უფასო სასწავლო გრანტები მიგრანტებისათვის

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“.

პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მცირე სასწავლო გრანტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეკოლოგიური და შრომითი მიგრანტებისათვის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დასაუფლებლად გაიცემა უფასო  გრანტები. 

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ  „ინტელექტის“ პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“  განათლების მეთოდისტი სოფიკო ნაკაშიძე.

„მეორე წელია, რაც  პროექტი „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“  მიმდინარეობს. ამ დროისათვის უკვე გადამზადებულია 37 ბენეფიციარი რამდენიმე მიმართულებით (მზარეული, ელექტრიკოსი, სტილისტი, კონდიტერი, ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი), 19 ბენეფიციარი კი, გადის გადამზადების კურსებს (ელექტრიკოსი, მზარეული, სტილისტი).

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევა, რომლის დროსაც გამოიკვეთა დაახლოებით 20 მოთხოვნადი სპეციალობა. ჩვენს ბენეფიციარებს სწორედ ამ სპეციალობებს ვთავაზობთ, დაა 100%-ით ვაფინანსებთ.

ამ ეტაპზე რამდენიმე ჯგუფი ემზადება სწავლის დასაწყებად. მათ შორისაა მზარეულების, კონდიტერების, ოფისის მენეჯერების, შემდუღებლების, ამწისა და მძიმე ტექნიკის ოპერატორების ჯგუფი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების ნაწილი, უკვე დასაქმდა პროფესიული გადამზადების კურსების გავლის შემდეგ. ზოგიერთი მათგანი, თვითდასაქმებულია. განსაკუთრებული ხაზი მინდა გავუსვა პედაგოგების აქტიურ ჩართულობას სტუდენტთა  დასაქმების კუთხით.

რამდენიმე კურსდამთავრებული მცირე ბიზნეს-გრანტის მოპოვებასაც ცდილობს, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში გაიცემა.

პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციართა 50%-ში ხანდაზმულები (ასაკოვანი ადამიანები), 45-60 წლის ასაკის ქალები მოიაზრება (გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით).

ჩვენ გსურს ხელი შევუწყოთ ქალბატონების, განსაკუთრებით კი ასაკოვანი ქალბატონების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას, რათა სამომავლოდ გაუადვილდეთ დასაქმება.

როგორ ხდება შრომით და ეკოლოგიურ მიგრანტებთან  დაკავშირება?

ბენეფიციარების მოძიება ძირითადად, გასვლითი ღონისძიებების მეშვეობით ხდება. ვატარებთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ეკომიგრანტთა სტიქიური ჩასახლების ადგილებში: ბენზეს სოციალური სახლი, ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც დასახლებულია ნაწილი ეკომიგრანტებისა, 25-ე და 53-ე ბატალიონები (ე.წ. „ოცნების ქალაქი“), ჩაქვის სოციალური სახლი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძალიან კარგად მუშაობს ჩვენი კოორდინატორი ნატა მიქელაძე.

ვის შეუძლია  ისარგებლოს უფასო სასწავლო გრანტების პროგრამით, როგორ ხდება საბუთების მიღება?

პირი, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენი დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (არის შრომითი ან ეკომიგრანტი), უნდა შეავსოს განაცხადის სპეციალური ფორმა, წარმოადგინოს პასპორტის ან პირადობის ქსეროასლი, ეკომიგრანტის შემთხვევაში - ცნობა სტიქიით დაზარალებულის შესახებ; შრომითი მიგრანტის შემთხვევაში - ცნობა საპატრულოდან საზღვრის კვეთის შესახებ.

რამდენ საათს მოიცავს სწავლების კურსი?

პროფესიული გადამზადების კურსები 250-დან 350 საათამდე მერყეობს, საათობრივი დატვირთვა დამოკიდებულია კონკრეტულ სპეციალობაზე. ჩვენი ბენეფიციარები სასწავლო კურსებს გადიან  ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ და ბათუმის პროფესიულ კოლეჯში „ბლექსი“.

პროფესიული გადამზადების კურსის გავლა შეუძლია მხოლოდ, ქ. ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შრომით და ეკოლოგიურ მიგრანტებს.

 რას ურჩევდით აჭარაში მცხოვრებ შრომით და ეკოლოგიურ მიგრანტებს?

აღნიშნული პროექტი მომავალი წლის ივნისის თვეში დასრულდება, სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც არის შრომითი ან ეკოლოგიური მიგრანტი, გამოიყენონ ეს შანსი და მიიღონ პროფესიული განათლება, რადგან ჩვენს რეალობას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ მომსახურების სფერო პროფესიონალი კადრების დეფიციტს განიცდის.

ამ ხარვეზის ამოვსება კი კონკრეტული პოზიციაზე მოთხოვნის შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე კადრის მომზადებით არის შესაძლებელი და იგი, პროფესიული განათლების მეშვეობით მიიღწევა.

P.S პროექტ „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში პროფესიული სწავლის პროგრამას გაივლის სულ 100 ბენეფიციარი, მათ შორის 50% იქნება ქალი. პროგრამის მიზანია აჭარაში მცხოვრებ მიგრანტებს ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე საკუთარი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. მათვის პროფესიული და პიროვნული განვითარების სრულ და თანაბარი შესაძლებლობის შექმნას დასაქმების და თვითრეალიზაციის პერსპექტივით.

 

Powered by  Jumpstart Georgia