შრომითი უფლებები საქართველოში

„თანამედროვე სამყაროში დასაქმებულის უფლებების დაცვას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს, რამეთუ დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის სტანდარტი მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანის უფლებების დაცვის დონეს, ამავდროულად, დემოკრატიისა და სამართლიანობის ღირებულებათა სისტემას ამა თუ იმ სახელმწიფოში.“

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ცდილობს იპოვოს სასურველი ვაკანსია დასაქმების საიტების მეშვეობით , მომსახურების სფეროს წარმომადგენლები ხშირად ავრცელებენ სხვადასხვა სახის მიმართვებს რათა დააინტერესონ დასაქმების მსურველი ადამიანები.

სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების მკვეთრი დისბალანსის გამო ძნელია სამუშაოს დაწყება და მარტივია ახალი კადრის პოვნა. ამ სიტუაციამ შექმნა უმუშევრად დარჩენის შიში, მართალია სამუშაოს დაწყება გვიხარია მაგრამ აქვე ვხვდებით მეორე მხარეს, რომელიც ჩვენს შრომით უფლებებს ეხება.   სამუშაოს მსურველთა უმრავლესობა მათთვის მიუღებელ ხელშეკრულებას ზოგჯერ წაუკითხავადაც კი აწერს ხელს, რაც დამსაქმებელს საშუალებას უტოვებს კიდევ უფრო გაამყაროს კანონით დაწესებული საკუთარი უპირატესობა. ხოლო ისეთი გარემოებები, როგორიცაა სასამართლოს მიმართ უნდობლობა, კანონით უზრუნველყოფილი სამსახურიდან დათხოვნის გამარტივება, სხვა სამსახურის პოვნის სირთულე და ადამიანის ბუნება, შეეგუოს არსებულ სიტუაციას, დასაქმებულს უბიძგებს, რეაგირების გარეშე დატოვოს მის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო ქმედებები. ყოველივე ეს გაამყარა შრომის კოდექსით დამსაქმებლისთვის მინიჭებულმა ჭარბმა თავისუფლებამ და გამოიწვია დასაქმებულთა უფლებების დარღვევა.

საქართველოში, სუპერმარკეტებში დასაქმებულთა შრომითი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

ბოლო დროს დასაქმებულები ხშირად საუბრობენ იმ პრობლემებზე რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას აწყდებიან. ღირსებაშელახული დასაქმებულები დღეს უკვე ღიად წერენ სოციალურ ქსელებში იმაზე, რომ დამსაქმებლები მუდმივად უგვიანებდნენ ხელფასებს, კვირაში, კანონით დაწესებული 40 საათის ნაცვლად, ხშირად ორჯერ მეტს მუშაობდნენ და ამაში მიზერულ ხელფასს იღებდნენ, ხანდახან სამუშაო დრო დღეში 14 საათს სცდებოდა, რომ 10 საათი ფეხზე დგომა უწევდათ, ხოლო თუ მაღაზიაში რამე დაიკარგებოდა, თვის ბოლოს ხელფასებს მათ აჭრიდნენ და ასე თხოვდნენ პასუხს.  

 

"თუ არ გინდა - წადი"

თუ პრეტენზიას გამოთქვამ დამსაქმებლების მიერ თანამშრომლისადმი მიდგომა ხშირ შემთხვევაში იდენტურია და ერთი ფრაზით გამოიხატება - „თუ არ გინდა წადი“.

