ფსიქოფობია

მათ უმრავლესობას სოციუმში არსებობა უჭირს, საჭიროებენ ყოველდღიურ მონიტორინგს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ქმნიან ხელოვნებას, კონკრეტულად ნახატებს, რომლებიც დაგვანახვებენ მათ შიდა სამყაროს

ინტერვიუ

“ჩემი ქმარი 38 წლის იყო. ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობდით, კერძო სახლში, ჩვენ 4 შვილთან ერთად. ჩემს მეუღლეს სამეზობლოში ყველა იცნობდა, როგორც საუკეთესო მამას, მუსიკოსს და ბიზნესმენს. არასდროს ყოფილა დეპრესიაში, პირიქით, მუდმივი მისწრაფება ჰქონდა თავგადასავლებისა და მხიარული ექსკურსიებისკენ.

2010 წლის მაისში შეეცვალა ქცევა, გახდა მოუსვენარი და ემოციური. დაეკარგა მადა და ნელ-ნელა უცნაური ჩვევები გამოუჩნდა: ნივთებს იღებდა და სხვა ოთახში გაჰქონდა. რომ ვეკითხებოდი - ამას რატომ აკეთებ - პასუხს ხან თავს არიდებდა, ხან კი მეუბნებოდა - არ ვიციო.

სრული გამოკვლევა ჩაუტარდა, სხვადასხვა ექიმთან იყო, დაუნიშნეს დამამშვიდებელი და საძილე საშუალებები. ასე გაბრუებით და გაყუჩებით ვებრძოდით მის “უცნაურ ქცევას”. ერთ-ერთმა ექიმმა მირჩია ფსიქიატრთან მიმეყვანა, რაც მაშინ მეც და ჩემმა ქმარმაც დიდ შეურაცხყოფად მივიღეთ და უხეშად მოვუხურეთ გამოსვლის წინ კარები. “გიჟი ხომ არ ვარ, ფსიქიატრთან რა მინდა!” - ასე ამბობდა ხოლმე და მეც, სრული სერიოზულობით ვეთანხმებოდი. არავის არაფერს უშავებდა, “გიჟივით” არ იქცეოდა და მხოლოდ იმიტომ რომ ნივთებს ხან სად დატოვებდა ხან სად, ფსიქიატრთან რატომ უნდა მისულიყო? ფსიქიატრთან ხომ მხოლოდ გიჟები დადიან… შემდეგი 4 წელიწადი ჩვენი ოჯახისთვის ჯოჯოხეთად იქცა. მანიური ეპიზოდები დაეწყო, ხშირად სახლიდან გადიოდა და დღეების განმავლობაში ქრებოდა, ერთხელ, საავადმყოფოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი სწრაფად მომავალ მანქანას გადაუდგა წინ. არ ვიცი, იყოს ეს თვითმკვლელობის მცდელობა თუ მორიგი გაუცნობიერებელი მანიური ეპიზოდი.

38 წლის იყო, თავის დაბადების დღემდე მხოლოდ 24 საათით ადრე გარდაიცვალა.

მანიური ეპიზოდები ბიპოლარული აშლილობის ნიშნები ყოფილა… თავის დროზე რომ ემკურნალა, ალბათ ახლა ჩემ შვილებს მამა ეყოლებოდათ. “

“ჩემი შვილი არის პირველ კლასში და მასთან ერთად სწავლობს რთული ფორმის აუტისტი (დებილი) ბავშვი. ყველას ურტყამს, კივის შუა გაკვეთილზე, ტირის და ასე შემდეგ. არ შეიძლება წაიყვანონ რამე სპეციალურ სკოლაში ასეთი ბავშვებისთვის და იქ იყოს. ხო უნდა ესმოდეს დედამისს რომ არ არის ბავშვი ნორმალური და სხვა ბავშვებს რატომ აიძულებენ რომ უყურონ როგორ უაზროდ ღმუის გაკვეთილზე ეს ბავშვი. აი ძალიან გაბრაზებული ვარ!” - აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვის კლასელის დედა.

