ქალები ერაყიდან

2017 წლის მონაცემებით საქართველოში ერაყიდან და სირიიდან დევნილი  862 ადამიანი ცხოვრობს. მათ ნაწილს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი აქვს, ნაწილი კი ამ სტატუსის მოლოდინშია. მათ მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. საზოგადოების ნაწილი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანას, რომელსაც თავად ჰყავს 271 ათასი დევნილი, სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღების ფუფუნება არ აქვს. ნაწილს კი უბრალოდ უცხო კულტურასთან შეხების ეშინია.

ჩვენ სამი ერაყელი ქალი გავიცანით, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ჩვენ მათი ისტორიების მოსმენა გვინდოდა - რას გამოექცნენ, რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში, რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ. 

იფთისამს, ჰაიამს და ნადიას ჩვენ ვთხოვეთ აერჩიათ სამი ნივთი, რომელიც მათ წარმოდგენაში სამ კონკრეტულ სიტყვასთან ასოცირდება. ეს სამი სიტყვა ასეთი შევარჩიეთ:

 სამშობლო, საქართველო, ოცნება. 

იფთისამ ალსურაი

 

სამშობლო

ეს ქვაბი ჩემი ბებიას და ბაბუას სახლიდან წამოვიღე. ბებია აქ ხარშავდა სადილებს. ისინი ახლაც სულ მენატრებიან. ეს ქვაბი იმ დროს მახსენებს, როდესაც ყველანი ერთად ვიყავით. დიდ მაგიდას შემოვუსხდებოდით და ერთად ვსადილობდით. ჩვენი ოჯახი ახლა დაფანტულია, ზოგიც ცოცხალი აღარ არის. ეს ქვაბი კი აქ არის ჩემთან და მათთან მაკავშირებს.

საქართველო 

როდესაც მშვიდობა იყო, ერაყში ხშირად ვაწყობდით პიკნიკებს. წავიღებდით საჭმელს და ვსადილობდით ბუნებაში. თან სულ დაგვქონდა თქვენი დოლის მსგავსი საკრავი, ვმღეროდით სიმღერებს. როდესაც მცხეთაში ვიყავი, იქ ერთი კაცი წითელ დოლს ყიდდა. საქართველო თითქოს უფრო ახლობელი გახდა, როდესაც ეს დოლი ვიყიდე. საქართველოშიც ხშირად დავდივართ პიკნიკზე და ეს დოლი მიგვაქვს.  მინდა ქართული ვიცოდე. პროგრამა „ღია სახლის“ ფარგლებში ქართული ენის კურსებზე დავდივარ. ჯერჯერობით მხოლოდ „გამარჯობა,“ „ნახვამდის,“ „რა ღირს“და კიდევ რამდენიმე მარტივი ­­­­­­სიტყვა ვიცი. ქართველი მეგობრები არ გვყავს. რამდენიმე მეზობელი უკვე თბილად მესალმება. ეს ძალიან მსიამოვნებს. 

 ოცნება

ამ ვერცხლის ლანგარს ხშირად ვიყენებდით ერაყში იმ ბედნიერ დროს, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვიყავით. ის მაკავშირებს ჩემს ოცნებასთან, დავბრუნდე ერაყში, ჩემი ოჯახის წევრებთან.

დღე, რომელიც არ დამავიწყდება 

 “2012 წლის 26 სექტემბრი. ძალიან ცხელოდა. დილიდან ვემზადებოდით. სადილი გავამზადეთ, სტუმრებს ველოდებოდით, თან ბარგიც უნდა ჩაგველაგებინა. არასოდეს იცი, რა ჩადო ჩანთაში, როდესაც შენს სახლს სამუდამოდ ტოვებ. იმ საღამოს ნათესავები და მეგობრები მოვიდნენ. ყველაფერი გავიხსენეთ, რაც გვაკავშირებდა და რაც გამოვიარეთ. ხან ვიცინიდოთ და ხან ვტიროდით. იქნებ ბოლოჯერ ვხედავდით ერთმანეთს. ის მომენტი მახსენდება, როდესაც ტაქსიში  ჩავჯექით და ბოლოჯერ შევავლეთ თვალი ჩვენს სახლს. უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტამდე რამდენჯერმე გამოვიცვალეთ ტრანსპორტი. ერაყში არ უყვართ, როცა ადამიანები ქვეყანას ტოვებენ.”

