ქუჩის მხატვრობა
ქუჩის მხატვრობა- ვანდალიზმი თუ ხელოვნება
ქუჩის მხატვრობა

ის არგენტინელი ქუჩის მხატვარ ედუარდო როლეროსავით ქუჩებში დადის, ოღონდ ის თბილისის ქუჩებში დადის  და ადგილებს ეძებს, ადგილებს სადაც შეძლებს თავისი შინაგანი მდგომარეობა, დამოკიდებულება გადმოსცეს ხელოვნების საშუალებით. მან იცის რომ ნებისმიერ ადგილას ვერ დახატავს რადგან შეიძლება ამისთვის დაიჭირონ კიდეც. „ძირითადად ღამით ვხატავ, რადგან ვიცი რომ ხელოვნებისთვის დავისჯები“. ის  უბრალოდ ცდილობს რომ არგენტინელი როლეროს მსგავსად გადააქციოს რაღაც მოსაწყენი წარმოუდგენელ ხელოვნების ნიმუშად. მას სურს როლეროს ნახატების მსგავსად მის ნახატებსაც საათობით უყურებდეს მნახველი და უბრალოდ ტკბებოდნენ. ეს “Gagosh”-აა. ეს ისე როგორც მას სურს რომ მოიხსენიებდნენ, თუმცა ის არც ნამდვილ სახელს და გვარს მალავს გიორგი გაგოშიძე. გიორგი 32 წლისაა და უკვე 24 წელი ხდება რაც ხატავს. ედუარდო  როლერო კი 51 წლისაა და 22 წელია ხელოვნებას ერთგულობს. ერთგულების ეს 22წელი გიორგის ძალიან ხიბლავს.მას შტაბეჭდილება ექმნება რომ როლერო ჩვეულებრივ ყოველდღიურ საგნებზე, უღიმღამო ქუჩებში აცოცხლებს ფანტაზიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოაქვს ანტიკური სურათები. თავად კი ამბობს რომ თავისთავად ებადება იდეები და მოსვენებას მანამ ვერ პოულობს სანამ ამას კედლებზე არ გადმოიტანს. ეს იდეები შეიძლება ეხებოდეს როგორც სოციალურ ასევე პოლიტიკურ თემებს. თუმცა გაგოშას ძირითადად სოციალური, ყოველდღიური საკითხი აწუხებს.

ქუჩის მხატვრებს თავიდან „ქუჩის ხულიგნებს“ უწოდებდნენ და ზოგჯერ ახლაც ამ სახელით მოიხსენიებენ, ისევე როგორც გაგოშას. ამის მიზეზია ის რომ ბევრი მათ გარემოს დამმახინჯებლად თვლის. თავიდან ეს მიმდინარეობა კანონის მიხედვით  საკმაოდ მკაცრად ისჯებოდა, ამიტომ ქუჩის მხატვრები ხატავდნენ დანგრეულ კედლებზე ძირითადად ღამით, დღისით კი უჩინარდებოდნენ. ამის გამო მათ „ღამის მხატვრებსაც“ უწოდებდნენ. რაც შეეხება მათ იარაღს, ისინი ძირითადად „პულვერიზატორს“ იყენებენ, რადგან ეს საღებავი მალე შრება და ამავდროულად ძნელად შორდება კედლებს. თუმცა,  პულვიზატორით შეიარაღებული  ქუჩის ხულიგნის სტანდარტებში გაგოშა თავის გარეგნობით   სულაც არ ჯდება. მისი თმის ფერის დამალვა უკუნით ღამეშიც კი ძალიან ძნელია. ის ხომ ასეთი წითელია.  მომწვანო თვალებში ჩახედვისას კი ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მათ სიღრმეში არ ჩაიძიროთ.

