შუშის სახლი

თამარი და დავითი უსახლკაროდ დარჩნენ … „ადრე მდიდარი ვიყავი, ახლა „ცოტა“ გამიჭირდა“ - ხშირად იმეორებდა ამ სიტყვებს თამარი და ყოველ წამს თავის ქმარს უყურებდა, რომელიც ფეხის შეხვევისთვის ძველ ბინტს რეცხავდა. „არა, დახმარება არ მჭირდება ძვირფასო, შეგიძლია გოგონას ესაუბრო“. მე ჩამოვჯექი ერთ-ერთ მტვრიან ურიკაზე და დავიწყე მათი მოსმენა. თამარი - 75, დავითი კი 80 წლის აღმოჩნდა, წლების წინ ბორჯომში ცხოვრობდნენ, ახლა კი, ვაგზლის ხიდის ქვეშ, რკინიგზასთან ახლოს.

   დავითმა სიგარეტს მოუკიდა, „შვილო მთავარია ახალი თაობა იყოს ბედნიერი, თქვენ ხართ ჩვენი მომავალი“. მაგრამ სიგარეტი როგორ ? მისი ყიდვის საშუალება როგორ გაქვთ ? გავიფიქრე ჩემთვის და სანამ ამ კითხვას დავსვამდი, დავითმა მიპასუხა, „ურიკები რომ დააქვთ ბიჭებს, ისინი მჩუქნიან ხოლმე სიგარეტს, მეც დრო გამყავს, ვიცი რომ არ შეიძლება ჩემთვის, მაგრამ მაინც ვეწევი ხოლმე“. თამარმა ჩაი შემომთავაზა და თვალი პატარა ბალონისკენ გაექცა,რომელზეც ცეცხლისა და სიძველისგან გაშავებული ჩაიდანი იდგა.

   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  ამ ეტაპზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, უსახლკაროდ რეგისტრირებულია 771  პირი. თუმცა ეს რიცხვი არaსრულია, რადგან უამრავი ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში, რომელიც უბრალოდ აღრიცხული არ არის.

   ჯერ კიდევ 90-იან წლებში მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ. თამარი სადილს ამზადებდა, დავითი კი ბედნიერი შესცქეროდა ცოლსა და ელოდებოდა შვილის დაბრუნებას, რომელიც სამსახურის საპოვნელად იყო წასული. „დრო ისე სწრაფად გადის შვილო, თვალსა და ხელს შუა ისე მირბის, გააზრებასაც ვერ ასწრებ, როგორ წარმოვიდგენდი ოდესმე თბილისში თუ ვიცხოვრებდი“.

„გახსოვს დავით, რა კარგი იყო თბილისში რომ ჩამოვდიოდით, გავყიდიდით რაღაცეებს, ფულიც გვქონდა და სასიამოვნოდაც ვატარებდით დროს“, დავითმა გაუღიმა თამარს და ხელი მოკიდა. – „მახსოვს მახსოვს, მაგრამ ახლანდელ დროს რას უწუნებ, ახლაც მშვენივრად ვართ“. მატარებლის ჩამოვლის დრო ყოფილა თურმე, უცებ შევწყვიტეთ საუბარი, რა აზრი ჰქონდა, მაინც ვერ გავიგებდით ერთმანეთის სიტყვებს, მეც მოვშორდი ურიკას და მატარებლის გაჩერებაზე, მეორე პატარა ჯიხური დავინახე, ვიფიქრე იმ ჯიხურში კონტროლიორი ან რომელიმე თანამშრომელიათქო. თამარს ვკითხე რატომ არ ჩანს იმ ჯიხურში არავინ-მეთქი, მას გაეღიმა, „ვინ უნდა ჩანდეს შვილო, ეგ ჩვენია, პატარა ლოგინი გვაქვს და იქ ვიძინებთ ხოლმე.“ ჩემი გამომეტყველებით მიხვდნენ რომ ძალიან მინდოდა შიგნით შემეხედა, და სანამ ამას ვთხოვდი, დავითმა მიპასუხა, „არა შვილო, გვერიდება, არ გვაქვს ლოგინი მილაგებული“. მეც შევეშვი ამ საკითხს და გავხედე თამარს, რომელიც ფეხზე ნელ-ნელა წამოდგა და ის შავი პარკი აიღო, რომელშიც პური ჰქონდა. ვიფიქრე ალბათ მოშივდა და ჩემთან ჭამა ერიდებათქო. მაგრამ შემდეგ ისევ იმ ბალონს შევხედე, იქვე, სამი სხვადასხვა ფერის კატა იყო, ისეთი თვალებით უყურებდნენ თამარს, თითქოს ელოდებოდნენ როდის მივიდოდა მათთან, თამარმაც ამოიღო თავისი ნახევარი პური, გატეხა შუაში და გადაუნაწილა.

