საზოგადოებისთვის უცხო ხელოვანები.

 ანათება ჩაირთო, სამუშაო ოთახში შემოდის გოგონა , იკეთებს მაკიაჟს, არჩევს ტანსაცმელს, კედლები სულ ფოტოებითაა სავსე, მზადდება სხვადასხვა ფონი, იწყება ფოტოსესია.

“ნამუშევრებს ყოველთვის სჭირდება სული,სული არის იდეა, რომლის ახსნა და გადმოცემა შეგიძლია“. ფოტოგრაფიამ სიტყვებით ცდილობს გადმოსცეს საკუთარი აზრი პროფესიასთან დაკავშირებით. „ფოტო უნდა იყოს სრულფასოვანი, არამარტო ვიზუალურად, არამედ შინაარსობრივადაც“.
მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ გარკვეული დაინტერესება ჰქონდა ფოტოგრაფიის მიმართულებით, თუმცა არა სერიოზულად. ეს მხოლოდ ჰობი იყო, რომლის წყალობითაც ერთობოდა.პირველი კამერა მისმა დამ, სალომემ იყიდა, იმიტომ რომ მოსწონდა ფოტოგრაფია,“მაგრამ 5 თვის შემდეგ ჩემმა დამ გადაწყვიტა კამერა ჩემთვის ეჩუქებინა, ალბათ იმიტომ რომ აინტერესებდა რამდენად შორს წამიყვანდა გატაცება კამერისადმი“. 13 წლის ასაკში უკვე ჰქონდა 2 ფირიანი კამერაც, რომლითაც პატარ-პატარა ნამუშევრებს ქმნიდა.

„ერთხელ სკოლიდან ექსკურსიაზე წავედით ქალაქგარეთ, და როდესაც სახლში დავბრუნდი კამერა აღარ დამხვდა, მაშინ საკმაოდ ძვირიანი აპარატი იყო“. ამ ინციდენტის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში მას საკუთარი ფოტოაპარატი აღარ ჰქონია, ცდილობდა სხვისი კამერებით გადაღებას, და შემდეგ მის მცირეოდენ დამუშავებას.
მალევე საბერძნეთში მოუწია წასვლა ცოტახნით საკუთარ დასთან ერთად, სწორედ იქ შეიძინა მეორე კამერა, „ ეს კამერა დღემდე მაქვს და ალბათ საჭიროების შემთხვევაშიც კი არ გავყიდი“. კიდევ ერთ ღერს მოუკიდა და განაგრძო, „ ჩემ სწავლის ისტორიას რაც შეეხება, ცოტა ხანგრძლივი გამომივიდა, თავდაპირველად ჩავაბარე თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გეოდეზიის ფაკულტეტზე“, შემდეგ თავადვე ამიხსნა, რომ ეს კონკრეტული შეისწავლის,გარკვეულ აზომვით სამუშაოებს სანამ ნაგებობა აშენდება,და ზოგადად შეისწავლის ასტრონომიული გაზომვებისა და დაკვირვებების შემდეგ,დედამიწის ნამდვილ სახეს.

თავიდანვე ფიქრობდა ჩაბარების შემდეგ საკუთარი სტუდიის გახსნაზე, თუმცა იმის გამო რომ თბილისში მეტი კონკურენცია იყო, გადაწყვიტა ქუთაისში გადასვლა. ქუთაისში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფიაზე.თუმცა, მისი თქმით ეს არ იყო ის, რისი კეთებაც ან შესწავლაც მას სურდა. „ჩემი აზრით რაც გიყვარს ის უნდა გააკეთო“. 19 წლის ასაკში გახსნა სტუდია ქუთაისში, სახელწოდებით „13 Crowns Studio”. სტუდიის დიზაინზე თავად იზრუნა. მისი მეგობრის, დავით აბულაძის თქმით, ის ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად თავისუფალი ყოფილიყო საკუთარი ნიჭის მიმართ, „ანრის ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობ, ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც ფოტოაპარატთან მუშაობა დაიწყო. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მისგან კარგი ფოტოგრაფი გამოვიდოდა და რაც მთავარია, ძალიან მშრომელი და ჭკვიანია“. გარკვეული დროის შემდეგ, თანდათანობით უკეთ შეისწავლა პროგრამული დამუშავება, რამაც უკეთესი ნამუშევრების შექმნის საშუალება მისცა. სტუდიის მეშვეობით ახერხებდა ყველანაირი ტიპის ფოტოსესიების გამართვას. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს ისევ არ იყო საკმარისი მისთვის. 