მსოფლიოში უკვე ფართოდ გავრცელებულ და შეიძლება ითქვას დაფასებულ ხელოვნების ამ მიმდინარეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია არ აქვს, თუმცა ნელნელა ის პოპულარული ხდება.უფროდაუფრო ხშირად შევხვდებით სხვადასხვა ნახატებს მიწისქვეშა გადასასვლელებსა თუ კედლებზე. თბილისში „street art”_ს ბევრი მიმდევარი არ ყავს. თუმცა ხელოვნების ამ დარგმა არაერთი ნიჭიერი მხატვარი აღმოაჩინა თბილისში. დათა პატარაიამ სწორედ ქუჩაში იპოვა ის რაც 17 წლის მანძილზე ვერ ეპოვნა. ახლა თვითონ ცდილობს საზოგადოების დაინტერესებას. „ვცდილობ ვიაქტიურო სემინარები გავაკეთო და ახალგაზრდები დავაინტერესო ამ ორგინალური და მიმზიდველი ხელოვნებით“.

ბაჩა ხოფერიამ (D.r Love) კი ხატვა სულ 6 წელია რაც დაიწყო.  ის ფიქრობს რომ ქუჩის მხატვრობა რომელიც ბოლო პერიოდია ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა, ურბანიზმის ყველაზე საინტერესო სუბკულტურაა და აგრეთვე ძლევამოსილი იარაღია პუბლიკამდე აზრის მისატანად.

საზოგადოებრივი აზრი “street art”_ის შესახებ ერთგვაროვანი არაა. გიორგის ნამუშევრებს საზოგადოებაც სხვადასხვანაირად აღიქვამს და აფასებს. ზოგისთვის ის ხელოვნების ნიმუშია რომელიც მუზეუმში გამოფენის ღირსია, ზოგისთვის კი ეს ვანდალიზმია, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. თუმცა აზრის ეს სხვადასხვაობა გაგოშასთვის გასაგებია. „ყველას გემოვნებასა და აგრეთვე კანონში თუ ჩაჯექი არ იქნები “street artisti”. გიორგი ქუჩის მხატვრობის დადებით სახეს გვაჩვენებს –„თავიდან არტი იყო სამეფო კარის მხატვრობა. ყველა ხატავდა ბურჟუაზიისთვის.სტრიტ არტმა კი გამოგლიჯა ბურჟუაზიას ეს ხელოვნება და სახალხო და თავისუფალი გახადა. სტრიტ არტის დანიშნულება ისაა, რომ იყოს მახვილი. ის დაგჭრის გაგაღიზიანებს. მაგალითად, ქალებზე ძალადობა არა მხოლოდ სურათით უნდა დაგანახოს–დახატულია ქალი და ტირის. ეს არ გაგაღიზიანებს. სტრიტ არტმა იმ კუთხით უნდა დაგანახოს ეს პრობლემა, რომ შენ ამაზე  იფიქრო და დაასკვნა, რომ ეს არასწორია“.

მიუხედავად სტრიტ არტის ამდენი პლიუსებისა და მასში ჩადებული აზრისა, რომლებიც ადამიანებს ჩაფიქრებისკენ უბიძგებს, მათ ხშირად აიგივებენ „ნაჯღაბნებთან“, რომლებიც სტრიტ არტის დამახინჯებული ვარიაციაა და რომლებიც, როგორც ჩანს, არის იმ ინსტიქტის გვიანდელი გამოვლინება, რომელიც ნეანდერტალელს უბიძგებდა ნახშირით უშინაარსო ხაზების მიხატვით თავის რეალიზება მოეხდინა. სამწუხაროდ თბილისის ქუჩებში, სადარბაზოებში, ტრანსპორტში, სრულიად შეუფერებელ ადგილებში ასევე ვხვდებით ამ „ნაჯღაბნებს“. ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს სახელის მიწერის ჩვეულება. მიუხედავად იმისა რომ პირობითდ გიო და მარი კიდევ ძალიან ბევრია, „ავტორები“ შოულობენ სახატავ საშუალებებს და მაქსიმალურად დიდი, არცთუ ისე პრპორციული ასოებით აწერენ სახელებს შეუფერებელ ადგილებში. ცალკე ფენომენია ასევე „უზრდელობის“ კედელზე სახალხოდ გამოტანა, რომლის მოტივაციაც უცნობია.

