როგორ ზოგავენ ახალციხეში ენერგო რესურსებს

ბუნებრივი კატასტროფების რისკი


შტორმები, წყალდიდობები, გვალვები და სითბური ტალღები, დედამიწაზე სულ უფრო ხშირად ხდება. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 1980 წლიდან, ევროპაში ბუნებრივი კატასტროფების 90% კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.  

კლიმატის ცვლილებაზე მავნე ზეგავლენა რომ შევამციროთ, ერთ–ერთი გზა ენერგოეფექტურობაა. მას შემდეგ, რაც საქართველო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი“ გახდა, ქვეყანამ ვალდებულება აიღო, შეამციროს სითბური აირების გამოფრქვევა და დანერგოს ენერგოეფექტურობის სტანდარტები.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მარტივი საყოფაცხოვრებო პირობების შეცვლით, შეგვიძლია ბუნებაში არსებული ენერგო რესურსები დავზოგოთ, შესაბამისად, გარემოს დავეხმარებით ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილებაში.

 

 


ახალციხე ენერგოეფექტურობის გზაზე

  • ენერგიების დაზოგვაზე ახალციხეში, 2014 წელს დაფიქრდნენ.
  • მერიამ აიღო ვალდებულება, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, 2020 წლისათვის, CO2 –ის გამოფრქვევას 20%–მდე შეამცირებდა.
  • შედგა სპეციალური დოკუმენტიც  – „ქალაქ ახალციხის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა“.
  • გეგმაში გაიწერა ის ღონისძიებები, რომლებიც ახალციხეს ბუნებრივი ენერგიების დაზოგვაში დაეხმარება.
  • პროექტების ნაწილი განხორციელებულია, ნაწილი ჩავარდა, ნაწილი კი ჯერ კიდევ იგეგმება.

 

ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება ახალციხეში გარე განათების გამოცვლით დაიწყო. 2015 წლიდან დღემდე ქალაქის ქუჩებში გარე განათების ნათურები, დიოდურმა (LED) ნათურებმა ჩაანაცვლა.

 

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, (2017 წელი) ქალაქში, მხოლოდ ორი ქუჩა რჩება, სადაც ენერგოეფექტური გარე განათება არ არის.

მას შემდეგ კი, რაც ყველა ქუჩაზე დიოდური სანათები დამონტაჟდება, ენერგომოხმარების დანაზოგი საშუალოდ 40%-60%– ს მიაღწევს.

თუმცა ამ დროისათვის უცნობია, კონკრეტულად რამდენი მგვტ/სთ ენერგია და რა რაოდენობით ემისია დაზოგა ქალაქმა გარე განათების ნათურების შეცვლით.

 

ახალციხის ციხე

 

ახალციხის ციხე, 7 ჰექტარზე გაშლილი ისტორიული და ტურისტული კომპლექსი, ახალციხეში, ერთ–ერთი, ენერგიების მოხმარების კუთხით, ყველაზე მხარჯველი ობიექტია. 

ენერგიების დაზოგვა ციხის კომპლექსშიც სცადეს და აქაც განათების ახალი სისტემა მოეწყო, –  ციხის გალავანსა და ციტადელზე ჩვეულებრივი სანათები, თანამედროვე, შუქ–დიოდური სანათებით შეიცვალა.

დამონტაჟდა ახალი ტიპის 217 პროჟექტორი. 

ზაზა თამარაშვილი ახალციხის ციხის დირექტორი

სოლარული ფერმა

 

ციხის ტერიტორიაზე ენერგოეფექტური ღონისძიებები განათების შეცვლით არ დასრულებულა. პროექტის კიდევ ერთი ნაწილი სოლარული ფერმაა, რაც მზის ენერგიის ხარჯზე, ელექტროენერგიის დაზოგვას გულისხმობს.

სოლარული ფერმა კომპლექსის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია, თუმცა იგი ექსპლუატაციაში არ შესულა. 

 

37,5 კვტ. მზის ენერგიის სადგურიდან მიღებულ ელექტრო ენერგიას ციხის კომპლექსში გამოიყენებენ.


საფრთხე ტრანსპორტიდან

გარემოს დამაბინძურებელ წამყვან ფაქტორად, ყველა ქვეყანაში, ითვლება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი.

