თავის-უფლება

ეწევი ჰაერს, უყურებ ჰორიზონტს, ტკბები ბუნებით, თან კი, ცეკვავ... მე ჩემთვის ის კი თავისთვის, მუსიკას ვუსმენთ. ფეხები უსწრებს მუსიკის რითმს. ერთმანეთს შევხედეთ და ჟესტიკულაციით ვანიშნეთ, დროა სახლისკენ წავიდეთო, და აი ასე, ცეკვა-ცეკვით ჩამოვიარეთ ბაკურიანიდან წაღვერში მომავალი გზა.

 



 თვალი გავახილე.. რა არის პირადი თავისუფლება?.. ნება თავისუფალი, განსხვავებულად აღიქმევა თითოეული ჩვენგანისგან. ზოგი, თავისუფლად ყოფნას სხვაგვარად აღიქვამს, და ყოველგვარ ზღვარს სცდება. დიახ, თავისუფლებასაც აქვს საზღვარი, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ადამიანი მონაა ცოდვის და მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს თავისუფალი, ვინც ცოდვებისგანაა განთავისუფლებული. "თავისუფლება სულის სხეულზე ბატონობაა!" – (წმ. ქსენოფონტე ათონელი).

 

თავისუფლება არის ის, რისი მოპოვებაც მთელი ბავშვობა მინდოდა, ყოველთვის ვეძებდი და დღესაც ვეძებ. მას, ნელ-ნელა ვეუფლები და ყველაზე მეტად სწორედ მისი დაკარგვის მეშინია. არ ვიცი რამდენად უცოდველი ვარ, რომ უფლება მქონდეს, ვიყო თავისუფალი, თუმცა ის ვიცი, რომ ჩემი თავისუფლებით საკუთარ თავს არაფერს ვუშავებ და, რა თქმა უნდა, არც სხვებს. ხშირად მიჩხუბია სახლში, მომეცით თავისუფლება-მეთქი, თუმცა პასუხად კარგი არაფერი მიმიღია. თავისუფლებას, მაინც და მაინც, ცუდ ქცევებთან აკავშრებდნენ და არა იმასთან რასაც მე ვითხოვდი რეალურად, თუმცა ნელ-ნელა გავააზრებინე ოჯახის წევრებს ის, რაც მინდოდა, თან ჩემი ასაკიც იმატებს და დღეს მას, უფრო და უფრო, ვუახლოვდები.



ჩემთვის თავისუფლება ხეტიალშია... დიახ, მოიკიდებ ჩანთას, მიდიხარ ერთი წერტილისკენ, თუმცა გზა საერთოდაც არ იცი, დაწანწალებ აქეთ-იქით და იმ პატარა თავგადასავლებით ტკბები, რომლებიც თავს გხდება. მართალია ჯერ არ გამითენებია ღამე საძილე ტომარაში, თუმცა ეგეც იქნება...

 



-მჟავე წყალი დავლიოთ და სწრაფად წავიდეთ. მშია...

-კვერცხს შევწვავ 

-რა თქმა უნდა, უგემრიელესად.. სხვა არაფერი იცი, ჰუჰჰ <3 ეგ კი არა, ესპადრელებმა თავი დაკარგეს.

-აუ ხო, რა მოაშორებს მაგ ტალახს.. აი სად დაგვჭირდნენ ბებიკოები, ეჰ..

 

             



მოსაღამოვდა.. რძიანი ყავის და შემდეგი დღის დაგეგმვის დრო მოვიდა.. გადაწყდა ტიმოთეს უბნის ეკლესიაში გადავალთ, აქვეა 4 კილომეტრში, ზურგ-ჩანთა მოკიდებულნი, ისევ ფეხით წავალთ, გზად მიტარბის წყალსაც დავაგემოვნებთ.. 

              

როცა არსად გეჩქარება, ნელი ტემპით ხარ, ფიქრებით არავიზე და არაფერზე...
Powered by  Jumpstart Georgia