 

მას სურდა, რომ საკუთარი თავი უფრო უკეთ წარმოეჩინა, უნდოდა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს სცოდნოდა მისი ნამუშევრების შესახებ. "ბოლოს, ქუთაისში საკუთარი თავის რეალიზაციას ვეღარ ვახდენდი,ალბათ იმიტომ რომ იქ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე.გაიცვითა ლოკაციები, გაიცვითა ადამიანებიც კი, ჩემი აზრით, იმისთვის რომ რამე შექმნა აუცილებელია გარემოს ცვლილება.ამიტომ გადავწყვიტე თბილისში გადმოვსულიყავი, რაშიც ჩემი მეგობარი ანანო დამეხმარა. მან ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში დაიწყო მუშაობა, სადაც მუშაობის დაწყება შევძელი.

ანანო მისი პირველი მოდელი და მეგობარია, რომელიც დღეს უკვე წარმატებული ფოტომოდელია და არაერთი ცნობილი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა.

 „ ჩემთვის ანრი ყოველთვის სხვა იქნება, იმიტომ რომ მან მასწავლა ძალიან ბევრი რამ, მისი წყალობით დღეს ბევრი ფოტოგრაფი დაინტერესდა ჩემით, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქვეყნებშიც, მაქვს რაღაც შემოთავაზებები იტალიიდან, საბერძნეთიდან, პარიზიდან, თუმცა ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი საქართველოდან წასვლა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ანრის ნამუშევრები მიყვარს. ვფიქრობ, რომ ყველასთვის შესამჩნევი უნდა იყოს მისი განსხვავებული ხედვა. ყოველთვის მეცინებოდა ხოლმე მის იდეებზე თავიდან, რაღაც თითქოს სულელურს მოიფიქრებდა, მაგალითად ერთხელ დიდი კედლის საათი ჩამოხსნა და მომაწოდა, ამით უნდა გადავიღოთო და გამეცინა, ვფიქრობდი საათით ხელში რა ფოტო უნდა გამოვიდესთქო, მაგრამ კომპოზიციურად მისი ნებისმიერი ჩანაფიქრი საოცარი გამოდიოდა ყოველთვის. ხოლო რაც შეეხება დამუშავებას, ძალიან მაგრად გამოსდის, ძალიან გაზრდილიცაა იმასთან შედარებით, როგორიც წლების წინ იყო, გაიზარდა პროფესიული თვალსაზრისით“.

ანრის ცხოვრებაში კიდევ არის ერთი საინტერესო დეტალი , ის რომ მას მამა ყავს მღვდელი, რომელიც მუდმივად ცდილობდა საკუთარი შრომა და შესაძლებლობა ეკლესიების მშენებლობისთვისა და ღვთის სამსახურში ყოფნისთვის  გამოეყენებინა.