ჰიამ ალსურაი

სამშობლო

როდესაც ბარგს ვალაგებდი, ყავის ფინჯნებიც ჩავდე. მეუბნებოდნენ, რად გინდა ესენი, განა თბილისში ყავის ფინჯნებს ვერ იშოვიო. ამ ფინჯნებიდან ჩემი მშობლები სვამდნენ ყავას. ასეთ ნივთებს ადამიანი უნდა გაუფრთხოლდეს. ისინი ყოველთვის მახსენებს ჩემს სამშობლოს.

 

საქართველო

ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც საქართველოში გავიცანი, ჩვენი მეზობელი, მასწავლებელი ქალი იყო. მას ძალიან დავუმეგობრდი - სტუმრად დავდიოდით ერთმანეთთან, სხვადასხვა კერძებით ვუპანსპინძლდებოდით. შემდეგ ბინა გამოვიცვალეთ და მან  ჩვენი მეგობრობის ნიშნად ეს წმინდა გიორგის გულსაკიდი მაჩუქა. სადაც უნდა წავიდე, ეს გულსაკიდი ყოველთვის საქართველოს გამახსენებს.

ოცნება 

ეს კრიალოსანი ლოცვის დროს მჭირდება. როდესაც ღმერთს ველაპარაკები,  ამ კრიალოსნის მძივებს სათითაოდ გადავთვლი და ყველა ჯერზე ერთ რამეს ვთხოვ, რომ მშვიდობა იყოს.  

მთავარი განსხვავება 

“ქალები აქ თამამები არიან. გარეთ გასვლა დღის ნებისმიერ დროს უსაფრთხოა, ერაყში ეს ასე არ იყო. მაგალითად, თუ ჰიჯაბი არ გაიკეთე, შეიძლება ვინმე თავს დაგესხას. ქალები ცდილობენ საერთოდ არ იარონ ბევრი. მანქანებიდან ზედმეტად არ გამოდიან და ქუჩაში ფეხით არ დადიან. დანიშნულების ადგილამდე მიდიან და სწრაფად შედიან შენობებში. თბილისის ქუჩებში სიამოვნებით და თამამად დავდივართ.

ნადია

სამშობლო 

ეს ორი გულსაკიდი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. პატარა გული დედამ მაჩუქა, როდესაც ბავშვი ვიყავი. იმ დღეს, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ის დავკარგე. მახსოვს, მაშინ ბევრი ვიტირე. და იცით, 10 წლის შემდეგ, მამაჩემის სახლში ვიპოვე, როდესაც უჯრიდან ნივთებს ვალაგებდით. ეს დიდი გულსაკიდიც დედამ მაჩუქა, მასზე ჩემი დისა და მისი მეუღლის სურათებია ამოტვიფრული. ისინი ავარიაში დაიღუპნენ.  დედამ მათი სურათები ამოტვიფრა და მე და ჩემს მესამე დას მოგვცა, იმისათვის, რომ მოგონებები მათზე სულ ჩვენთან იყოს.

საქართველო 

როდესაც თბილისში ჩამოვედი, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. აქ სიმშივიდე იყო და საზრუნავიც ნაკლები. როდესაც შვილებს სასწავლებლებში გავაცილებ, ხელში ფუნჯს ვიღებ და ხატვას ვიწყებ. ავდექი ერაყშიც ვხატავდი, მაგრამ ძალიან იშვიათად. ჩემს ნახატებზე ომამდელ ერაყს ვხატავ. ქალებს ჩვენთან შავები აცვიათ. ეს არის ტრადიციული სამოსი, აბაია. ამ სამოსს ატარებდნენ ქალები ომამდე და ახლაც. თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოვედი და ვნახე, რომ თქვენი ქვეყანა ასეთი მრავალფეროვანი, დავიწყე ხატვა სხვადასხვა ფერებში, ასევე თქვენი ქუჩების და სახლების ხატვა. 

