თელავის დასუფთავების პრობლემები

ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტის 22 სოფელში დასუფთავების და ნაგვის გატანის პრობლემაა. ქალაქ თელავის მოსახლეობა ამბობს, რომ დასუფთავების სამსახური ნაგვის ურნებს დროულად არ ცლის. სოფლებში კი, ნაგვის ურნები არ ჰყოფნით და ნარჩენების გადასაყრელად უახლოეს ბუნკერამდე დიდი მანძილის გავლა უწევთ. მათი თქმით, სწორედ ურნების სიმცირის გამო ადგილობრივების უმეტესობა ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ყრის.

 

თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2014 წელს თელავის მუნიციპალიტეტი გაუქმდა და ერთის მაგივრად ორი ტერიტორიული ერთეული, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი შეიქმნა.
მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგ, ბიუჯეტიც გაიყო და ახლა ქალაქ თელავს და მუნიციპალიტეტის 22 სოფელს საკუთარი ბიუჯეტები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი გაზრდილია საკუთარი შემოსავლების, მუნიციპალური განვითარების ფონდის და სხვა პროექტების ხარჯზე, ორივე ტერიტორიულ ერთეულში დასუფთავების და ნავის გატანის პრობლემა ჯერაც დგას.

ექსპერტების თქმით, მომავალ წელს შესაძლოა აღნიშნული პრობლემა უფრო გამწვავდეს, რადგან ქალაქ თელავის და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირეს. დაგეგმილი ცვლილებებით მოსალოდნელია მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანება.

დღეისთვის ქალაქ თელავს 15 ნაგავმზიდი მანქანა ჰყავს, რომლელთაც ქალაქიდან ყოველდღიურად 28 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი გააქვთ. ქალაქ თელავის მერიასა და მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ მანქანები დღეში ორჯერ ყველა უბანში მიდიან და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში განთავსებულ დახურულ ნაგავსაყრელზე მიაქვთ.

სატელეფონო ინტერვიუ: პეტრე ჯავახიშვილი– ქალაქ თელავის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი

 

 

ქალაქის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 19 629 მოსახლე 200–მდე ნაგვის ურნით სარგებლობს, თელავის მუნიციპალიტეტის 22 ტერიტორიულ ერთეულზე მცხოვრებ 38 721 ადამიანზე კი 700 ნაგვის ურნაა გათვალისწინებული. ადგილობრივ თვითმმართველობებში აცხადებენ, რომ ურნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის განთავსებული, თუმცა უცხო ქვეყნებში იმავე რაოდენობის მცხოვრებელზე გაცილებით მეტი ურნაა დამონტაჟებული მყარი ნარჩენების შესაგროვებლად.

თელავის მუნიციპალიტეტის 22 სოფელს ამ დროისთვის 5 ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება, რომელიც კვირაში ორჯერ ყველა სოფელში მიდის. გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლებში ამ ეტაპზე 700-მდე ნაგვის ბუნკერია განთავსებული, რომელიც როგორც თავად ამბობენ სრულიად საკმარისია. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემა არა ურნების სიმცირეში, არამედ მოსახლეობაშია, რადგან ისინი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქუჩაში ყრიან.

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულას ნაგავსაყრელი

ყოველდღიურად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულას ნაგავსაყრელზე 200 ტონამდე მყარი ნარჩენი კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტიდან, თელავიდან, ყვარლიდან გურჯაანიდან და ახმეტიდან შედის. 

ყოველდღიურად ქალაქ თელავიდან 70 ტონამდე, ხოლო სოფლებიდან 60 ტონაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენი შედის. 

აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და საქმის სპეციალისტების თქმით, 2014 წლიდან დღემდე ქალაქის და სოფლების დასუფთავების და ნარჩენების გატანის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა ნაგვის ურნების სიმცირის გამო, მოსახლეობა ნარჩენებს ხევების კალაპოტებსა და მდინარეების ნაპირებზე ყრის, რაც სტიქიური ნაგავსაყრელების წარმოქმნას უწყობს ხელს.
რა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების დახარისხებას, კომპოსტირებას

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე მრავალი წელია ცდილობენ ნარჩენების პრობლემის გადაწყვეტას და ნარჩენების მართვის სფეროში მუდმივად ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობენ. ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია და მთავრობისა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს. თანამედროვე მსოფლიოში ნარჩენების მართვის სხვადასხვა წარმატებული სქემა არსებობს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებსაც თითქმის ყველა სქემა ითვალისწინებს. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია შემუშავდეს ნარჩენების მართვის ეფექტური გეგმა. რომელიც თავის მხრივ, სამოქმედო გეგმისაგან შედგება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ნარჩენების მართვის გეგმის სწორად შემუშავებაზეა დამოკიდებული შემდგომში ნარჩენების მდგრადი მართვა.

cenn-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორი, კახა სუხიტაშვილის თქმით, 2019 წლიდან საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეული ვალდებულია გადავიდეს ნარჩენების ეტაპობრივად სეპარაციაზე. მისი თქმით,  აღნიშნული კუთხით გარკვეული ნაბიჯები თელავში უკვე გადაიდგა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის და ქალაქ თელავის მერიის ერთობლივი ინიციატივით, ალაზნის გამზირზე დადგმულია 30 მდე სეპარირებული ურნა, სადაც ქაღალდის და პლასტმასის ნარჩენი ცალკე გროვდება.

ბუნების დამცველები და ეკოლოგები შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ნარჩენების დახარისხების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში ხედავენ. მათი თქმით, აუცილებელია მყარი ნარჩენების მართვის სისტემა დაიხვეწოს და ყველა სოფელში დაიდგას საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაციისთვის საჭირო ურნები და ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები.
Powered by  Jumpstart Georgia