სულთმოფენობის დღესასწაული სვანეთში

   დილის 5 საათია, ჯერ კიდევ არ არის გათენებული, ხეებისა და მთების ფერების გარჩევა ჯერჯერობით შეუძლებელია, ბალახები ცვრიანია, გზაზე კი სქელი ტალახია, რის გამოც მანქანებისთვის გადაადგილება ძალიან რთულია. ირგვლივ რომ მიმოიხედოთ, დაინახავთ ადამიანებს, ღმერთთან მიახლოების სურვილით თვალებანთებულებს,მარცხნივ გზის გავლას ცდილობს ფეხშიშველი ქალი, ხელში ხატითა და თავზე საბურავით, მარჯნივ ჩანს მანქანა, რომლის თავზეც საშუალო ზომის გალიაში ორი ცხვარია დაბმული, ასევე ჩანს ოჯახებიც, ფეხით მოსიარულენი, ორი ან მეტი ბავშვით...  ეს ის გზაა, რომელსაც მომლოცველები სულთმოფენობის დღესასწაულზე გადიან. ლენტეხის რაიონ სოფელ ფაყში ეს დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. აღდგომის 50-ე დღეს ხალხი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში იკრიბება, რომელსაც თავად სოფლის მაცხოვრებლების თქმით, უძველესი დროიდან დღემდე დიდი ძალა აქვს.

სოფელ ფაყში მდებარე ტაძარი მე-12-ე საუკუნეში, თავად სოფლის მაცხოვრებლების მიერ აშენდა.ტაძარში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი,საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა თხოვნითა და რწმენით იკრიბება.ხაზგასასმელია ის ფაქტი რომ, ეს ტაძარი გარეგნულად საერთოდ არ ჰგავს ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ვგულისხმობ გუმბათსა და გარეგან ფორმებს. „ჩვენ არ გვაქვს დიდი გუმბათიანი ეკლესიები, მაგრამ დიდება უფალს ჩვენთვის გვაქვს ძალიან დიდი ძალის მქონე ეკლესიები, რომლისაც გვწამს. სვანებმა,ზოგადად, ეს ხმამაღლა სათქმელიცაა ყველგან, ეკლესიები შეინარჩუნეს ძალიან კარგად.“- ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ ფაყის ერთ-ერთი მაცხოვრებელი
ნინო ჩოფლიანი.

ტაძარში დილის 6 საათიდან იწყება ლოცვა. აქ ნახავთ უამრავ ადამიანს, ღვინის ჭიქით, ღვეზელებით, ასევე ფულით ხელში. ეკლესიის ეზოში უამრავი სანთელი ანთია, რომელთა რაოდენობას ვეღარ იტევს სასანთლეები. ხალხის მიერ არჩეული სტაროსტა კი თითოეული ადამიანის მიერ შეწირულს, იქნება ეს ფული, ცხვარი თუ ნებისმიერი სხვამ რამ,  ამწყალობებს. ეკლესიაში მუდმივად გაისმის ხმამაღალი შეძახილი სიტყვებით „ამენ, ამენ“. ტაძრის ეზოში არის გრძელი ხის მაგიდა და სკამები, გვერდით დიდი ქვაბი არის ცეცხლზე დადგმული, რომელშიც შეწირული პირუტყვი იხარშება, ნაშუადღევს იწყება ამ დღის აღსანიშნავი შეკრება, სიმღერებით, ღვინით და ღმერთის მიმართ დიდი სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად. ნათქვამია, რომ წირვის შემდეგ, როდესაც ეკლესიის ტერიტორიას მრევლი ტოვებს, წვიმა იწყება და ადამიანების ნაკვალევს შლის, ისე თითქოს იქ არც არავინ ყოფილაო.   

ქვემო სვანეთში, სოფელ ფაყიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, სკალდის მთაზე, ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს მთავარანგელოზების სახელობის ტაძარი. ხალხური გადმოცემით სკალდის ტაძარი მე-10-ე, მე-11-ე საუკუნეებში აშენდა და  მისი პირვანდელი სახე თითქმის წაშლილია.

