ქალაქის ნაგავი
დანაგვიანებული ქუჩები
ქალაქის ნაგავი

        ყოველ დილით, როდესაც დედაქალაქის ქუჩებში დავდივარ, მსიამოვნებს დასუფთავებულ ქუჩებში სიარული. მიყვარს, როდესაც სისხამ დილით ფეხით დავდივარ ქუჩებში და ვაკვირდები თუ როგორ თენდება ქალაქში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ჰობია. უცნაურია, თუმცა ყველაზე მეტად, სწორედ ამ დროს იგრძნობა თბილისის სურნელი.

        ვაკვირდები ადამიანებს, მათ ქცევებს, საუბრის მანერას, ინტონაციას, ქმედებებს. ვუცქერი დასუფთავებულ ქუჩებს, ნარინჯისფერ უნიფორმაში გამოწყობილ ადამიანებს, რომლებიც გულმოდგინედ ასუფთავებენ დედაქალაქის ტროტუარებს. ვაკვირდები ადამიანებს, რომლებიც აივნებიდან უცქერიან თბილისის გაღვიძებას. ვუცქერი ისტორიულ ძეგლებს, ქალაქის არქიტექტურას, მაღალ შენობებს, ერთმანეთთან შერწყმულ ძველ და ახალ თბილისს. შემდეგ ფიქრს ვიწყებ, ბევრს ვფიქრობ, ფიქრი ძალიან მიყვარს, რადგან მეხმარება სიტუაციების გაანალიზებაში, სიგარეტს ვუკიდებ და დანიშნულების ადგილისკენ ვაგრძელებ გზას...

ხშირად მიფიქრია თუ ვინ არიან ადამიანები, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებს ასუფთავებენ და რომელსაც „მეეზოვეების“ ტერმინით მოვიხსენიებთ. რამდენად რთულია ან მარტივია მათი საქმიანობა და როგორია იყო „მეეზოვე“?!

ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ დედაქალაქის სისუფთავეზე, რომლებიც გაუსაძლის სიცივეში, წვიმაში, თოვლსა თუ სიცხეში დედაქალაქის ქუჩებს ასუფთავებენ, საზოგადოება მათ ტერმინ „მეეზოვეებით“ მოიხსენიებს. ხშირია მათ მიმართ დაცინვა, აბუჩად აგდება, სიტყვიერი შეურაცხყოფა: „მენაგვე“ მათ დასამცირებლად ზოგიერთი ადამიანი სწორედ ამ ტერმინს იყენებს. მაგრამ სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც რეალურად ზრუნავენ დედაქალაქის სისუფთავესა და ლამაზ იერსახეზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად – დედაქალაქში ყოველდღიურად 1000 ტონამდე ნარჩენი იყრება, რომელსაც სწორედ ეს ნარინჯისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები ასუფთავებენ და მოქალაქეებს ყოველდღიურად სუფთა ქუჩებს ახვედრებენ. ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და შეიძლება ითქვას, შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მათი სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება და 8 საათს გრძელდება, ანაზღაურება კი 500 ლარს არ აღემატება. თბილისის მერიის ცნობით – დედაქალაქს ამჟამად 2300 ზე მეტი მეეზოვე ჰყავს.

ხვიჩა ასანიძე – უკვე 8 წელია თბილისის მეეზოვეა. 8 წელია გაუსაძლის სიცივეში, თოვლში, წვიმასა თუ ქარში დედაქალაქის ქუჩებს ასუფთავებს. ეს მისი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული რუტინაა, რომელიც როგორც თავად ამბობს უკვე ხასიათშიც გადაეზარდა და თავისი საქმიანობის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია.

„სამსახურს დილით 8 საათზე ვიწყებ. ოჯახი მყავს, ბავშვები და ეს სამუშაო ჩემი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მიხარია, რომ პატიოსანი შრომით კარგ საქმეს ვემსახურები. მიხარია როცა ყველაფერს დასუფთავებულს ვხედავ. ანაზღაურება ცოტა ნაკლებია, მაგრამ რას ვიზამთ, არაუშავს. ვაკეთებ კეთილ საქმეს და ჩემს ქვეყანას ამით ვემსახურები. კარგი იქნება, რომ ყველამ დავიცვათ სისუფთავე, ქუჩებში ნაგავი არ დაყარონ, აგერ ურნებია და აიღონ და შიგ ჩაყარონ. ხშირია დაცინვა და შეურაცხმყოფელი სიტყვები, ზოგისთვის ეს შეიძლება ისე იყოს, რომ აი დამლაგებელი ვარ და პატივს არ მცემენ. აი ეს არის ყველაზე ცუდი. მერე რა რომ დამლაგებელი ვარ. დამლაგებელი ვარ დიახ. მერე რაა?!“

სწორედ ამ ადამიანების წყალობით დედაქალაქს ყოველ დილით მართლაც ხვდება დასუფთავებული ქუჩები, ქუჩები, რომლებიც საღამომდე ისევ ნაგვით ივსება. მეორე დრეს კი ყველაფერი თავიდან იწყება.

საინტერესოა თუ სად არის ქალაქის ქუჩებში აკრეფილი ნარჩენების და ნივთების  დანიშნულების ბოლო პუნქტი...