სტრიტ არტზე უარყოფითი აზრის არსებობა სწორედ ამ „ნაჯღაბნებმა“ განაპირობა.

–თქვენი აზრით, დასაშვები უნდა იყოს თუ არა კედელზე ხატვა?

ბესო, 38წლის

–ჩემი აზრით, კარგს კი არაფერს წერენ მიაწერენ რაღაც უზრდელობას, რასაც შემდეგ ბავშვები კითხულობენ და იმახსოვრებენ. ვინმე კარგს თუ დახატავს რამეს ეს სულ სხვააა.

ვანო, 26წლის

–უნდა შეიძლებოდეს ხატვა ოღონდ ყველგან არა. ამისთვის ცალკე ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი, როგორც უცხოეთშია.

მარი, 24წლის

–არსებობს ვანდალიზმი და ასევე არსებობს ხელოვნება. ახლად შეღებილ კედელზე რო აწერენ უწმაწურ სიტყვებს ან არაფრის მთქმელ სხელებს ეს რათქმაუნდა ვანდალიზმია, თუმცა თბილისში ასევე ბევრი შესანიშნავ ნახატია და კარგია ასეთი რაღაცეები რომ კეთდება.

ვახო, 67წლის

ზოგჯერ ისეთ ლამაზ ნახატს დავინახავ ხოლმე, რომ მიხარია, მაგრამ ეს სახელების მიწერა ძალიან ცუდია.

ამ კითხვაზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მპასუხობენ, რომ ქუჩაში ხატვა ქალაქის იერსახის დამახინჯებად მიიჩნევა თუ უნებართვოდაა დახატული. თუმცა ჯერ არცერთი მხატვრის მიმართ რაიმე სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა.

ხოლო მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის აზრით, მთავარია ნახატისთვის ადგილი სწორად იყოს შერჩეული. „ვფიქრობ, გრაფიტი საინტერესო ხელოვნებაა. ნახატი ორგანულად უნდა ერწყმოდეს გარემოს. არ უნდა დაზარალდეს შენობა რომელსაც ეს ნახატი არ უხდება ან არ სჭირდება“.

2017 წლის დეკემბრიდან  ქართველ ქუჩის მხატვრებს მეტი თავისუფლება მიენიჭათ. მათ უკვე ქალაქის გალამაზების მიზნით თბილისის მერიისგან მიიღეს უფლება მოხატონ მიწისქვეშა გადასასვლელები. თუმცა ეს ქმედება შეიძლება ემსახურებოდეს ქუჩის მხატვრობის მართვის სურვილს. გაგოშას აზრით ქუჩის მხატვრობას ორგანიზებული და დაგეგმილი ივენთები არ უხდება. მისი აზრით ეს უფრო გასართობს გავს. სთრით არტი კი უფრო პარტიზანულია  და ის დეკორაციას არ ემსახურება. „ინგლისში რაც მოხდა იგივე ხდება აქაც.მთავრობამ რომ დაინახა რა ძლიერი ცვლილებების მოხდენა შეეძლო სთრით არტს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ღიად არ დაპირისპირებოდა მას მაგრამ კომერციად და დეკორაციად  ექციათ. სიჭრელე ადამიანს უბიძგებს დაინახოს ფერები და არა იდეა. ამან ინგლისში გაამართლა. იმედია აქ არა! როცა ისეთ რამეს ამბობ, რისი მოსმენაც სისტემას არ სურს, ის ყოველთვის შენს წინააღმდეგ იქნება, მიუხედავად იმისა რომ კედლებზე ხატვა ვანდალიზმად აღარ ითვლება. გამოსავალი ნამდვილი ქუჩის მხატვრისთვის კი ისაა, რომ კარგად დაიმალო.“

გიორგი გაგოშიძე

ქუჩის მხატვრობა
Powered by  Jumpstart Georgia