ოცნება

ჩვენი ოჯახის ერთი წევრი ჩემი შვილების თვალწინ მოკლეს. მე აღარ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ეს კიდევ ერთხელ ენახათ. ჩვენს ოჯახში სუნიტები არიან, მაგრამ ბაღდადში შიიტების დასახლებაში ვცხოვრობდით. ამის გამო სულ გვემუქრებოდნენ. წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემს ქმარს რამდენჯერმე შემოუთვალეს, რომ მისი ოჯახი საფრთხეში იყო. ჩემი ოცნებაა ადამიანები აღარ დევნიდნენ ერთმანეთს რელიგიის გამო. მე მშვიდობა მინდა და იქ დაბრუნება, ჩემს ოჯახთან. მინდა რომ ყველა ისევ ერთად ვიყოთ, ისე როგორც ადრე, იმ ბედნიერ დროს, როდესაც იქ ვცხოვრობდი. 

დაბრუნება 

მე დავიბადე და გავიზარდე ერაყში, ვნახე მისი კარგი და ცუდი პერიოდები.როგორც კი იქ მშვიდობა იქნება, მე ჩავალაგებ ბარგს და ერაყში დავბრუნდები. მე ეს დღეც ხშირად წარმომიდგენია ჩემს ფიქრებში. ერაყი, სადაც მე ვბრუნდები, ძველი ერაყია, ომამდელი. თუმცა, მე ცხოვრებამ მასწავლა, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა მისცე არჩევანი. მე არასოდეს ვაიძულებ ჩემს შვილებს იცხოვრონ იქ, სადაც მე მინდა. ჩემი შვილები ზრდასრულები არიან და არჩევანს თავად გააკეთებენ დაბრუნდნენ თუ არა. 

2017 წლის მონაცემებით საქართველოში ერაყიდან და სირიიდან დევნილი  862 ადამიანი ცხოვრობს. მათ ნაწილს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი აქვს, ნაწილი კი ამ სტატუსის მოლოდინშია. მათ მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. საზოგადოების ნაწილი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანას, რომელსაც თავად ჰყავს 271 ათასი დევნილი, სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღების ფუფუნება არ აქვს. ნაწილს უბრალოდ, უცხო კულტურასთან შეხების ეშინია.

ლტოლვილის სტატუსის მიღების პროცედურები

საქართველოში დღეს თავშესაფრის მაძიებელი 89 ერაყელი და 20 სირიელია. ლტოლვილის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს 103 ერაყელსა და 5 სირიელს, ჰუმანიტარული სტატუსით კი 566 ერაყელი და 79 სირიელი სარგებლობს.

საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, ასეთ პროცედურას გადის: ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წერს განცხადებას და გადის რეგისტაციას. შემდეგი ეტაპი სპეციალური კითხვარის შევსება და გასაუბრებაა.  საბუთების განხილვა, შესაძლოა, 6-დან  21 თვემდე გაგრძელდეს.

თუ დადგინდება, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანაში რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდა, საქართველოს არ აქვს უფლება უარი უთხრას მას ლტოლვილის სტატუსზე.

ჰუმანიტარული სტატუსის მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, უშუალოდ არ იდევნებოდნენ, მაგრამ მათ ქვეყანაში ომი ან განურჩეველი ძალადობაა, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მატარებელი ადამიანები სახელმწიფოსგან საიდენტიფიკაციო მოწმობას იღებენ.

საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები სამწლიან საიდენტიფიკაციო მოწმობას იღებენ,  რომელიც ავტომატურად გრძელდება. ჰუმანიტარული სტატუსის შემთხვევაში კი, მისი გადახედვა ყოველწლიურად თავიდან ხდება.

რატომ საქართველო?