   მარიამს დღეს სამსახურიც აქვს, სახლიც და ოჯახიც ჰყავს. მარიამი მათი შვილია, გოგონა რომელიც ბორჯომში თავის ქმარ-შვილთან, დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობს. მაგრამ მშობლები რატომ ჰყავს თბილისში? ან ისინი რატომ არ არიან მათთან ერთად ? აღმოჩნდა, რომ ერთი ბინა ჰქონდათ, რომელიც ოჯახის საკუთრება იყო, თამარისა და დავითის ოჯახის, თუმცა, მას შემდეგ, რაც მარიამი გათხოვდა, გადაწყვიტეს უფრო დიდი ბინის ყიდვა,მაგრამ მარიამის დედამთილის სურვილით, მათ ერთი პატარა ბინა იყიდეს, რომელშიც მისი მშობლების ადგილი უბრალოდ აღარ დარჩა. „მთავარია ის იყოს შვილო კარგად, ჩვენ არაფერი გვიჭირს, მშვენივრად ვცხოვრობთ“- მეუბნებოდა დავითი. ამ დროს სიომ დაუბერა, კარდონებისგან გადახურულმა პატარა ჯიხურმა კი ოდნავ რყევა დაიწყო. დავითმა უკვე მეოთხე ღერ სიგარეტს მოუკიდა, სველი ბინტი ამასობაში გაშრა. თამარმა უკმაყოფილო სახით გახედა დავითს.თამარი ჯიხურში, მარჯვენა მხარეს, რაღაც პატარას დაეყრდნო, რომელიც მაგიდის ფუნქციას ასრულებდა, მასზე შავ პარკში გახვეული პური იდო. „თამარა ბებო, თამარა ბებო, ცოტახნით ურიკებს ყურადღება იქნებ მიაქციოთ“- ყვირის ვიღაც მამაკაცი, მოუახლოვდა ჯიხურს, ჩემი ურიკის გასწვრივ დადგა და თამარს ხურდები ჩაუყარა ხელში.

    მაგრამ ვინმე არ მოვიდა თქვენს დასახმარებლად? ან არასამთავრობო ორგანიზაციები, ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურიდან, ან ჟურნალისტები? თამარმა მიპასუხა: „ არა შვილო არავინ ყოფილა, ან ჩვენ რა გამოსაჩენი ხალხი კი ვართ“. ამ დროს გადახედეს ერთმანეთს და გულიანად გაიცინეს. „მთავარია თქვენ იყოთ კარგად შვილო, მთავარი ეს არის ჩვენთვის, ეს გვაძლევს სიცოცხლის გაგრძლების საშუალებას“.

    „რამოდენიმე დღის წინ საფულე მომპარეს, ყველაფერი იქ მქონდა, ჩემი პირადობაც, ცოტა ფულიც, ახლა იმ პენსიასაც ვეღარ ვიღებ, დათოს პენსიით ვცხოვრობთ“- მიყვებოდა თამარი. „ნეტავ ჩემი პირადობის მოწმობა მაინც დაეგდოთ სადმე“. მაგრამ, რომ მიხვიდეთ იუსტიციის სახლში და აღადგინოთ თქვენი პირადობა? მაშინ ხომ შეძლებდით თქვენი პენსიის აღებას - სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე ეს ვკითხე, არ მინდოდა ხაზი გამესვა იმ ადამიანის ქმედებაზე, რომელიც ასე მოექცა მოხუცს, წელში რომ ვერ იმართება და ნელნელა რომ გადაადგილდება. თამარმა მიპასუხა, რომ მოძრაობა უჭირს, თანაც იუსტიციის სახლში დიდი რიგებია, მას კი არ შეუძლია „ერთი პატარა საბუთის“ გამო რიგში საათობით დგომა. თამარი დაბალი, თბილი სახის ქალია, თავზე შავი საბურავი ეხურა, რომელშიც ოდნავ მოჩანდა თეთრი, ჭაღარანარევი თმა. მწვანე თვალები ჩემკენ ჰქონდა მოპყრობილი, თბილი, ბედნიერი მზერით ცდილობდა გამოეხატა თავისი დამოკიდებულება. ტანზე მუქი მწვანე, სქელი მოსაცმელი ეცვა, შიგნით კიდევ მუქი ნაცრისფერი მოსაცმელი, რომ არ შესცივებოდა. ხელებზე კანი უკვე დამჭკნარი ჰქონდა, მარჯვენა ხელში ხელჯოხი ეჭირა, რომლის გარეშეც ფეხზე ადგომა უჭირდა.

