როცა წამები საათებად გეჩვენება

ნუნუ სასწრაფოს ექიმია, თავის ცვლაში გამოძახებასაც ის იღებს და ზარიდან ორ წუთში, ჯგუფის ორ წევრთან: ექთანთან და მძღოლთან ერთად, უკვე სასწრაფოს მანქანაში ზის. დაგვიანება არ შეიძლება – პაციენტის ოჯახში ერთი წუთი ერთ საათს უტოლდება.


ნუნუ ლაბაძე სასწრაფოში, ანუ, როგორც ოფიციალურად ქვია, – გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალციხის რაიონულ სამსახურში, – 12 წელია მუშაობს. ამბობს, რომ მისი სამსახური ყველაზე რთული, სტრესული და მოულოდნელობებით სავსეა, დილით სამსახურში მოსულმა არასდროს იცის სად და რა ვითარებაში მოუწევს მუშაობა. ნუნუ ექიმს არც ის ახსოვს, ბოლოს სახლში რომელი დღესასწაული აღნიშნა.

სასწრაფო დახმარების სამსახურში ერთი დღე–ღამის განმავლობაში, სამი ჯგუფი მუშაობს.  24–საათიანი მორიგეობა დილის ათი საათიდან, მეორე დილის ათ საათამდე გრძელდება. 

მორიგეობის შეცვლის პროცესში, ჯგუფის წევრები ამოწმებენ და იბარებენ  მედიკამენტების  ყუთს, მანქანას და ტელეფონს, რომელიც გამოძახების მისაღებად აუცილებელია.


სასწრაფოში პასიური საათები იშვიათია. თუ ასეთი დრო არსებობს, ექიმებს პროფესიის მიღმა ამბები ახსენდებათ და მათ პატარა სამზარეულოში, ელექტროღუმელზე, ალუმინის ჯეზვეში, ყავა დუღდება. 


სასწრაფო დახმარების სამსახურში, დღის განმავლობაში ყველაზე ცოტა 15, ყველაზე ბევრი კი 60 გამოძახება შედის. განსაკუთრებით კრიტიკული სეზონი ზაფხულია – ამ დროს სასწრაფოს წნევის, ან კუჭ–ნაწლავის პრობლემების გამო იძახებენ და ზამთარი,– მაშინ როცა ვირუსული დაავადებები პიკს აღწევს.

ჯამში, თვის ბოლოს, გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ახალციხის რაიონული სამსახურში გამოძახებების რაოდენობა 1000–მდე აღწევს.


რთული და დაძაბული დღეებისა და გათენებული ღამეების მიუხედავად, სასწრაფო დახამრების ექიმებს ბევრი კურიოზიც ახსოვთ. 


აქ დროის ფასი და მნიშვნელობა, განსაკუთრებულად იციან. სასწრაფოს ჯგუფის დანიშნულების ადგილამდე დროულად მისვლა, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის ტვირთია.

ახალციხის სასწრაფოში 60 წლის დავით წიქარიშვილი ყველაზე გამოცდილი მძღოლია, ცხოვრების ნახევარზე მეტი, 33 წელიწადი, ამ სამსახურშია. მძღოლმა ახალციხის ყველა ქუჩა, ჩიხი და სოფელი ზეპირად იცის.

ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ავტო პარკის განახლებამ, მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესა და მუშაობაც კარგ პირობებში უწევს. თუმცა წლების წინანდელი სამსახურეობრივი სირთულეები მაინც კარგად ახსოვს.


გარდა პირობების გაუმჯობესებისა, დავით წიქარიშვილი გვეუბნება, რომ მდგომარეობა გზებზეც გამოსწორდა, მძღოლების კულტურა გაიზარდა და ახლა სასწრაფოს გაბმული საყვირები იმისთვის, რომ გზა დაუთმონ, თითქმის აღარ სჭირდება.  თუ წლების წინ, ახალციხის რომელიმე სოფელში მისვლას საშუალოდ ნახევარ, ან ერთ საათს ანდომებდა, ახლა ყველაზე შორ სოფელში, მაგალითად, თისელში, სასწრაფო დახმარების ჯგუფი 15–20 წუთში მიდის.  


სისწრაფე განახლებულმა ავტოპარკმაც განაპირობა. 2014 წლის პირველი აპრილიდან,  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალციხის რაიონული სამსახური  „სასწრაფო სამედიცინო დახმარების უწყვეტობის“ პროგრამაში ჩაერთო.

პროგრამის ფარგლებში სამსახური ახალი მანქანებითა და ინვენტარით აღიჭურვა. ამ დროისათვის სამსახურს, ერთი საშუალო და ორი მაღალი გამავლობის მანქანა ჰყავს, ასევე ერთი „უაზის“ ტიპის მთებში მისასვლელი სათადარიგო მანქანა ემსახურება. 


გადაუდებელი ცენტრის ახალციხის რაიონული სამსახური მთელს მუნიციპალიტეტს: ქალაქ ახალციხეს, ვალეს და 44 სოფელს ემსახურება. სამსახურში 36 თანამშრომელი  – 12 ექიმი, ამდენივე ექთანი და მძღოლია.

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალციხის რაიონული სამსახური 2014 წლიდან „ევექსის“ ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს შენობაში, ქირითაა. მალე სასწრაფოს თანამშომლები ახალმოსახლეობას იზეიმებენ – ახალციხის ბიუჯეტიდან სასაწრაფო დახმარების სამსახურისთვის ახალციხეში ახალი შენობა აშენდა. ამისთვის ბიუჯეტიდან 98.800 ლარი გამოიყო.


ახალციხესთან ერთად რამდენიმე თვეში ახალი შენობა ექნება გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბორჯომის რაიონულ სამსახურსაც. ბორჯომში შენობას ჯანდაცვის სამინისტრო აშენებს. საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ რომ, ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთში სხვა გადაუდებელი დახმარების ცენტრებისათვის შენობის შეცვლა არ იგეგემება.

რა დაფინანსება აქვთ წელიწადში გადაუდებელი დახმარების ცენტრებს, – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში არ გვპასუხობენ. თუმცა ამბობენ, რომ ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილია. 2014 წლიდან რეგიონში მთლიანად განახლდა გადაუდებელი დახმარების ცენტრების ავტოპარკი, ექიმებს გადაეცათ ახალი უნიფორმები და მოიმატა თანამშრომლების ხელფასმა.

 

 


ამ ეტაპზე სასწრაფოს მანქანები და აღჭურვილობა რომ ყოფნის, ამას ახალციხის სასწრაფო დახმარების სამსახურშიც ადასტურებენ. კითხვა – მაშინ რატომ ჩივიან მოქალაქეები ხშირად, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური, გამოძახების შემთხვევაში, ყველაზე მოკლე მანძილზე მისვლასაც კი აგვიანებს, სასწრაფოს ექიმებს არ უკვირთ.

„ასეა, როცა საქმე სიკვდილ–სიცოცხლეს ეხება და სასწრაფოს ელოდები, წუთები საათებად გეჩვენება. შენ არასდროს იცი, რა ხდება ამ დროს სასწრაფოში და ფიქრობ, რომ "ექიმებს არ ენაღვლები, რადგან შენ მათი რიგით მემილიონე პაციენტი და გამოძახება ხარ". სინამდვილეში, არავინ ისე არ იცის წუთის ფასი, როგორ ჩვენ, სასწრაფოს ექიმებმა“, – ამბობენ ახალციხის სასწრაფო დახმარების სამსახურში.

Powered by  Jumpstart Georgia