 

შორენა ლობჟანიძე, ნიკორას ყოფილი მოლარე - „ ძალიან რთული პირობები იყო, გამომდინარე იქიდან რომ მოლარის გარდა მიწევდა  სხვადასხვა სამუშაოს შეთავსება, როგორც დამლაგებლის ასევე დაცვის, კონსულტანტის, ხელფასს კი სრულად არ ვიღებდი.  მეჭრებოდა გაურკვეველი დანაკლისების გამო, რასაც მაღაზიაში პროდუქციას ვადა გაუვიდოდა,  რომელი სექციაც მე მებარა იქიდან იძულებით მიწევდა ყიდვა ყოველთვის.“

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის გამოკვლევამ მთლიანად მოიცვა საქართველოში არსებული მსხვილი სუპერმარკეტები და იქ დასაქმებული პირები. გამოკვლევის თანახმად: გამოკითხული რესპოდენტების 24.0%-ს მუდმივად უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებით სამუშაოს შესრულება, 39.5%-ს იშვიათად, თუმცა მაინც უწევს თავის ძრითად საქმესთან ერთად დამატებით სამუშაოს შესრულება, ამასთანავე გამოკითხულ რესპოდენტთა 33.5%-ს უკავდება ხელფასი, საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 362 ლარს შეადგენს, საშუალოდ დაკავებული ხელფასის რაოდენობა კი 122 ლარს. რესპოდენტების ყოველკვირეული საშუალო დატვირთვა 45 საათს შეადგენს, 75.8% კი არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას.  

"შრომის ინსპექციის არსებული მექანიზმი არ არის ეფექტური"

„ღირსეული შრომის პირობების გარანტირება, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ვალდებულებაა.  ასოცირების დღის წესრიგი პირდაპირ მოითხოვს, სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემა და ასოცირების დღის წესრიგი მითითებას აკეთებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), როგორც შრომითი უფლებების დარგში საექსპერტო ცოდნის მქონე ინსტიტუციის სტანდარტებზე და მოითხოვს, რომ შრომის პოლიტიკის რეფორმირება საქართველოში, ILO-ს სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს. ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, სახელმწიფოს ვალდებულებაა სამუშაო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით იმგვარი მექანიზმების შექმნა, რომელიც სამუშაო პირობების მონიტორინგისა და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადეკვატურ რეაგირებას შეძლებს. ამგვარ მექანიზმად შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შრომის ინსპექტირების სისტემას მიიჩნევს, რომლის ფორმირებაც უნდა ეფუძნებოდეს მისი ეფექტური მუშაობისათვის აუციელებელი მანდატის, აღსრულების უფლებამოსილებისა და რესუსრების მობილიზებას.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც უმეტესად საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს დამტკიცებული „შრომის პირობების სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამის“ ფარგლებში ფუნქციონირებს, თავიდანვე არ ყოფილა მოაზრებული, შრომის პირობების დაცვის მონიტორინგის ეფექტურ მექანიზმად. კერძოდ, დეპარტამენტს არ განესაზღვრა შრომითი უფლების სრული სპექტრის შემოწმების უფლებამოსილება, რაც გააჩენდა შრომის პირობების დარღვევების სრულად გამოვლენის შესაძლებლობას, მეორე მხრივ, არ განხორციელდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის აღჭურვა დასაქმების ადგილზე უპირობო დაშვების უფლებამოსილებითა და სათანადო აღსრულების მექანიზმებით, რაც უზრუნველყოფდა გამოვლენილ დარღვევებზე ეფექტურ რეაგირებას.“ - ლელა გვიშიანი, EMC

სუპერმარკეტები არ არის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ასობით დასაქმებული ადამიანის შრომითი უფლებები ირღვევა.  ის, ვინც დღეს დასაქმებულების შრომით უფლებებს იცავს, ერთ გამოსავალს ხედავს - გაეზარდოს უფლებამოსილება შრომის ინპექციას, რომ მას შეეძლოს შრომითი პირობების შემოწმება და შეფასება მომსახურების სფეროშიც რადგან სახელმწიფოს დღემდე ეს ბერკეტი არ გააჩნია და მომსახურების სფეროში შრომა ისევ მონობას უტოლდება.

გააღვიძე აქტივიზმი !

ლევან ეგრისელაშვილი - პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა

 

ბოლო
Powered by  Jumpstart Georgia