    როდესაც მარიამის ამჟამინდელი სამსახურის შესახებ ვიკითხე, თამარმა მაშინვე მიპასუხა,  „მარიამი ახლა მოხუცს უვლის ბორჯომში, თან ლოგინად ჩავარდნილ დედამთილს, ეს არის მისი სამსახური შვილო, ეჰ, როგორ იღლება ჩვენი შვილი“- მიყვებოდა დავითი. ამ დროს უნდოდა ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ იმდენად სწრაფად გამოუვიდა, წარბების ფორმა წამიერად შეეცვალა, სახეზე გავარდისფერდა, თითქოს რაღაც რომ გეტკინება ადამიანს, მაგრამ ცდილობ არ შეიმჩნიო, სწორედ ასეთი გამომეტყველება ჰქონდა, თამარი კი უცებ მიუტრიალდა დავითს და ხელი მოკიდა, „ფრთხილად, ხო გაგაფრთხილე ნელ-ნელა წამოდექი-მეთქი, არ შეიძლება შენთვის ასეთი სწრაფი მოძრაობები, გაუფრთხილდი, იმას რაც შემოგრჩა მაგ ფეხზე“. მაშინვე ფეხზე დავაკვირდი, მაგრამ დიდი სქელი შარვალი და დიდი ფეხსაცმელები ეცვა, ცოტა გაცვეთილი, თავისი თავდაპირველი ფერი აშკრად ყავისფერი იქნებოდა, ახლა კი მონაცრისფრო-მოკრემისფრო გამხდარა.მარჯვენა ფეხსაცმელი ნაკერებში თავიდან გადაკერილს ჰგავდა, თან მარცხენა ფეხთან შედარებით უფრო დიდი იყო. თავზე შავი ქუდი ეხურა,ქუდიდან მასაც თამარის მსგავსად თეთრი თმა უჩანდა. სახეზე თეთრი ფერის ულვაში ჰქონდა, რომელიც მის გამომეტყველებას უფრო სათნოს ხდიდა. ტანზე შავი შარვალი ეცვა. მარცხენ ვფიქრობდი, რა უნდა სჭირდეს, რა დაემართა. ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში, როდესაც დავითი ფეხზე წამოდგა. „ფეხზე განგრენა აქვს შვილო, ყოველდღე ვუხვევ ხოლმე, ათასი წამალი სჭირდება, ექიმების და გამოკვლევების თავი არ გვაქვს, არც მიჯერებს, სულ დადის ხოლმე, როგორც შეუძლია ისე, მაგრამ ძირითადად დაწოლილი უნდა იყოს, აწუხებს, ნახევარი ტერფი ფაქტობრივად აღარ აქვს, სულ გაუშავდა შვილო“. და .... და დაზღვევა რომ გქონდეთ, უფროსწორად დაზღვევა არ გაქვთ ? ასე უფრო მარტივად შეგეძლებოდათ მკურნალობა. „არ ვიცი შვილო, ჩვენ არ გაგვიკეთებია და ასე მარტივად ვინ მოგვცემდა“-მპასუხობს ისევ თამარი, დავითი გავიდა სადღაც უკან, ურიკების უკან, ალბათ მალე დაბრუნდება-მეთქი გავიფიქრე... 

