სოფლის ტურიზმი პანკისის ხეობის სოფელ დუისში

სოფელ დუისში მცხოვრებმა ეთერ ციხესაშვილმა საოჯახო სასტუმრო 10 წლის წინ საკუთარი სახსრებით გახსნა.

როგორც სასტუმრო ,,მელისას" ხელმძღვანელი, ეთერ ციხესაშვილი აცხადებს, მათ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული პროგრამების ფარგლებში წლების მანძილზე სასტუმროს აღჭურვა და გარემონტება მოახერხეს.

მისი თქმით, სოფელში მისულ ტურისტს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ, რომელიც მოიცავს სამანქანო, საცხენოსნო, ველოტურებს და ხეობაში არსებული მუზეუმებისა და ისტორიული ადგილების მონახულებას.

ეთერ ციხესაშვილი- სასტუმრო ,,მელისას" ხელმძღვანელი

,,მელისას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საოჯახო ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია დამატებითი შემოსავლების და ფულადი გრანტების მოძიება.

მისი თქმით, წლების განმავლობაში USAID-ის, ორბელიანი- საქართველოს, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის, აწარმოე საქართველოს და სხვა პროექტებში მონაწილეობით მან სასტუმრო სხვადასხვა ინვენტარით აღჭურვა, შეიძინა სამზარეულოსთვის ტექნიკა, ეზოს გასალამაზებლად სკამები, მაგიდები და სხვა ინვენტარი, რაც როგორც თავად ამბობს დაეხმარება მას ტურისტების უკეთ მომსახურებაში.

ეთერ ციხესაშვილი აცხადებს, რომ სეზონზე  დღეში 15-მდე ტურისტის მიღება შეუძლიათ, მეტი ტურისტის მისვლის შემთხვევაში კი თუ ტურისტის სურვილიც იქნება ეზოში კარვებს შლიან, სადაც გაცილებით მეტი ვიზიტორის დარჩენის შესაძლებლობა აქვთ. მისი თქმით, მომსახურების ფასები ყველასთვის მისაღები აქვთ. 1 ტურისტს დღე-ღამეში 30 ლარის გადახდა უწევს, სამჯერადი კვების შემთხვევაში კი აღნიშნული თანხა 60 ლარამდე იზრდება.

სასტუმროს მართვაში ოჯახის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას. ეთერ ციხესაშვილის თქმით, სეზონზე, როცა ბევრი ტურისტი ყავთ, ისინი ფუნქციებს ინაწილებენ. თავად გიდის მოვალეობას ასრულებს, მისი შვილი საცხენოსნო ან სამანქანო ტურებს ხელმძღვანელობს, რძალი ხათუნა მარგოშვილი კი მზარეულის და თარჯიმანის ფუნქციას ითავსებს.

ხათუნა მარგოშვილი- საოჯახო სასტუროში დასაქმებული
ხათუნა მარგოშვილის თქმით, ტურისტები მათთან ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან. იგი უცხოელ სტუმრებს ქართული და ქისტური ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებათ, რაც როგოც თავად ამბობს, ტურისტებს ძალიან მოსწონთ.

დუისის მცხოვრებლები განმარტავენ, რომ სოფელში მცირე ბიზნესის დაწყება და გაძლიერება მათზე დადებითად აისახება.

სოფელ დუსის მკვიდრი, ფიქრია ბაღაკაშვილი აღნიშნავს, რომ მეტი მცირე საოჯახო სასტუმროების გახსნა და სხვა ბიზნეს იდეების განხორციელება სოფელს და ადგილობრივ მოსახლეობას გააძლიერებს, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ტურიზმს განავითარებს.

ფიქრია ბაღაკაშვილი- სოფელ დუისის მკვიდრი

ფოტოსლაიდი-პანკისის ხეობა სოფელი დუისი, სასტუმრო ,,მელისა"

ეთერ ციხესაშვილი სამომავლოდ საოჯახო ბიზნესის გაფართოვებას და ტურისტებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გეგმავს.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის მონაცემებით საქართველოს 885,047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +17.2%-ია. მათივე ინფორმაციით, კახეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია.
იანვრის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 111 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 59,053-ს შეადგენს. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სხვა რეგიონების მსგავსად გაზრდილია კახეთში ტურისტების რაოდენობაც.
უწყების ინფორმაციით, ტურისტები ძირითადად დაბალბიუჯეტიანი და საოჯახო სასტუმროებით ინტერესდებიან.
სააგენტოს მონაცემებით, კახეთში 183 განთავსების ადგილია, რომელშიც საწოლი ადგილების რაოდენობა 3 614, ხოლო ოთახების რაოდენობა 1 516-ია.
2 მარტის მონაცემებით, კახეთის რეგიონის სასტუმროებში 709 განთავსების და 41,577 საწოლი ადგილია, საოჯახო სასტუმროებში 699 განთავსების და 11 399 საწოლი ადგილია.
Powered by  Jumpstart Georgia