარებელი რძე, კარაქი, კარტოფილი და ლუდი იყო. გერმანელთა მოახალშენეებმა აგრეთვე კარტოფილის მოყვანაც შემოიტანეს”.

სამტრედიის ქუჩაზე იდგა გერმანული სკოლა, რომლის ერთი კედელი დღესაც არის შემორჩენილი. 1938 წელს სკოლა დახურეს და მოსწავლეები თბილისის №45 რუსულ სკოლაში გადაიყვანეს.                                    აქვე არსებობდა რელიგიური საზოგადოება, რომელსაც თავისი წესდება ჰქონდა. წესდებიდან კარგად ჩანს , რომ გერმანელებს მკაცრად ჰქონდათ გაწერილი საზოგადოების მიზანი , შემადგენლობა, ცალკეული წევრების მოვალეობები.

თბილისში , დღევანდელი აღმაშენებლის გამზირსა და მისი პარალელური ქუჩების ტერიტორიაზე არსებობდა კიდევ ერთი დასახლება - ნოი ტიფლისი. აქ დასახლებულ გერმანელებს მხოლოდ საკარმიდამო მიწები დაურიგეს. ნოი ტიფლისის გერმანელები ატელიეებს და სახელოსნოებს ხსნიდნენ. მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს დღევანდელი აღმაშენებლის გამზირზე სარიტუალო მომსახურების ბიზნესიც კი ქონდა მეიერების ოჯახს. როგორც ცნობილია, ოჯახი თავად ამზადებდა სარიტუალო აქსესუარებს და შენობის პირველ სართულზე, მაღაზიაში ჰყიდდა. ისინი ასევე ფლობდნენ აფთიაქსა და სავაჭრო სახლსაც.

 

 ალექსანდერდორფი და ნოე ტფილისი საქართველოს რუქაზე                                                                  

არქიტექტურული თვალსაზრისით, ნოი ტიფლისისა და ალექსანდერსდორფის სახლების სტილი ერთი იყო. ორივე დასახლებაში გავრცელებული იყო ერთსართულიანი სახლები მაღალი სახურავებით, რომელშიც ფართო სხვენი იყო მოთავსებული. ალექსანდერსდორფისგან განსხვავებით, ნოი ტიფლისისგან დღემდე უფრო მეტი შენობა შემორჩა, თუმცა მათი დიდი ნაწილის იდენტიფიცირება ძალიან რთულია. სახლები გადაკეთებულია და პირვანდელი მხოლოდ პირველი სართულები და სარდაფებიღა დარჩა.

გერმანელებმა “ამიერკავასიის გერმანელთა კომიტეტი” ჩამოაყალიბეს, რომლის მიზანიც საქართველოს ტერიტორიაზე გერმანელთა ავტონომიური ოლქის შექმნა იყო. კომიტეტის შენობა თბილისში, მიხეილის გამზირის N373-ში მდებარეობდა.
ქართველ გერმანელებს აგრეთვე ჰქონდათ “გერმანელთა ეროვნული საბჭო”, რომლის შენობა დღევანდელი დავით აღმაშენებლის N108-ში მდეობარეობდა. საბჭო გერმანელების ინტერესებს იცავდა. თითოეულ კოლონიას ჰყავდა არჩეული კომისარი, რომელსაც მოსახლეობა ემორჩილებოდა.
1897 წელს, “ნოი ტიფლისში” , ორი პარალელური ქუჩის - მიხეილისა და კიროჩნაის გამაერთიანებელ განიერ შესახვევში აშენდა ლუთერანული ეკლესია „კირხე“, რომელიც წმ.პავლეს სახელს ატარებდა.1819 წლიდან, ამავე ადგილას მცირე ლუთერული ტაძარი ფუნქციონირებდა.

 

 პეტრე-პავლეს ლუთერული ეკლესია.  ქუჩების კვეთა   დავით აღმაშენებლის გამზირისა და მარჯანიშვილის ქუჩის კუთხე, სადაცმდებარეობდა პეტრე-პავლეს ლუთერული ეკლესია.                                                                                                                                                 "კირხეს" მემორიალური დაფა  1930-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლება გერმანელი კოლონისტების შევიწროებასა და დევნას იწყებს. 1933 წელს ხელისუფლებამ პეტრე-პავლეს „კირხე“ დახურა, პასტორი მეიერი და მისი ოჯახი კი დახვრიტეს. 1941 წელს, ომის დაყწებასთან ერთად, სტალინმა კავკასიის გერმანელები ყაზახეთსა და ციმბირში გადაასახლა. სოციალურად და კულტურულად გამართული და აწყობილი დასახლებები მთლიანად , ერთ ღამეში აყარეს , დეპორტაციას გადაურჩნენ მხოლოდ ის გერმანელები , რომლებიც ქართველებთან იყვნენ ქორწინებაში. „კირხე“, რომელიც ერთ დროს მნიშნველოვან კულტურულ და საზოგადოებრივ ცენტრს წარმოადგენდა, 1946 წელს გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს. იმავე მასალით, კირხეს ადგილას, საცხოვრებელი სახლი ააშენეს.

 

                                 პასტორი რიჰარდ მეიერი                                                                    

 პასტორ რიჰარდ მაიერის ოჯახი                                                                                                                        

დეპორტაციამდე საქართველოში 24 000-ზე მეტი გერმანელი ცხოვრობდა. 

2016 წლის მაისში ალექსანდრე ელისაშვილისა და ოლესია დიმიტრიჩენკოს ინიციატივით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით - „ალექსანდერსდორფი-თბილისში დაკარგული გერმანული სოფელი“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დიდუბის განაშენიანებისას ჩაკარგული და რამდენიმე შენობის სახით ჯერ კიდევ შემორჩენილი ველი გერმანული სოფელი „ალექსანდერსდორფი“. სულ ცოტა ხნის წინ კი დიდუბეში, აღნიშნული კოლონიის ტერიტორიაზე აბრები და საინფორმაციო ბანერი დამონტაჟდა.

  წელს გერმანიაში , შტუდგარტში მოეწყო ნესტან თათარაშვილის ფოტოგამოფენა - „გერმანელი კოლონისტები საქართველოში 1817-2017“ საქართველომ და გერმანიამ ურთიერთობის 200 წელი აღნიშნა. ნესტანი სამხრეთ კავკასიააში გერმანული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის დამფუძნებელია. საუბრისას აღნიშნავს რომ გერმანელების მიერ დანატოვარი მემკვიდრეობის დაცვა-გადარჩენა ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე 23 სოფლის ინვენტარიზაცია დასრულებულია , გერმანიის მხარემ , საგარეო საქმეთა სამინისტრომ თრიალეთში გერმანული ეკლესიის რესტავრაცია უკვე დაასრულა , ასევე მიმდინარეობს ასურეთში კილომეტრიანი ქუჩის მოწყობა და ლუთერანული ეკლესიის რესტავრაცია. ნესტანი იმედოვნებს რომ აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს სოფლები როგორც ქართველებისთვის , ასევე უცხოელი სტუმრებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება. 

გერმანელმა ხალხმა უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა ქართველ ერს, ჩვენი ვალია რომ დავუფასოთ კოლონისტებს ღვაწლი და შევუნახოთ მომავალ თაობას ასეთი მნიშვნელოვანი დანატოვარი. 

Powered by  Jumpstart Georgia