შვიდი სოფლის ექიმი

40 წელია, ზაირა გავაშელს ასე, არა ერთ ოჯახში ელიან. ჭეჭლას საექიმო ამბულატორიის მედდა, ერთადერთია ადიგენის  შვიდ სოფელში, რომელიც სასწრაფოს ან ამბულატორიის ექიმის გამოჩენამდე ეიმედებათ. ამიტომ, თუ ვინმეს რაიმე გაუჭირდება, ზაირა გავაშელთან რეკავს.

 

სოფლებში:  ჭეჭლა, ჭელა, კეხოვანი, საირმე, ზედუბანი, აფიეთი და ღორთუბანი – ზაირა ექთანი ყველას "ღმერთია".  ამ სოფლებს ერთმანეთისგან კილომეტრები აშორებს, ზაირა გავაშელი ყველაზე ახლო სოფლამდე ორ, ყველაზე შორ სოფლამდე კი შვიდ კილომეტრს გადის.  

ეს მზია ექიმის კაბინეტში, წლების წინ შედგენილი, სამუშაო ზონის რუკაა
ცნობარი კედელზეა – მზია ექიმმა პაციენტების რაოდენობა ყველა სოფელში ზეპირად იცის


ამბულატორიის ექიმი სოფელში კვირაში მხოლოდ ორჯერ მიდის. ზაირა გავაშელი კი ჭეჭლას მკვიდრია და ამიტომ, 200–ზე მეტ კომლს ყოველთვის მისი დახმარების იმედი აქვს.

როგორც თავად ამბობს, ამის გამო მისთვის არც შაბათი–კვირა არსებობს და არც შუაღამე. მედდას ხშირად პაცინეტების სასთუმალთან ღამის გათენებაც უხდება.

თუ გამოძახებაზე არაა, მაშინ ამბულატორიაშია და კართან თანასოფლელების რიგი არ წყდება


როგორც ზაირა გავაშელი ამბობს, მისთვის ყველაზე დიდი სიხარული გამოჯანმრთელებული პაციენტის ნახვაა. ამიტომ, ხშირად სიცხიანიც კი სხვის დასახმარებლად წასულა. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა ავადმყოფისთვის დახმარება ვერ აღმოუჩნია.

ზაიარა გავაშელის საქმიანობას თანასოფლელები გმირობად აფასებენ. ადიგენში გვეუბნებიან, რომ ზაირა ჩვენი დროის გმირია.


ზაირა სახლში მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, ამას ვერასდსროს გრძნობს: „ხანდახან პურის გამოცხობას ორი დღე ვუნდები, ყოფილა შემთხვევები რომ ვერც კი დამისრულებია, რადგან ვერ მომიცლია და ცომი გამფუჭებია“

სახლში, დღისა თუ ღამის განმავლობაში, არაერთი პაცინეტი აკითხავს. ამიტომ, პირველადი დახმარების მედიკამენტები სახლშიც ყოველთვის აქვს. 

 

 

შენობა, რომელშიც პაციენტებს იღებს, დაახლოებით, ნახევარ საუკუნეს ითვლის. ამბულატორია ჭეჭლაში მაშინ აშენდა, როცა ზაირა გავაშელმა აქ მუშაობა დაიწყო.

ახლა ავარიულ შენობაში არც წყალია, არც ელქტეროენერგია და არც ახალი ინვენტარი. თუმცა, ზაირა ექთანი ამაზე არ საუბრობს.  

ამბობს, რომ ახლა ბევრად მეტია ხელშეწყობა, ვიდრე 10–15 წლის წინ იყო. ეს კი მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და მედპერსონალის გაზრდილ ხელფასში გამოიხატება.

„წლების განმავლობაში, ხელფასი ორი ან სამი ლარი გვქონდა, ხანდახან ისიც არ გვერიცხებოდა. ერთადერთი იმ პერიოდში აცრები არ ჩავარდნილა, აცრებისთვის საჭირო მასალებს გვიგვზანიდნენ მხოლოდ, თორემ ისე არანაირი მედიკამენტი არ გვქონდა“, – ამბობს ზაირა გავაშელი.

მისივე თქმით, ახლა მედდებს ხელფასი 450 ლარი აქვთ, აქედან 150 ლარი მაღალმთიანი სტატუსის მიღების გამო დაემატათ: „ამ თანხაში ვყიდულობთ წამლებს. თვეში მინიმუმ 100 ლარს მედიკამენტებში ვხარჯავ“. 


შვიდი სოფლის მედდა 68 წლისაა. ცხოვრების ნახევარზე მეტი, უბან–უბან, პაციენტებთან, ან ამ საექიმო ამბულატორიაში გაატარა.

ამბობს, რომ დარჩენილ სიცოცხლესაც ხალხის სამსახურში გაატარებს და ვიდრე მუხლი დაემორჩილება ყველა იმ ოჯახში მივა, რომელშიც დასჭირდებათ.

Powered by  Jumpstart Georgia