droni.ge
უთანასწორო ბრძოლაში

ფეხებისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით ბავშვი ჯერ პედიატრმა გასინჯა, შემდგომ კი ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გაგზავნეს, სადაც ოჯახს განუცხადეს, რომ მათი პაციენტი არ იყო და იაშვილის კლინიკისათვის უნდა მიემართათ. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა ლუკამ, რომ ეს ადგილი მისი საცხოვრებელი უნდა გამხდარიყო. საინფორმაციოდან მე-5 სართულზე, ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში გადაამისამართეს, სადაც მას მწვავე დიაგნოზი - ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინეს.

 

 ეს ამბავი ყველაზე მძიმე ლუკას დედისთვის, სიმსივნით დაავადებული ნათიასთვის იყო, რომელსაც 3თვის წინ დაემარცხებინა საშვილოსნოს კიბო.

   ნათია: „როცა ნინო ტოტოღაშვილმა დიაგნოზი მითხრა, ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემ ცხოვრებაში. მეგონა იმ დღით ყველაფერი დამთავრდა. მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს დაავადება იყო მომაკვდინებელი. როცა ლუკას თვალებში შევხედე, ეს იყო მტკივნეული გრძნობა ჩემთვის, მიყურებდა, არ იცოდა რატომ ვტიროდი, გავშეშდი, თითქოს ცხელი წყალი გადამესხა, ვეღარაფერს ვამბობდი, შემდეგ ბავშვი ავიყვანე ხელში და წავედი ისტორიის გასახსნელად, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი, თავში მხოლოდ ის ფიქრი მქონდა, თუ რატომ, რა მოხდა, მე ხომ გადავრჩი, ლუკას რატომ დაემართა ეს?!“

   ლეიკემია  სისხლის ავთვისებიანი დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლის ტვინში ნორმალური სისხლის უჯრედების (ლეიკოციტების) ნაცვლად ანომალური უჯრედები (სისხლის თეთრი უჯრედები) წარმოიქმნება. ანომალური უჯრედები უკონტროლოდ მრავლდებიან, სისხლში ხვდებიან და მთელ სხეულში  მოგზაურობენ. ანომალურ უჯრედებს არ შესწევთ უნარი ნორმალური ლეიკოციტების ფუნქცია  შეასრულონ. ისინი ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო სწრაფად  იზრდებიან და დროთა განმავლობაში ავიწროებენ ნორმალურ უჯრედებს. ეს კი სხვადასხვა  სიმპტომის განვითარებას იწვევს. ლეიკემია სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება. სტატისტიკის მიხედვით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე განვითარებულ ქვეყნებში გოგონებში შეადგენს 3.5, ხოლო ბიჭებში - 4.2; განვითარებად ქვეყნებში კი - გოგონებში 2.2-ია და ბიჭებში - 2.9.

   „გაიღო ის დიდი, საშინელი კარები, შევდიოდი და აქეთ-იქით ვიყურებოდი, ლეიკემიანი ბავშვები ჩემ ლუკას უყურებდნენ, შიშის გრძნობა დამეუფლა. ლუკასთან არ ვაჩვენებდი ცრემლებს, ძალიან ძლიერი ვიყავი, თუმცა მერე ცალკე ვტიროდი. ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადაიტანს ამ მკურნალობას. მხოლოდ ის ვკითხე, ხომ ყველაფერი კარგად იქნებოდა? პასუხად მივიღე: „უნდა მიენდო ღმერთს.“

   „ორი ახალი წელი გავატარეთ იქ, ყველაზე მძიმე ახალი წლები. ლუკას ხელიდან ა ვსვამდი, წელს ქვემოთ მოწყდა 3თვე .ჩვეულებრივ, 7თვის განმავლობაში მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს წელიწადისა და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. პირველი რემისია მე-15 დღეს უნდა გაგვევლო, ვერ გავიარეთ, გავიარეთ 30-ე დღს. უძლიერეს ქიმიებს იღებდა, რაც რეაქციას აძლევდა და 3-ჯერ ნამდვილად გადავრჩით. ერთი ასეთი შემთხვევა არ მავიწყდება, როცა სიცხე 42 გრადუსზე  აუვიდა, ექიმები ვერაფერს აკეთებდნენ და მე დამიძახეს, დედაზე ძალიან ვერავინ გაათბობსო. დავემხე ლუკას და ვუთხარი: გენაცვალოს დედამ, ეხლა არ მიღალატო!“

„რამდენიმე თვის უკან ღმერთს ჩემს სიცოცხლეს ვავედრებდი და დღეს ჩემი შვილის სიცოცხლე იყო ამ მდგომარეობაში. მთელი დღე ხელით ვატარებდი, როცა ვაძინებდი იმდენად მტკიოდა ფეხები, მუხლებზე ვდგებოდი, ისევ პრობლემები დამეწყო, მორფოლოგიურზე დათესეს და უთუოდ გასაფრთხილებელი მდგომარეობა მქონდა, არ იყო სიმსივნური უჯდერები, მაგრამ დიდ ყურადღებას საჭიროებდა, თუმცა იმ დროს უკვე ჩემ თავზე აღარ ვფიქრობდი.“