ეს ტაძარი სვანეთში და არა მარტო სვანეთში ოდითგანვე ძლევამოსილ სალოცავად ითვლება.ტაძრის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს მოოქროვილი ხატი მთავარანგელოზების (მიქაელის და გაბრიელის) და მაცხოვრის გამოსახულებით. ტაძრის დღესასწაული 21 ნოემბერია, სულთმოფენობის დღესასწაულზე კი მონასტერი ხალხმრავლობის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს, რადგან ამ დღეს მთელი საქართველოდან მოდიან მომლოცველები და დიდი მოწიწებით მოილოცავენ აქაურ სიწმინდეებს. ამ დღესასწაულს ადგილობრივი მოსახლეობა სკალდობასაც უწოდებს. ასევე არსებობს ერთგვარი თქმულებაც ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით, რომელზეც სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ზურაბ ლიპარტელიანი გვესაუბრა. „გაუხედნავი მოზვერები შეაბეს მარხილში,ამ მარხილზე იყო ხატი,რომელიც ახლა იქ ბრძანდება,გაუშვეს მოზვრები, ავიდნენ ზევით, იმ ადგილას მივიდნენ სადაც ეკლესია უნდა აშენებულიყო, ორივე მოკვდნენ იქ და ხალხმა, სოფლის მოსახლეობამ თქვა რომ ეკლესია სწორედ იქ უნდა აშენებულიყო, და აი ახლა ის დიდი ეკლესია სწორედ იმ ადგილას არის აშენებული.“ თუმცა ამ ტაძარში ერთი გამონაკლისია, იქ ქალის ასვლა დღემდე სასტიკადაა აკრძალული. ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პასუხები არსებობს თავად სოფლის მაცხოვრებლების მხრიდან. ზოგიერთი მას უკავშირებს იმას რომ, ეს ტაძარი თავიდანვე მამათა მონასტერი იყო, რის გამოც ქალის ასვლა იკრძალებოდა, ზოგიერთის თქმით გასულ საუკუნეებში სოფელი ფაყის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სალოცავში, ქალსა და კაცს შორის მოხდა დაპირისპირება, რის გამოც ეს ორი ტაძარი გამოეყო ერთმანეთს. ბევრი მითქმა-მოთქმაა იმ მაგალითებზეც, როდესაც სკალდის მთის ტაძარში ქალებმა განიძრახეს ასვლა. „სამი წლის წინ მოხდა, ჩვენი თაობის თვალდასანახად, იქ მიიპარებოდნენ გოგოები,თურმე საშინელი ამინდი დატრიალდა, ლამის წარღვნა მოხდა, საშინელი ქარი იყო, არადა ასეთი ქარი ზოგადად სვანეთში არ იცის ხოლმე და ეს ყველამ, ჩემზე უფროსმა თაობამ, ჩემმა თაობამაც, მივაწერეთ ამას. როგორც კი ქალები მობრუნდნენ, უფროსწორად, როცა კაცებმა ისინი ეკლესიის მიმავალ გზაზე დაინახეს, გამოყარეს, ჩემი შვილია ამის მნახველი, ხუთ წუთში როგორ გამოიდარა“- ამბობს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ნინო ჩოფლიანი ჩვენთან საუბარში. მომლოცველებისთვის ყოველ სულთმოფენობის დღესასწაულზე ისკალდის მთაზე ასვლა უკვე ტრადიციად იქცა, ტრადიციადაა ქცეული ასევე სოფელ ფაყში ამ დღესასწაულის აღნიშვნა. უშვილოები რწმენით სავსენი ღვთისგან იღებენ საჩუქარს შვილის სახით, დიდი პრობლემის მქონე ადამიანები ღრმა რწმენითა და ლოცვით ხედავენ ღმერთის დახმარებას მათ ცხოვრებაში და ამისთვის დიდ მადლობას უხდიან მას. „სამი წლის განმავლობაში შვილი არ მყავდა შვილო, ჩემი მაგალითით გეუბნებით, მოვედი ამ სალოცავში ღრმა რწმენითა და ღმერთისგან მივიღე საჩუქარი, ახლა სამი შვილის დედა ვარ, ასევე ჩემს ცხოვრებაში მქონია დიდი პრობლემა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამაშიც დამეხმარა ღმერთი, რისთვისაც მადლობა მას.“- ლიანა ბენდელიანი.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთ მუდმივ მომლოცველს,ქუთაისიდან, რომლისთვისაც ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია. „სკალდის ორკარიანი სალოცავი ზემოდან გადმოგვყურებს, აქ დავდივარ თითქმის ყოველ წელს, უკვე 14 წელია და მინდა,რომ ეს ტრადიცია არ დავარღვიო.“-ელდარ ახვლედიანი.
ამრიგად, ყველა დღესასწაული სხვადასხვაგვარად აღინიშნება თითოეულ კუთხეში, რაც დამოკიდებულია განსხვავებულ ტრადიციებსა და ადათ-წესებზე. საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ულამაზეს კუთხე, სვანეთს კი აქვს უდიდესი ისტორია და დატვირთვა ქვეყნისთვის, რომელსაც შენახვა და დაცვა სჭირდება. იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან თავიანთი ქვეყნის კუთხეებში არსებული ძლიერი რწმენისა და უძველესი სალოცავების შესახებ, ვურჩევთ ნახონ, რათა გაიგონ მეტი და სჯეროდეთ რომ რწმენა ღმერთის მიმართ, სადღაც, 2000 მეტრზე,თითქმის მიტოვებულ სოფლებში, დღემდე ღრმად არსებობს.

Powered by  Jumpstart Georgia