თბილსის ტერიტორიაზე  3 ევროსტანდარტების შესაბამისი ლიცენზირებული ნაგავსაყრელია: ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე / გლდანსა და სოფელ  ნორიოს დასახლებაში, რომლებსაც ქალაქ თბილისის მერიას დაქვემდებარებული კომპანია „თბილსერვის  ჯგუფი“ აკონტროლებს და ზედამხედველობს. სწორედ ამ ნაგავსაყრელებზე ხვდება ხდვდება დედაქალაქის ქუჩებში, ჩვენს მიერ გადაგდებული თითოეული ნივთი. ნივთი, რომელიც ადგილზე მისასვლელად დიდ გზას გადის...

შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმო „თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, 2016 წლის 15 მაისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირი - შპს „თბილსერვის ჯგუფი“, შპს „უძრავი ქონება-თბილისი“, შპს „თბილისის პარკები“ და შპს „სინათლის ქალაქი“ გაერთიანდა, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას ახორციელებს. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:

  • დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
  • სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • თოვლცვენის დროს მარილის დაყრა.
  • სადრენაჯო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
  • სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
  • შადრევნების ექსპლუატაცია და გამართული მუშაობის ორგანიზება.
  • გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) მოვლა-პატრონობა.
  • გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა.

სოფელ ნორიოს ნაგავსაყრელი სწორედ ერთ–ერთია იმ არსებული 3 ნაგავსაყრელიდან, სადაც დედაქალაქის ნაგავი ხვდება. ნაგავსაყრელი 2010 წელს გაიხსნა. ის მოსახლეობისგან იზოლირებულ ადგილას მდებარეობს. აქ შესვლა სპეციალური აღჭურვილობებისა და კომბინიზონების გარეშე შეუძლებელია.

          ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემდეგ ნაგავი გადამუშავების სხვადასხვა ეტაპს გადის: ჯერ იტკეპნება, შემდეგ მიწა ეყრება და საბოლოოდ მისი დამიწება ხდება. გარკვეული დროის შემდეგ დამიწებული ნაგავი წყალს და აირს გამოჰყოფს, რის შედეგადაც ნაგვისგან ხდება, როგორც ბუნებრივი აირის, ასევე სასმელი და სარწყავი წყლის მიღება.

           ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან გამოსვლამდე ყველა ნაგვის მანქანა სპეციალურ დეზინფექციის პროცედურებს გადის, ქალაქში ეპიდემიის და დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ეს სავალდებულო მეთოდი და მექანიზმია ერთგვარი პრევენციის კუთხით.    

 „თბილსერვის ჯგუფის“ – წარმომადგენლების ინფორმაციით  – ახლო მომავალში ნორიოს ნაგავსაყრელზე იგეგმება სპეციალური ელექტრო ენერგიის გადამამუშავაბელი და აირის გადამამუშავებელი სადგურის მშენებლობა, რის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მიმდებარე ტერიტორიების და ქალაქის უდიდესი ნაწილის, როგორც ელექტროენერგიით, ასევე ბუნებრივი აირით მომარაგება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოში, გარემოს დაბინძურებაზე კანონი გამკაცრდა, თუმცა დანაგვიანებული ქუჩები ჯერ კიდევ რჩება დედაქალაქის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად...   

2015 წლის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ გარემოს დაბინძურება დასჯადია და განისაზღვრა ასევე დაბინძურებითვის შესაბამისი ჯარიმების ზღვარიც: _ გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი, 5 000 ლარია.

  • კანონის თანახმად, 2 კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 80 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
  • საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა–ნაგებობიდან 2 კგ–მდე ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში კი პირი  100 ლარით დაჯარიმდება.  
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანებისას 120 ლარით მძღოლი ჯარიმდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში  კი, დამრღვევი.
  • გარემოს ხუთ ერთეულამდე საბურავით დანაგვიანების შემთხვევაში (გარდა ველოსიპედის საბურავისა) ჯარიმა 150 ლარია, ხოლო თუ საბურავების რაოდენობა ხუთია ან აღემატება, ჯარიმა ასეთ შემთხვევაში 500 ლარი იქნება.
  • გარემოს 2 კგ–მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია.
  • 2 კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. 1მ3 –ზე მეტი ოდენობით მუნიციპალური დანრჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი 300 ლარით, იურიდიული პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება.
  • 1მ3–მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი 200 ლარით, იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
  • 1მ3 ან მეტი მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარი იქნება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი,  1500 ლარი.
  • ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მიერ მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში, მეპატრონე 50  ლარით დაჯარიმდება, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ დაუყოვნებლივ და სრულად არ მოხდება დაბინძურებული ტერიტორიის მოსუფთავება.
  • 20 კგ–მდე ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) ცხოველთა სხეულების ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის 150 ლარით, იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას. ხოლო, თუ ცხოველთა სხეულის ნარჩენები 20 კგ.ს შეადგენს ან მეტი ოდენობისაა, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 300 ლარი, იურიდიული პირისთვის კი 1000 ლარი იქნება.
  • საკანალიზაციო ან ზედაპირულ/მიწისქვეშა წყლებში სახიფათო ნარჩენების ჩაშვების შემთხვევაში ფიზიკური პირი 400 ლარით, იურიდიული პირი კი 1 000 ლარით დაჯარიმდება.
  • იგივე რაოდენობის ჯარიმები იქნება სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ან ნარჩენების შეგროვებისთვის გამოყოფილი კონტეინერების გარეთ სხვა ტიპის ქმედება.
  • ჯარიმები ეხება ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების ან მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევასაც.
  • ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
  • არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე 2000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. 
ქალაქის ნაგავი – სიუჟეტი
ქალაქის ნაგავი – სიუჟეტი
ქალაქის ნაგავი – სიუჟეტი
Powered by  Jumpstart Georgia