სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მარიამი 16 წლის იყო, პირველად გინეკოლოგთან რომ მივიდა. ექიმმა არ გასინჯა და უთხრა, რომ არასრულწლოვანი კონსულტაციაზე მშობელთან ერთად უნდა მისულიყო. იმ დღის მერე კლინიკაში აღარ წასულა. სიმპტომები დაგუგლა, თავად დაისვა დიაგნოზი, შემდეგ ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმზე იკითხა, ამ დიაგნოზით რა წამლებს სვამდნენ სხვა გოგოები და თავადაც ის მედიკამენტები იყიდა.

 

პრობლემა დროებით მოუგვარდა, მაგრამ არ გამქრალა - მდგმარეობა პერიოდულად ისევ უმწვავდებოდა. დედასთან ერთად გინეკოლოგთან მისვლაზე არც უფიქრია, რადგან სახლში ისიც კი არ იცოდნენ, რომ შეყვარებული ჰყავდა. ზუსტად არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდათ მშობლებს და სიმართლის თქმის შეეშინდა.

 

ახლა, 21 წლის ასაკში, ფიქრობს, რომ ეს მისი მხრიდან კარგი გადაწყვეტილება არ ყოფილა. საუკეთესო შემთხვევაში, შეეძლო, დაავადებისთვის თავი აერიდებინა, ან, სულ მცირე - კომპეტენტური დახმარება მაინც მიეღო სპეციალისტისგან. ხვდება, რომ თავი დიდი რისკის ქვეშ დაიყენა, მაგრამ იმ დროს სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. მის გარშემო არ იყო არც ერთი ზრდასრული ადამიანი, ვისთვისაც სქესობრივ საკითხებზე შეკითხვების დასმას შეძლებდა. სამაგიეროდ, გადაწყვეტილი აქვს, თავისი მომავალი შვილებისთვის ასეთი ადამიანი თავად იყოს.

 

მსოფლიოში მოზარდები სქესობრივი ჯანმრთელობის მრავალგვარ პრობლემას ეჩეხებიან: ადრეული ორსულობა და მშობლობა, კონტრაცეფციის საშუალებებთან და უსაფრთხო აბორტთან შეზღუდული წვდომა, HIV-ის მაღალი რისკი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ა.შ.

 

სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული ფაქტორის გამო, ბევრ ქვეყანაში, მოზარდებისთვის საჭირო ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება შეზღუდულია, ჯანდაცვის მუშაკები კი ხშირად ვერ უზრუნველყოფენ ახალგაზრდებისთვის ასაკის შესაბამისი ისეთი მომსახურების შეთავაზებას, რომელიც ორიენტირებულია არა განსჯაზე, არამედ მხარდაჭერაზე.

 

ამავეს მოწმობს სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების ეროვნული კვლევა, რომელიც წელს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით. კვლევის მიხედვით,  სამედიცინო დაწესებულებებში მოზარდთა კონფიდეციალობის დაცვის დაბალი ხარისხი მწვავე პრობლემად დგას.

 

“ფართოდ გავრცელებული პრაქტიკით, სამედიცინო მომსახურების გამწევი, ხშირად არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, არათუ ატყობინებს მშობელს აღნიშნული სერვისის გაწევის თაობაზე, არამედ მისგან წინასწარ ითხოვს ინფორმირებულ თანხმობას, რაც არღვევს მოზარდის უფლებას კონფიდენციალობაზე და ხარისხიანი სერვისის მიღების მნიშვნელოვან დაბრკოლებებს წარმოშობს,” წერია კვლევაში.

 

მოზარდობა ადამიანის ცხოვრების კრიტიკული პერიოდია. ეს ის დროა, როცა ადამიანი დამოუკიდებელ ინდივიდად ყალიბდება, ახალ ურთიერთობებს იწყებს, სოციალურ ჩვევებს ივითარებს და სწავლობს ქცევებს, რაც შემდეგ მთელი ცხოვრება გაჰყვება. ბავშვობიდან მოზრდილობაში ამ კომპლექსური ნევროლოგიური, ფიზიკური და ემოციური ტრანზიციის დროს, ახალგაზრდები ჯანმრთელობის სხვადასხვა საფრთხეს აწყდებიან და აუცილებელია, ამ საფრთხეებს მომზადებულები შეხვდნენ. საქართველოში ოჯახი, სკოლა ან რომელიმე სხვა ინსტიტუტი ამ საფრთხეებისთვის ახალგაზრდების მზაობას ვერ უზრუნველყოფს.

 

მაკა ბერბიჭაშვილი იხსენებს, რომ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელბაზე შეკითხვები სკოლის ასაკში გაუჩნდა. ბიოლოგიის გაკვეთილებზე ბევრს არაფერს უხსნიდნენ; ამ თემაზე თვითონ და მისი მეგობრები არც მასწავლებლებთან საუბრობდნენ, არც - მშობლებთან. მისთვის ინფორმაციის ერთადერთი წყარო ფეისბუქის ჯგუფი იყო, რომელშიც შემთხვევით მოხვდა და საშუალება მიეცა, “დიდი გოგოების” გამოცდილების შესახებ წაეკითხა, შემდეგ კი წაკითხული დაქალებისთვის გაეზიარებინა.