“ჩემ სკოლაში ერთი ბავშვი სწავლობდა, მასწავლებელმა გვითხრა “აუტისტიაო”, მე არ ვიცოდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა და მომერიდა მეკითხა, რატომღაც არ მინდოდა კლასის თანდასწრებით გამომეხატა ინტერესი ამ ახალი მოსწავლის მიმართ, რომელიც მერვე კლასში, პარალელურში გადმოვიდა სხვა სკოლიდან.

სახლში რომ მოვედი, დედაჩემს ვკითხე, აუტისტი რა არის მეთქი. დედამ ამიხსნა, რომ ალბათ უცნაურად მოიქცეოდა და სხვებისგან განსხვავებული იქნებოდა ჩვენი ახალი პარალელური კლასელი. ყველაზე მეტად ის მახსოვს, რომ ძალიან მკაცრად გამაფრთხილა, არ გაბედო და არ დასცინო, ან აუტისტი არ დაუძახოო, ბოროტი ნუ იქნებიო.

მხოლოდ ერთი წელი სწავლობდა ჩვენთან ეს ბავშვი, ძალიან ჩაგრავდნენ სკოლაში, დასცინოდნენ, ხელებით უხსნიდნენ რაღაცებს, თითქოს ყრუ ყოფილიყო. მასწავლებლებზეც ჭორი დადიოდა, სპეციალურად ნელა ელაპარაკებოდნენო, სიტყვებს უმარცვლიდნენ და ერთ-ერთს უთქვამს “რას მოყავდათ საჯარო სკოლაში ეს საცოდავიო”, როდესაც წებო წაუსვეს ამ ბავშვის სკამს.

ახლა 20 წლის ვარ, ხანდახან იმ ბიჭზე ისევ მეფიქრება ხოლმე, რა საშინელი პერიოდი გამოიარა სკოლაში, ალბათ, წინა სკოლიდანაც იმ მიზეზით გადმოვიდა, რა მიზეზითაც მეცხრე კლასში უკვე ახალ სასწავლებელში გადაიყვანეს.

ხანდახან იცი რაზე ვბრაზდები? დედაჩემმა რომ მითხრა, არ დასცინოო, დაიცავიო რატომ არ მითხრა. მე ჩემ შვილს უეჭველად ვასწავლი რომ დაჩაგვრა ცუდია, მარა როდესაც ვიღაცას ჩაგრავენ და შენ ამას ჩუმად უყურებ და ხმას არ იღებ, დაჩაგვრაზე უარესია, მე ასე მგონია.” - აუტიზმის მქონე ბავშვის პარალელური კლასელი.

