მე
თამუნა ზაუტაშვილი

2003 წელს ვიყავი პარიზში. იქ ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ და მე და ჩემი მეუღლე მივდიოდით მათთან შობის დღესასწაულის შესახვედრად. ჩემი შეკერილი ვარდებიანი ქუდი მეხურა. ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით სუვენირების საყიდლად და უცებ, იქ მყოფმა ადამიანებმა ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს. ბოლოს მკითხეს: ეს ქუდი სად იყიდეთო. ჩემი შეკერილია-მეთქი და იმდენი ფული გადამიხადა მაღაზიის მენეჯერმა ქუდსა და ჩანთაში, რომ ახალ წლამდე პარიზში დავრჩით. თან, მაშინდელი ნამუშევარი დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება: ახლა უფრო დახვეწილია, შიგნიდან, გარედან ისეთი დამუშავებულია... რომ ჩამოვედი თბილისში, მეგობრებს მოვუყევი. ერთი მეგობარი ამერიკის საელჩოში მუშაობდა და შემომთავაზა, იქ გამეკეთებინა გამოფენა. გამოვფინე: ქუდები, მოქსოვილი ჟილეტები, საყურეები, მძივები, ყველაფერი, რის გაკეთებაც თვე-ნახევარში შევძელი. დღე და ღამე არ მძინებია. საბოლოოდ, გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა. იქიდან ერთი პატარა პარკი წამოვიღე, რომელშიც ორი ცალი სამაჯური ეგდო. ყველაფერი გავყიდე. იმხელა თანხა ავიღე, მივხვდი: საყვარელ საქმეს შეეძელო, შემოსავალი მოეტანა. 

 

ეს ყველაფერი 2012 წელს დაიწყო და სწორედ მაშინ გადავდგი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მილანში ტარდებოდა კონკურსი დიზაინერებს შორის, სახელწოდებით „ახალი სახელები“. ახალი წლის ღამეს გავიმარჯვე ამ კონკურსში. მანამდე, ანუ 2012 წლის დასაწყისში მილა ანუფრიევამ, რომელიც ძალიან ცნობილი მოდის კრიტიკოსია, „ფეისბუქზე“ შემიკვეთა ქუდი. თავიდან არც ვიცოდი, ვინ იყო, მერე გავიგე, რომ მილანში ცნობილი მოდის კრიტიკოსია, რომელიც ლაგერფილდს უწუნებს კოლექციებს. მოკლედ, მოდის სფეროში მის სიტყვას დიდი ძალა აქვს. გავუგზავნე ქუდი და ხელთათმანი, გაგზავნის ფულიც თვითონ გადაიხადა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ნივთის გაგზავნა მთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი კონკურსისთვის უნდოდა. გავუგზვანე „აბადოკები”, ქუდი, სხვადასხვა ნივთი. საბოლოოდ, ამ კონკურსში გავიმარჯვე და არ იცით, რა ხდებოდა – ახალ წელს, 12 საათს შევხვდი კომპიუტერთან შეკვეთების მიღებაში. კონკურსში გამარჯვებამ იმხელა დაინტერესება და პოპულარობა მომიტანა, მაისის ბოლომდე გათვლილი მქონდა ყოველი დღე და ღამე. არანაირად არ ველოდებოდი გამარჯვებას, ჩასვლაც კი ვერ მოვახერხე. მილასთან კონტრაქტიც „სკაიპით“ გავაფორმე. 

 

Powered by  Jumpstart Georgia