ენერგოეფექტურობის კუთხით მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ენერგიის დაზოგვისათვის ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება.

 

მათი განმარტებით, როცა ქალაქში მოძრაობა მოწესრიგებული არ არის, იქმნება საცობები, რომლის დროსაც ავტომობილების საწვავის გამონაბოლქვი მატულობს. შესაბამისად, იზრდება გარემოზე მიყენებული ზიანიც.

მოძრაობა ახალციხის ქუჩებში

 

ახალციხის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა.

შესვლა აიკრძალა:

  • ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებიდან მანველიშვილის ქუჩაზე.
  • იაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებიდან ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე.  
  • შალვა ახალციხელის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩაზე.
  • გარდა ამისა, დაიხაზა ქალაქის ქუჩები და გამოიყო საპარკინგე ადგილები.

 

ნუგზარ თათეშვილი "საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის" დირექტორი

 

მდგრადი განვითარების სააგენტო

 

კლიმატის ცვლილებებისათვის "ფეხის ასაწყობად"  2016 წელს ქალაქ ახალციხის მერიაში ააიპ "ქალაქ ახალციხის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტო" ჩამოყალიბდა. 

მის მოვალეობაში შედიოდა:

  • ახალციხეში არსებული შენობების აღწერა და მათი მდგომარეობის გამოკვლევა;
  • ენერგოეფექტური და განახლებადი ტექნოლოგიების გამოყენებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება;
  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტურობაზე.

შექმნიდან 9 თვის შემდეგ, ააიპ–ი გაუქმდა.

საკრებულოს სხდომაზე, რომლის დროსაც აიპის გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი, ქალაქის მაშინდელმა მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ განაცხადა, რომ
„ის დანიშნულება, რისთვისაც ეს ააიპ–ი შეიქმნა, ვერ ხორციელდებოდა“.

 ააიპ–სთვის გაწერილი სამოქმედო გეგმა არ შესრულებულა.

 

ქალაქ ახალციხის საკრებულო

 


მწვანე ბაღი

 

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ენერგოეფექტურობის ფარგლებში, ახალციხეში დაიგეგმა, მაგრამ ვერ განხორციელდა, „მწვანე ბაღია“.

ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის პროექტი, ახალციხის მერიამ 2016 წელს 40 000 ლარად შეისყიდა.  პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო:  გარემოს დაცვა, ხარჯთეფექტურობა, ენერგიის დაზოგვა და უსაფრთხოება.

„მწვანე ბაღის“ პროექტი ვერ განხორციელდა, რადგან მშენებლობისათვის საჭირო 4 500 000 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არ დააფინანსეს.

მწვანე ბაღი

 

 

 

რა კეთდება ახლა?


ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე,  მუნიციპალური შენობების ენერგო აუდიტი მიმდინარეობს.

ილია ზარდიაშვილი ქალაქ ახალციხის ვიცე–მერი


როგორც ქალაქ ახალციხის ვიცე–მერი ილია ზარდიაშვილი განმარტავს, ენერგოეფექტურობის ფარგლებში "დროში პროგრესირებადი ენერგოეფექტური პარკის" გაკეთება იგეგმება. რაც გულისხმობს იმას, რომ ქალაქში სარეკრეაციო ზონა მოეწყობა, სადაც განაშენიანდება სხვადასხვა კულტურები. მათი გასხვლა  ყოველწლიურად იქნება შესაძლებელი. ნასხლავი შემდეგში სპეციალურ ენერგო ღუმელებში დაიწვება, მიღებულ სითბოს კი მუნიციპალური შენობები მოიხმარს.

 

 

ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციული შენობა
ვალდებულება


2014 წლიდან ქალაქი ახალციხე, "მერების შეთანხმების" ხელმომწერია. შესაბამისად, მას აქვს ვალდებულება 2020 წლისათვის სითბური ემისიები 20%–ით შეამციროს. ამისათვის კი ქალაქის თვითმმართველობას კიდევ არაერთი ენერგოეფექტური ღონისძიების განხორციელება მოუწევს.

Powered by  Jumpstart Georgia