 როგორც წესი, სასულიერო პირებისთვის რთულია ხელოვნების აღქმა, ისე რომ ის არ გასცდეს ფარგლებს, რელიგიური თვალსაზრისით. თუმცა ანრის მამის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. მისი თქმით, მას ყოველთვის ჰქონდა ხელშეწყობა მშობლებისგან, განსაკუთრებით მამისგან. " მამაჩემს ძალიან კარგად ესმის ხელოვნება, ხატავს ძალიან მაგრად, შესაბამისად შეუძლია ფერების აღქმაც და საინტერესო ნამუშევრების შექმნა,ერთხელ მაგალითად, რაღაც კონკურსი ტარდებოდა ქუთაისში და უნდა გადამეღო მზის ამოსვლა, მაგრამ დამეძინა, არ ვიცი მამაჩემმა რატომ არ გამაღვიძა,თუმცა საბოლოოდ ეს ფოტო მან გადაიღო და იმდენად კარგი გამოუვიდა, რომ კონკურსზე მისმა ფოტომ ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა.ამ ფოტოში  ჩანს სვეტი და სარკმლებიდან მზის სხივი გამოდის,  მართლაც რომ ძალიან მაგრად ჰქონდა გადაღებული. მამა ხშირად ნახულობს ჩემს ნამუშევრებს და რჩევებსაც ხშირად მაძლევს ხოლმე. ჩემი პირველი სტუდიის გახსნის მომენტშიც მამაჩემი მეხმარებოდა, როგორც ფინანსურად ასევე მორალურადაც. 

იღიმის,წვერზე ხელს ისვამს, მთელი ხელი სხვადასხვა ფიგურებით აქვს მოხატული და დიდრონ თაფლისფერ თვალებში სინათლის სხივი უციმციმებს, მომავლის იმედით სავსე, ვფიქრობ რომ წარმატებისკენ სწრაფვის მოყვარულ ადამიანს სხვაგვარი თვალები არც ექნება, ჩემი კითხვების სიაში ვიხედები, რომ უფრო საინტერესო გავხადო დიალოგი და თავის ამოწევისას ვხედავ როგორ იშლის თმებს და თავიდან იკრავს, ისევ სიგარეტს უკიდებს და საუბრის გაგრძელებას ლამობს, მე დიალოგს არ ვწყვეტ და ვაგრძელებ
ხელოვნების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს საკუთარი მიმართულება თავის სფეროში, ასევეა ფოტოგრაფიაშიც. ანრის სამუშაო სტილი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს,მისი თქმით,არის fashion photography, street style. "ასევე ვმუშაობ სტუდიური და სარეკლამო ტიპის ფოტოსესიებზე.ხშირად ვიღებ დიზაინრების კოლექციებსაც, რომლებიც თანდათანობით უფროდაუფრო მომგებიანია.არსებობს ფოტო მანიპულაცია, რომელიც მოითხოვს პროგრამულ დამუშავებას, თანაც ძალიან პროდუქტიულია გაყიდვების კუთხით, საინტერესოა პორტრეტზე მუშაობაც და ყოველდღიურობის ამსახველი კადრები. არის კიდევ ერთი საინტერესო მიმდინარეობაც, რომელსაც ხშირად ვიყენებ, სიურეალიზმი ქვია. ის გვხვდება არამხოლოდ ფოტოგრაფიაში,არამედ მხატვრობაშიც, მაგალითად სალვადორ დალის ნამუშევრები, დამდნარი საათები. აი მაგალითად სიურეალისტური შეიძლება იყოს ბოთლის თავი, რომელსაც წამოზრდილი აქვს ყვავილის ტოტები. ეს შეიძლება ნახატადაც გადმოვცეთ, ასევე ფოტოს საშუალებითაც. სიურეალიზმი ალბათ უფრო შინაგანი სამყაროდან მოდის, ამ დროს შენ ქმნი რაღაც ახალს.იქ შეიძლება საათი გააკეთო ისრების მაგივრად ადამიანების სხეულებით,ან შეიძლება იყოს აბაზანა, რომელსაც ტბაში ჩადგამ, როცა რეალურად აბაზანაში უნდა იყოს წყალი, ზოგადად ბევრი რამის მოფიქრებაა შესაძლებელი, მთავარია მონდომება".

Powered by  Jumpstart Georgia