   „მე-5 სართულზე იყო უშველებელი კორიდორი, ყველას თავისი საწოლი ჰქონდა, ერთ ოთახში ორი პაციენტი იყო, გვქქონდა სათამაშო ოთახი, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებდნენ ბავშვები. დადიოდნენ ხელოვნების - მუსიკის, ხატვის მასწავლებლები, მოდიოდნენ ჯამბაზები, საახალწლოდ ყოველდღიურად ვიღებდით საჩუქრებს. მოდიოდნენ ყველა სახელმწიფო ორგანოდან. განსაკუთრებით მადლობლები ვართ დიტო ცინცაძის ფონდის. ლუკას სოკოვანი ინფექცია განუვითარდა ფილტვებში და ამ ფონდმა ძალიან ძვირი გადაიხადა წამალში, 5000 ევრო, როგორც მახსოვს. მშობლები სამზარეულოში ერთად ვაკეთებდით საჭმელს, ტირილი, ყვირილი, ღამე შეუძლებელი იყო დაძინება, ტკივილისაგან ბავშვების კვნესის ხმა დღესაც ყურში ჩამესმის.“

ლუკა

„13 ნარკოზი გაიკეთა ჩემმა ლუკამ, ყოველ ჯერზე მუხლებზე დაჩოქილი ვთხოვდი უფალს, რომ კარგად დამთავრებულიყო ოპერაცია და მშვიდობით გამოსულიყო იქიდან. სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, სისოცხლის ხალისი დამეკარგა, მაგრამ ლუკამ მითხრა, რომ ყველას დედიკო ლამაზადაა და მეც ლამაზად ვყოფილიყავი, სახეზე საღებავი წავისვი და ვცდილობდი არაფერი შემემჩნია გარეგნულად და ახალი წლის ღამეს ლუკას თხოვნით მე, ის გამწარებული ვცეკვავდი. მაღალი რისკის ბავშვებს მიეკუთვნებოდა ლუკა, 3 დექსას კურსი გაიარა, რაც სულ 3ბავშვს ჰქონდა გავლილი იაშვილში, დასივდა, ძალიან გაუფუჭდა ხასიათი, არ უნდოდა კონტაქტზე გამოსვლა.“

 

ლეიკემიის განყოფილების დირექტორი იაშვილის კლინიკაში - ნინო ტოტოღაშვილი

„თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა მკურნალობის თანმდევ პრობლემებს, ყველაფერი ისე მიდიოდა ლუკას შემთხვევაში, როგორც უნდა ყოფილიყო. იყო ჩავარდნებიც, ზოგჯერ რეაქციას აძლევდა წამლები, მაგრამ იმდენი ქიმია გადაისხა, რომ მაინც საკმარისი აღმოჩნდა, ორგანიზმმა კარგად გადაიტანა.“

ლუკას მკურნალი ექიმი - ასმათ შენგელაია

„ლუკა ძალიან მაგარი ბიჭია, ურთულესი პროცესები გაიარა. ახლა დაცვით პროგრამას გადის, ყოველ დღე იღებს ქიმიებს და კვირაში ერთხელ იტარებს პროცედურებს, რადგან მაღალი რისკის ბავშვია და გვინდა, რომ საბოლოოდ ამოწუროს მკურნალობის პროცედურა. 70-75% განკურნებადია ჩვენთან, თუმცა რეციდივებიც არიან."

   „2014 წლის 19 დეკემბრიდან 2015 წლის 5 თებერვლამდე გავიარეთ ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, არავის ვუსურვებ იგივეს, ეს იყო საშინელება. 5 თებერვალს დავბრუნდით სახლში, დავიწყეთ ახალი ცხოვრება, ლუკა ნელ-ნელა დახცრა, 2თვეში უკვე გახდა, ჩვეულ ფორმაში ჩაჯდა, თმაც ამოუვიდა. მალ-მალე კი ცივდებოდა, მაგრამ ახლა უკეთესად არის, მადლობა ღმერთს.“

  

  2016 წელს ლუკა სკოლაში წავიდა. მან საბოლოოდ დაამარცხა ლეიკემია. დღეს ის მე-2 კლასის მოსწავლეა, უკვე აიხდინა ერთ-ერთი ოცნება და სკოლაშივე დადის ცეკვის წრეზე, თუმცა დატვირთვით არ ვარჟიშობს, მაგრამ ამითაც  უბედნიერესია. აქვს ოცნებები: გახდეს პოლიციელი და ძალიან უნდა თვითმფრინავით გაფრენა.

 

ლუკა
Powered by  Jumpstart Georgia