როგორც წესი, დევნილები საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ისე ირჩევენ და მათი საბოლოო მიზანი ევროპულ ქვეყნებში გადასვლაა. სწორედ ამის გამო, ლტოლვილების თავდაპირველი ნაკადი საქართველოში უფრო დიდი იყო. დღეს მათი რიცხვი შემცირდა, რადგან საქართველოდან ევროპაში გადასვლა არც ისე ადვილი პროცედურაა, როგორც დევნილებს ეგონათ. ამიტომ, ის დევნილები, რომლებიც ბოლო ორი-სამი წელია საქართველოში შემოდიან, აქ დამკვიდრებას ცდილობენ. ეს დინამიკა დაგვიდასტურეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროშიც.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დევნილები საქართველოს ირჩევენ არის ის, რომ საქართველოში სტატუსის მისაღებად მათ ბევრად უფრო მარტივი პროცედურები სჭირდებათ, ვიდრე ეს ევროპაში. “განვითარებულ ქვეყნებში ბევრად უფრო დამაჯერებელი არგუმენტები უნდა გქონდეს იმისათვის, რომ თავშესაფარი მიიღო,” - ამბობს მიგრაციის საკითხებში ექსპერტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, არჩილ აბაშიძე.

 

რა დახმარებას იღებენ საქართველოსგან?

ქვეყანაში მყოფი ყველა ლტოლვილი თუ ჰუმანიტარული სტატუსის მატარებელი, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 45 ლარს იღებს. ისინი ასევე სარგებლობენ ჯანდაცვის მინიმალური პაკეტით.

განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს სახელმწიფო გარკვეული თანხის ფარგლებში (თანხას სპეციალური კომისია განსაზღვრავს) ბინის ქირასაც უხდის. ისინი ასევე იღებენ სოციალურ შემწეობას, დამატებით ჯანდაცვის პაკეტს და ზამთარში 50 ლარიან დანამატს გათბობისთვის.

სტატუსის მიღებამდე, თავშესაფრის მაძიებლებს სახელმწიფო დროებით საცხოვრებელს სთავაზობს. ასეთია თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი მარტყოფში. ამ სასტუმროს ტიპის შენობაში მათ პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ. გარდა ამისა, სტატუსის მიღებამდე ოჯახის უფროსი სახელმწიფოსგან თვეში 80 ლარს, დანარჩენი წევრები კი 60-60 ლარს იღებენ.

ინტეგრაციის პროგრამები

დევნილებს ხელისუფლება ქართული ენის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. უკვე სტატუსის მატარებლები კი, ზოგადი განათლების პროგრამებში ისეთივე სერვისებით სარგებლობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები.

ერაყელი, სირიელი და უკრაინელი ლტოლვილებისთვის სპეციალურ პროგრამას ახორციელებს საქართველოში ლტოლვილთა ინტეგრაციის ცენტრი „ღია სახლიც.“ აქ ასწავლიან ქართული ენას და სიმღერას. ასევე სხვა აქტივობებს, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრირებაში ეხმარება.

როგორ უნდა შეინარჩუნოს ქვეყანამ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი და ამავდროულად არ გახდეს აგრესიული სახელმწიფო, რომელიც ომს გამოქცეულ ადამიანებს ზურგს აქცევს?

პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი JAMnews-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავარი ამოცანაა საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს, ამიტომ აუცილებელია მკაცრად გაკონტროლდეს ყველა პირი, რომელიც სტატუსს ითხოვს და ასევე მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა.

“თუ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება იოლად და ფორმალურად მოხდება, საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცევა, რომელსაც ბევრი ადამიანი მოაწყდება,” - აცხადებს მაჭავარიანი.

სწორედ საერთაშორისო ვალდებულებებზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი არჩილ აბაშიძე, რომელსაც ამ მიმართულებით არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული.

„ უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია ჩვენს ქვეყანას დიდ არჩევანს აღარ უტოვებს და გაერთიანებასთან თანამშრომლობა აუცილებელია. შესაძლოა, ლტოლვილების მიღების წესის გამკაცრება გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს უნდოდეს, მაგრამ ევროინტეგრაციის პერსპექტივა უფრო წონადი ფაქტორია,“- განმარტავს არჩილ აბაშიძე. 

Powered by  Jumpstart Georgia