უკვე ორი წელი გავიდა, რაც ბიპოლარული აშლილობა და ზოგადი შფოთვითი აშლილობა დამიდგინეს. საკმაოდ მარტივია ჩემთვის ჩემს დიაგნოზზე საუბარი, მაგრამ თითქმის არასდროს ვლაპარაკობ მასზე, რადგან ეს ძალიან დიდ სტიგმასთან არის დაკავშირებული. წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიკამენტებს ვიღებდი, როგორც თითქმის ყველა სხვა პაციენტს, მეც ექიმებმა ბიპოლარული აშლილობის ნაცვლად დეპრესია დამიდგინეს. ამის მიზეზი ის არის, რომ ექიმთან მხოლოდ მაშინ მივდიოდი, როდესაც მძიმე დეპრესიული ეპიზოდი მქონდა, ხოლო როდესაც მანიაკალურად პროდუქტიული ვიყავი, გადაბმულად 36 საათი ვმუშაობდი და სახლში საკუთარი ხელით რემონტს ვაკეთებდი, ამას დაავადების ნაწილად არ მივიჩნევდი.
ანტიდეპრესანტებმა, რა თქმა უნდა, ვერ მიშველეს. შფოთვის საწინააღმდეგო წამლებმა კი ზომბად მაქციეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანისთვის, ანტიდეპრესანტი უარეს შედეგს აჩვენებს. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა ამის მოსმენა. კარგი შეგრძნებაა როცა შენი უაზრო ხასიათი და უმიზეზო შფოთვა ახსნას ექვემდებარება. სამწუხაროდ, ეს ამბავი მხოლოდ ჩემთვის იყო სასიხარულო, ჩემს ოჯახს და მეგობრებს ამის მოსმენა არ ესიამოვნათ, არ ვიცი რატომ მაგრამ ერჩივნათ დეპრესია მქონოდა, ალბათ ხალხისთვის ეს უფრო გასაგები და ადვილად ასახსნელი იყო. თქვენ მთხოვეთ მეთქვა ხალხის და ოჯახის რეაქცია ჩემს დაავადებაზე, ჩემი მეგობრების უმეტესმა ნაწილმა თანაგრძნობა და გვერდში დგომა გამოხატა, ზოგმა კი ძალიან მატკინა გული, მათი უვიცი და უბრალოდ უზრდელური პასუხებით. მაგალითად: საერთოდ არ გეტყობა რომ ბიპოლარული აშლილობა გაქვს, არ გავხარ გიჟს.
ხალხს უბრალოდ არ ესმის, რამდენად მეშინია ამ სიტყვის. დიახ, გიჟი არ ვარ, მაგრამ არც ჯანმრთელი ფსიქიკის პატრონი ვარ. ხანდახან ამ კომენტარებზე ბევრს ვფიქრობ, ძალიან ბევრი ასეთი ფრაზა გამხდარა ჩემი მანიაკალური დეპრესიული შეტევის მიზეზი. ან რატომ გონია ხალხს, რომ დაავადება ვიზუალურად უნდა ემჩნეოდეს ადამიანს? ეს ხომ ფიზიკური ავადმყოფობა არ არის. მე ხალხში არ ვაცხადებ ხმამაღლა იმას, რომ ხანდახან 48 საათზე მეტი ხანი ვერ ვდგები საწოლიდან. ვერც იმას ხვდება ხალხი, რომ ვარჯიშზე, ცურვაზე, ხატვაზე, სამსახურში და ენის გაკვეთილებზე ერთდროულად სიარული რომ დავიწყე, ჩემი ყოჩაღობა კი არა, ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ეპიზოდი იყო. ზუსტად 15 დღეში, სამსახურიდანაც წამოვედი და ყველაფერზე სიარული შევწყვიტე. შემდეგი ორი კვირა სახლიდან საერთოდ არ გავსულვარ. ეს არის ჩემი ყოველდღიურობა და ჩემი დიაგნოზის შედეგი. ჩემი დის მეგობარმა მითხრა, არავის უთხრა შენი დიაგნოზის შესახებ, გაგკიცხავენ და სხვანაირად მოგექცევიანო.
თავიდან გავბრაზდი, შემდეგ მივხვდი რომ ამას იმიტომ მეუბნებოდა რომ თავის თავზე ჰქონდა გამოცდილი ხალხის და მეგობრების მტკივნეული და შეურაცხმყოფელი რეაქციები.
საკმაოდ კარგად ვისწავლე საკუთარი დიაგნოზის შეფუთვა. სულ ღიმილიანი დავდივარ, მაშინაც კი, როდესაც სასოწარკვეთილი და შეშინებული ვარ.
ასე ჯობია, ასე უფრო უსაფრთხო და მარტივია ჩემთვის ცხოვრება, ვიდრე სათითაოდ აუხსნა ადამიანებს რომ გიჟი არ ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ ფსიქიატრთან დავდივარ.
რა მინდა ხალხმა რომ იცოდეს? ჩემზე?
ბიპოლარული აშლილობა ჩემი ნაწილია. მაგრამ ასევე ძალიან კარგი შეყვარებული, მეგობარი და შვილი ვარ. მაქვს თანაგრძნობის განცდა, კრეატიულიც ვარ  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ძლიერ ადამიანად ჩამოვყალიბდი.

 

 

Powered by  Jumpstart Georgia