   

ჩვენ ქვეყანაში, ბევრი თამარი და დავითი არსებობს, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფარი, რომლებიც ითხოვენ დახმარებას, თუმცა ამაოდ. ბევრ თამარსა და დავითს უჭირს ცხოვრების გაგრძელება, ბევრი მათგანი დეპრესიულია, უმოქმედო, უშინაარსო ცხოვრების გაგრძელების სურვილი აღარ აქვს. 2012 წლის ზამთარს, თბილისში, ვაგზლის მოედანთან ორი ადამიანი გაიყინა. ერთ-ერთი მათგანი ბორდიურზე იწვა და ვეღარ გაუძლო უამინდობას. იყო შემთხვევა, როცა 15 წლის გოგონა ქუჩაში გაიყინა ახალშობილთან ერთად. ზოგიერთ უსახლკაროებს კი კიდურები მოეყინათ და მათი ამპუტაცია გახდა საჭირო.2013 წელს, ისევ თბილისში ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა. კვლავ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამვლელებისა და გარემოვაჭრეების თვალწინ უსახლკარო მამაკაცი გაიყინა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს კარგა ხანს არავინ მიაქცია ყურადღება, რადგან მიიჩნიეს, რომ მას ეძინა. მოვაჭრეებმა თვითმხილველს ისიც კი უთხრეს, თავი დაანებე, მთვრალია და სძინავსო. თუმცა მას პულსი არ ესინჯებოდა და უკვე გარდაცვლილი იყო.

   ნინო ორი შვილის დედაა. მეხუთე წელია ბავშვებთან ერთად თავს აფარებს მეტრო „ღრმაღელესთან“ მდებარე მერვე საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილების მიტოვებულ შენობას, სადაც ასევე ცხოვრობენ სოციალურად დაუცველი სხვა ოჯახები და დევნილები- აცხადებს რადიო „თავისულებასთან“ ინტერვიუში უსახლკარო ქალი. „ძალიან ცუდი პირობებია! თუ ბავშვები ვერ მოასწრებენ გაკვეთილების მომზადებას დღის სინათლეზე, მაშინ უწევთ სანთლის შუქზე მეცადინეობა. არ გვაქვს დენი! არ გვაქვს წყალი, გაზი... კანალიზაციაც კი არ გვაქვს!“

   2016 წელს თბილისის ბიუჯეტიდან უსახლკარობის პრობლემატიკის მოგვარებაზე მილიონ ორასი ათასი ლარი გამოიყო, თუმცა, ანგარიშის ავტორთა თქმით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ვითარება უკიდურესად მძიმეა: სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირების მუნიციპალური და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სხვადასხვა ობიექტებში შეჭრილი პირების უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებითა და სოციალურად დაუცველი ოჯახების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის საკითხი.

   ხაზგასასმელია, ის, რომ არსებობს ლილოს თავშესაფარი უსახლკაროთათვის, რომელიც 240 ადამიანზეა გათვლილი. თუმცა დიდი ნაწილი თავისუფალია, რადგან იგი არ არის გათვლილი შვილიანი ოჯახებისთვის, მაშინ, როდესაც დედაქალაქში ათასობით მრავალშვილიანი ოჯახი რჩება უსახლკაროდ... 68 წლის მაყვალა გულიაშვილი, დღეს ლილოს თავშესაფრის ერთ-ერთი მოსახლეა,დღეს მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, თუმცა თავად აცხადებს, რომ მუშაობა შეუძლია და ამის სურვილიც აქვს.

   „2009 წელს ჩემი გოგო, რო ცუდად გახდა, დავაწვინე, წავიყვანე მეცხრე საავადმყოფოში, აღმოუჩნდა მწვავე ლეიკემია, ერთი საწოლიც არ დამიტოვებია შვილო, სავსე გატენილი ვეშით სულ გავყიდე,მერე რო ვნახე რო არაფერი აღარ შემიძლია,ა ავდექი და ის ბინაც გავყიდე“.

   „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი ქმრის მხრიდან, მე და ჩემი ბავშვები. როცა ბავშვზე ხელი აწია, ავადმყოფ ბავშვზე, ბავშვი მყავს ცერემბლარულ დამბლიანი, იმ დღიდან აღარ გავჩერებულვარ იქ, და წამოვედი“.

   „ თბილისში გავთხოვდი 66 წელში, დავქვრივდი, დავუტოვე ბინა და წამოვედი.იძულებული გამხადეს, რომ წამოვსულიყავი, ყველაფერი დავტოვე და წამოვედი, მე არაფერი არ წამომიღია“.

   

თბილისის უსახლკარო მდგმურები
Powered by  Jumpstart Georgia