თბილისური ეზო – თბილისის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა ტრადიციისა თუ კულტურის ადამიანთა თანაცხოვრება განსაკუთრებულ კოლორიტს ქმნიდა და ქმნის თავისი ხმაურიანი ფუსფუსით. თბილისური ეზოების უმეტესობა, რომელიც თბილისში გვხვდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.

თბილისურ ეზოებს მიღმა



მიხვეულ-მოხვეული კიბე, ხის მოჩუქურთმებული აივნები, ღია ფანჯრებიდან გამოსული სხვადასხვა სურნელი, ეზოები, სადაც ქუჩის ხმაური თითქმის არ აღწევს - ეს იტალიური ეზოებია, რომლებიც თბილისში მეცხრამეტე საუკუნიდან ჩნდება.
თბილისელები ლაღი და გახსნილი ხალხი ყოფილა, უყვარდათ ერთმანეთთან ურთიერთობა, წვეულებები, რომლებიც ძირითადად სახლის სახურავებზე, ბანებზე იმართებოდა.



მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ქალაქი ამიერკავკასიაში მეფის რუსეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, იმპერიამ თბილისის ევროპული სტილით გარდაქმნა გადაწყვიტა და ბანები აკრძალა.
ქალაქმა ახალი არქიტექტურა ვერ იგუა და დაიწყო მისი გადმოქართულება. აქაურებმა საჯარო სივრცის ახალი ფორმა, აივნები მოიფიქრეს. სწორედ ამ აივნებით შეიქმნა ქალაქის განსაკუთრებულებული კულტურული ფენომენი.



აივნების არქიტექტურა განსხვავებულია, მეცხრამეტე საუკუნის 50-60-იანი წლების აივნები ქუჩაზე გამოდის, მოგვიანებით კი შენობის უკანა მხარეს ინაცვლებს და შიდა, ჩაკეტილ სივრცეს ქმნის.
ჩუქურთმას ხარატები ახალ არქიტექტურულ სტილს უსადაგებდნენ, აქაური სახლები სხვა ქალაქის სახლებისგან ღია სივრცით, მაღალი დონის ხელით შესრულებული ჩუქურთმებითა და აივნებით გამოირჩევა.


საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა მეოცე საუკუნეში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო. თბილისურ სახლებში, რომლებიც ხშირად ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, რამდენიმე ოჯახი ერთდროულად შეასახლეს, ეზოები ხმაურიანი და ხალხმრავალი გახდა, სავარაუდოდ, ზუსტად ამიტომ დაერქვათ მათ სახელი - იტალიური ეზო.როგორც აქ მაცხოვრებლები ამბობენ, ძველი თბილისის ცხოვრებაში ეზოს და უბანს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

დღეს თბილისში ასეთ ეზოს, სამეზობლოს, ურთიერთობებს თითქმის ვეღარ შეხვდებით, რაც ბუნებრივიცაა, XXI საუკუნეს, ტექნოლოგიების ეპოქას თავისი მოთხოვნები აქვს, ცხოვრების აჩქარებული ტემპი და გამოწვევები. ეს კი ცხადია, თბილისელებზეც ვრცელდება. თუმცა ასეთ ეზოში მაცხოვრებლები იმას მაინც ჩივიან, რომ ეს სამეზობლო და მათი ურთიერთობები სადღაც გაქრა და ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაცივდნენ.