 

მაკა ბერბიჭაშვილი

იმავეს მოწმობს სახალხო დამცველის კვლევაც. კვლევის მიხედვით, კონტრაცეპტივებსა და ოჯახის დაგეგმვის საშუალებებზე მოზარდები, ძირითადად, თავიანთი თანატოლებისგან და ინტერნეტის მეშვეობით იგებენ. მიღებული ინფორმაცია კი, არ არის სათანადო და ვერ უზრუნველყოფს მოზარდის დაცვას რისკის შემცველი ქცევისგან.

 

კვლევის მიხედვით, დღეს საქართველოს განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ადამიანის სექსუალობის შესახებ რელევანტურ სწავლებას. ამასთან, პრობლემურია იმ საკითხების სწავლების ხარისხი და სიღრმეც, რომლებიც ოფიციალურად შედის სასწავლო გეგმაში.

 

“სასწავლო პროცესი მრავალი კომპლექსური და ურთიერთგადაჯაჭვული ხარვეზით ხასიათდება, რაც აბრკოლებს ცოდნის გადაცემას და მოზარდების ინფორმირებულობას,” წერია კვლევაში.

 

ექიმი სექსოლოგის, პროფესორ ზურაბ მარშანიას შეფასებით, საქართველოში სქესობრივი განათლების დონე “სავალალოა”. მისი თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ისაა, რომ ბავშვის სქესობრივი აღზრდა, ისევე, როგორც ზოგადად აღზრდა - იწყება ოჯახში, მშობლების მიერ, მაგრამ ამ საკითხში თავად მშობლებსაც არავითარი ცოდნა არ აქვთ, შესაბამისად, ბავშვსაც ვერაფერს ასწავლიან.

 

თუმცა, მარშანიას თქმით, უმთავრესი მიზეზი მაინც მთავრობის უმოქმედობაა. ის ფიქრობს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევაა აუცილებელი, თუმცა, მარშანიას შეფასებით, მათ საამისოდ არც კომპეტენცია ჰყოფნით და არც პროფესიონალებისთვის აზრის კითხვა უნდათ. ამის ერთერთ მაგალითად მარშანია ასახელებს ფაქტს, რომ საქართველოში კლინიკური სექსოლოგიის საექიმო პროგრამა გაუქმდა ანუ დღეს ვინმეს საქართველოში თუ უნდა, სექსოლოგი გახდეს - ვერ გახდება.

 

“ისინი მსჯელობენ, აი, ასე: “გერმანიაში არ არის სექსოლოგი, როგორც სპეციალობა”. მე საპასუხო კითხვას ვაძლევ: ვართ დღეს ჩვენ სქესობრივი განათლების მხრივ იმ დონეზე, რა დონეზეც გერმანიაა? რომ მივალთ - კი, ბატონო, მერე გააუქმე,” ამბობს მარშანია.

 

ზურაბ მარშანია

სქესობრივი განათლების დაბალ ხარისხსა და სერვისების ხელმიუწვდომლობაზე საუბრობს ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტების კოორდინატორი, აქტივისტი სოფი ბერია. მისი თქმით, კანონმდებლობით, ექიმი ვალდებული არ არის, მოზარდი პაციენტის შესახებ მშობელი ჩააყენოს საქმის კურსში; მას უფლება აქვს, შესაბამისი კონსულტაცია კონფიდენციალურად გაუწიოს მოზარდს, თუმცა პრაქტიკაში ასე არ ხდება. როგორც წესი, ექიმი მშობლის ჩართვას ითხოვს. ბერია ამბობს, რომ ეს პრაქტიკა მოზარდებს აიძულებს, ან საერთოდ არ მივიდნენ ექიმთან, ან მივიდნენ ნაკლებად სანდო, ე.წ. მიწისქვეშა სერვის პროვაიდერებთან, სადაც სისუფთავის ნორმებიც კი არ არის დაცული.

 

ბერია გამოსავალს სქესობრივ განათლებაში ხედავს. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის კვლევები, ასევე, არაერთი წარმატებული ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ გამართულ სასწავლო სისტემას სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.

 

“თუ სწორად არის წარმართული სექსუალური განათლება, თუ არის სკოლაში სავალდებულო საგნად, თუ ინფორმაცია მიწოდებულია სამედიცინო კუთხით სწორად და ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით, და ეხმიანება მოზარდის ასაკობრივ საჭიროებებსა და ინტერესებს, ეს დადებითად მოქმედებს მოზარდების ჯანმრთელობაზე”, ამბობს ბერია.

