თელაველი ახალგაზრდები სკეიტპარკის გახსნას ითხოვენ

ქალაქ თელავში მცხოვრები ახალგაზრდები სკეიტპარკის გახსნას ითხოვენ. თელაველი თორნიკე ხალხელაური ამბობს, რომ სპორტის ამ სახეობის მოყვარულია და იმის გამო, რომ ქალაქში სპეციალური ადგილები არ არის გამოყოფილი, სავარჯიშოდ გასვლა ქუჩაში უწევს. თორნიკეს თქმით, გზაზე მას მანქანებთან ერთად უწევს გადაადგილდება, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

თორნიკე ხალხელაურის თქმით, მათ ადგილობრივ თვითმმართველობას სკეიტპარკის მოწყობის თხოვნით ერთი წლის წინ მიმართეს თუმცა უშედეგოდ.

 

თორნიკე ხალხელაური– ქალაქ თელავის მკვიდრი
ახალგაზრდების თქმით, სკეიტ პარკის გახსნა ხელს შეუწყობს აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაციას და მათთვის დამატებითი გასართობი ადგილის შექმნას. მათი თქმით, ქალაქში სკეიტის მოყვარულებისთვის უსაფრთხო გარემო არ არსებობს, რის გამოც ახალგაზრდებს ცენტრალურ ქუჩებზე უწევთ გადაადგილება. მათი თქმით, ქალაქში არსებობს სპეციალური გზა ველომოყვარულებისთვის, თუმცა მასზე დღის განმავლობაში მანქანებია გაჩერებული.

თელავში მცხოვრები ახალგაზრდების აზრით, სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ქალაქში სავარჯიშოდ სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია და ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

 

ახალგაზრდების თქმით, ქალაქს სპორტის ამ სახეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

თელაველ გიორგი ჩეკურიშვილის თქმით, ახალგაზრდული ინიციატივების თვითმმართველობამდე მიტანა და მის განსახორციელებლად ერთობლივად მუშაობა მნიშვნელოვანია.

 

გიორგი ჩეკურიშვილი– თელავის მკვიდრი

ახალგაზრდების თქმით, ქალაქში ასევე გასართობი ადგილების არარსებობის პრობლემაა.

მათი თქმით, არ არის ადგილი, სადაც საღამოს ახალგაზრდებს შეკრება და დროის სასიამოვნოდ გატარება შეეძლებათ.

ნინი ამონაშვილი– ქალაქ თელავის მკვიდრი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ექსპერტების თქმით, ახალგაზრდების მოთხოვნა სკეიტპარკის შექმნასთან დაკავშირებით რეალურია და მისი განხორციელება თვითმმართველობის მიერ შესაძლებელია.

 

საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონის’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელი დავით ღონღაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ინიციატივის თელავის თვითმმართველობის მიერ განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა ქალაქი წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სკეიტის მოყვარულთა თავშეყრის ადგილი გახდეს, რაც ფულად შემოსავლებს გაზრდის.

 

დავით ღონღაძე– საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონის’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელი

დავით ღონღაძეს თქმით, საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონი” ახალგაზრდული მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ამ დროისთვის ორგანიზაციას 3 მიმდინარე პროექტი აქვს, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას და გაძლიერებას ითვალისწინებს.

 

ქალაქ თელავის მერიაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდული მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრები ახალგაზრდებთან და მათი საჭიროებებისა და პრობლემატური საკითხების განხილვა აქტიურად ხდება.

თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, 2016 წელს ახალგაზრდული მიმართულებით 25 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო 2017 წელს ბიუჯეტიდან 22 000 ლარი დაიხარჯება.

ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, ახალგაზრდებს, რომლებსაც ქალაქში სკეიტპარკის გახსნა სურთ, აუცილებელია მათ იდეა პროექტად დაამუშავონ, გაწერონ ხარჯთაღრიცხვა, მიუთითონ მოსაზრებები,პარკის სავარაუდო ადგილმდებარეობა და სხვა აუცილებელი ინფორმაციები, რომელსაც შემდეგ თვითმმართველობას მიაწვდიან.

მისი განმარტებით, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა აღნიშნული იდეის განსახორციელებლად.

 

ფიქრია ყუშიტაშვილი– ქალაქ თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი

ადგილობრივების და ექსპერტების თქმით, აუცილებელია თვითმმართველობის საქმიანობაში ბევრი ახალგაზრდის ჩართვა და მათი საჭიროებების ერთობლივი მუშაობით გადაწყვეტა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას და მათ სამოქალაქო გააქტიურებას.

 

 

 

Powered by  Jumpstart Georgia