 

სოფი ბერია

ბერია ამერიკის მაგალითს იშველიებს და ამბობს, რომ ბუშის დროს პირველად შემოვიდა თავშეკავებაზე ორიენტირებული სწავლება, რა დროსაც მოზარდთა დაავადების, ორსულობისა და აბორტების მაჩვენებლები ძალიან მაღლა ავიდა. ობამას ადმინისტრაციის დროს თავშეკავებაზე ორიენტირებლ სწავლებას დაფინანსება შეუმცირდა და ადამიანის უფლებათა კუთხით სქესობრივი სწავლების დაფინანსება გაიზარდა, რასაც მალევე მოჰყვა არასასურველი მაჩვენებლების დაბლა დაწევა. ახლა, ტრამპის ეპიქაში, ისევ მოაკლდა დაფინანსება უფლებრივი კუთხით განათლებას და გაიზარდა დაფინანსება თავშეკავებაზე ორიენტირებული სწავლებისთვის, რასაც შედეგად კვლავ მოჰყვა მოზარდებში სქესობრივად გადამდები დაავადებების, არასასურველი ორსულობისა და აბორტების რიცხვის ზრდა.

 

ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად, ბერიას თანაავტორობით, სქესობრივი განათლების თემაზე პირველი ქართული ვებგვერდი შეიქმნა. პორტალი მომხმარებელს სამედიცინო თვალსაზრისით სწორ ინფორმაციას აწვდის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანის სხეული, კონტრაცეფცია, სექსი, ორსულობა, ძალადობა და ა.შ. ბერიას თქმით, მომხმარებლები არა მარტო პორტალზე არსებულ ინფორმაციას ეცნობიან, არამედ შეკითხვებსაც უგზავნიან ვებგვერდის ავტორებს და სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციას სთხოვენ.

 

სქესობრივ და რეპროდუქციულ საკითხებზე ქვეყანაში ინფორმაციის სიმწირე რომაა, ის ფაქტიც მოწმობს, რომ ფეისბუქზე ამ თემაზე შექმნილ ორ დახურულ ჯგუფს ჯამში 13 ათასი წევრი ჰყავს. ჯგუფებში მომხმარებლებს, სპეციალური აპლიკაციების გამოყენებით, კითხვების ანონიმურად დასმა შეუძლიათ. შედარებით გამოცდილი წევრები გამოუცდელებს გამოცდილებას უზიარებენ, რჩევებს აძლევენ ან უბრალოდ ამხნევებენ. ჯგუფები ყოველდღიურად იზრდება, შეკითხვების შინაარსი მრავალფეროვნდება და იკვეთება, რომ უამრავი ქალი საქართველოში, ასაკის განურჩევლად, ინფორმაციას არ ფლობს ისეთ ვიტალურ საკითხებზეც კი, როგორიც საკუთარი სხეული და უსაფრთხო სექსია.  

თამარ ფონიავა, მემარცხენე ფემინისტი და აქტივისტი, რომელმაც ერთერთი ასეთი ჯგუფი შექმნა, ფიქრობს, რომ სქესობრივი განათლების არ არსებობა საგანმანათლებლო სისტემის დიდი კრახია. მისი თქმით, იმის გამო რომ საზოგადოებაში არ არსებობს სწორი ინფორმაცია ამ საკითხზე, იქმნება უამრავი სტერეოტიპი, მითი და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. ჯგუფის დაარსებით, მას სურდა, შეექმნა ალტერნატიული სივრცე, რომელიც იქნებოდა არამხოლოდ შემეცნებითი, არამედ სექს პოზიტიური. სივრცე, სადაც ქალებს არ შეეშინდებოდათ დაესვათ კითხვები და მიიღებდნენ მხარდაჭერას სხვა ქალებისაგან.

„ყველაზე სახიფათო ის არის, რომ სქესობრივი განათლების არ არსებობის გამო, ქალები და გოგონები, ხშირად ხდებიან სქესობრივი ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება ამას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი გოგონა, რომელმაც მშობიარობამდე ვერც გააცნობიერა, რომ მასზე იძალადეს“, ამბობს ფონიავა. 

„გარდა ამისა, სექსი ქალისთვის ჩვენს საზოგადოებაში უმეტესად შვილის გაჩენასა და ქმრის მიმართ მოვალეობის შესრულებას უკავშირდება; მაშინ, როცა ბიჭებს ვაქეზებთ, იყვენენ სექსუალურად აქტიურები, გოგონების სქესობრივი ცხოვრება კონტროლის ქვეშაა თინეიჯერობიდან. მორალისტურ-სტერეოტიპული დამოკიდებულებები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება კი იწვევს ნაადრევ ქორწინებებს, არასასურველ ორსულობას,  სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებას, ფსიქოლოგიურ ტრამვებსა და ა.შ.“

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჯგუფების არსებობა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დადებითად წაადგება, პრობლემის მასშტაბურად მოგვარებას ვერ შეძლებს, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საჭიროა უნოვერსალური მიდგომა, სახელმწიფოს მონაწილეობით.

 

სახალხო დამცველის კვლევით, პრობლემების დასაძლევად საჭიროა:

 

  • ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირდეს ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური, ასაკის შესაბამისი განათლება.

  • რეგიონებში მცხოვრებ პედაგოგებს მხარდაჭერა გაეწიოთ ადამიანის სექსუალობის შესახებ არაფორმალური და ფორმალური სწავლების გაძლიერების მხრივ.

  • უზრუნველყოფილი იყოს მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და წახალისდეს მათი სრულყოფილი ინფორმირება.

 

Powered by  Jumpstart Georgia